Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში შესაძლოა ხელახალი არჩევნები გახდეს საჭირო


არჩევნების შემდგომი ზეიმი თურქეთში
არჩევნების შემდგომი ზეიმი თურქეთში

თურქეთში შესაძლოა კვირების განმავლობაში გაგრძელდეს პოლიტიკური ბუნდოვანება, მას შემდეგ, რაც მმართველმა, სამართლისა და განვითარების პარტიამ კვირას ჩატარებულ არჩევნებზე უმრავლესობა დაკარგა, პირველად 13 წლის განმავლობაში. ეს დიდი დარტყმაა პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანზე, რომელსაც საკუთარი უფლებამოსილებების გაზრდა სურს.

კონსტიტუციის შესაცვლელად და ახალი, საპრეზიდენტო რესპუბლიკის შესაქმნელად აუცილებელი, ორი მესამედისგან შემდგარი უმრავლესობის მოპოვების ნაცვლად, „სამართლისა და განვითარების“ პარტიამ – რომელიც, მართალია, კვლავაც უმსხვილეს პარტიად რჩება – უბრალო უმრავლესობის მოპოვებაც კი ვერ შესძლო. სააგენტო „როიტერსის“ ანალიტიკოსის შეფასებით, არჩევნების შედეგი მოასწავებს კვირების განმავლობაში გაგრძელებულ გაურკვევლობას, რა პერიოდშიც პარტიები კოალიციის შექმნას შეეცდებიან. ამასთან, ბევრი ანალიტიკოსის აზრით, თურქეთში შესაძლოა, ვადამდელი არჩევნების ჩატარება გახდეს აუცილებელი.

ამასთან, სააგენტო „როიტერსის“ ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ არჩევნების შედეგმა შესაძლოა თვითრეფლექსიისკენ უბიძგოს ერდოანის პარტიას – რომელიც ათწლეულზე მეტია თურქეთის მთავარ პოლიტიკურ მიმდინარეობას წარმოადგენს და რომელშიც, ბოლო წლებში, ერდოანის მხარდაჭერით, გაძლიერდნენ რელიგიური კონსერვატორები, მემარჯვენე-ცენტრისტული და ლიბერალური ძალების ხარჯზე.

ერდოანი, რომელიც ხშირად ირჩევს ხოლმე კონფრონტაციულ ტონს და წარსულში ოპონენტებს თურქეთის ღალატშიც სდებდა ბრალს – არჩევნების შემდეგ გაკეთებულ პირველ განცხადებაში უფრო შემრიგებლური ინტონაციით გამოვიდა. „ჩვენი ხალხის აზრი ყველაფერზე მაღლა დგასო“ – განაცხადა მან და დასძინა, მჯერა, შედეგებს, რომელიც არც ერთ პარტიას არ აძლევს მთავრობის მხოლოდ საკუთარი ძალებით დაკომპლექტების შესაძლებლობას, ყველა პარტია ჯანსაღად და რეალისტურად შეაფასებსო.

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, აჰმეტ დავუთოღლუმ კი შემდეგი განცხადება გააკეთა ანკარაში: „ჩვენმა თანამოქალაქეებმა დღეს ვალი მოიხადეს და თავიანთი ნება გამოხატეს. ყველა მათგანის მადლობელი ვართ. მათი ნება ყველაფერზე მაღლა დგას. მაგრამ, ისიც უნდა ითქვას, რომ ყველა ზომას მივიღებთ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისთვის, იმისთვის, რომ აღვკვეთოთ ნებისმიერი საფრთხე ქვეყნის მშვიდობისთვის. ჩვენს ერში მშვიდობა უნდა შენარჩუნდეს. ჩვენმა ერმა ყოველთვის ნდობით უნდა გაიხედოს წინ, რადგან ჩვენი ერის ხერხემალს სამართლისა და განვითარების პარტია წარმოადგენს – რომელიც მას ხელმძღვანელობს და კვლავინდებურად მობილიზებულია“.

არჩევნების შედეგით შექმნილმა ბუნდოვანებამ ბიძგი მისცა თურქული ლირას და აქტივების მნიშვნელოვან გაუფასურებას. ბევრ მოქალაქეს აღეძრა მოგონებები მოკლევადიანი, დანაწევრებული კოალიციური მთავრობების შესახებ, რომლებმაც 1990-იან წლებში დიდი დარტყმა მიაყენეს ეკონომიკას და მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში რამდენიმე სამხედრო გადატრიალებას შეუქმნეს საფუძველი.

არჩევნების ბუნდოვანმა შედეგმა შესაძლოა დასავლეთის ქვეყნების დედაქალაქებშიც აღძრას შეშფოთება. ეს ქვეყნები ნატოს წევრ თურქეთს განიხილავენ პოლიტიკური სტაბილურობის მნიშვნელოვან კუნძულად, რომელიც მღელვარე ახლო აღმოსავლეთთან მდებარეობს.

ერდოანი, რომელიც თანამედროვე თურქეთის ყველაზე პოპულარული ლიდერია, თუმცა არ არის მიჩვეული კომპრომისებს და მოლაპარაკებას, იმედოვნებდა, რომ მისი პარტია დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებდა – რაც მას კონსტიტუციის შეცვლის და პრეზიდენტის უფლებამოსილებების გაძლიერების საშუალებას მისცემდა. ოპონენტები შიშობდნენ, რომ ერდოანის ხედვა მოკლებული იყო ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთდაბალანსების და კონტროლის მექანიზმებს, სასამართლო სისტემა კი დასუსტებული იყო იმ წევრების ჩამოშორებით, რომლებსაც ერდოანი მის დასამხობად შეთქმულებაში მონაწილეობაში სდებდა ბრალს.

არჩევნების შედეგისთვის გადამწყვეტ ფაქტორად მიიჩნევენ პროქურთული ოპოზიციური პარტიის მიერ მოპოვებულ წარმატებას. ეს პარტია ფართო მემარცხენე პროგრამის გარშემო აწარმოებდა წინასაარჩევნო კამპანიას.

თურქეთის ვიცე-პრემიერმა, ნუმან კურტულმუშმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამართლისა და განვითარების პარტია პირველ ეტაპზე კოალიციური მთავრობის ფორმირებას შეეცდება და ამ პროცესს ოპტიმისტურად უყურებსო. თუმცა, მან იქვე დასძინა, რომ თუ ეს მცდელობა მარცხით დამთავრდება, შესაძლოა ვადამდელი არჩევნები გახდეს საჭირო.

ამ პარტიის ყველაზე ლოგიკურ პარტნიორად მემარჯვენე გაერთიანებას, ნაციონალისტური მოძრაობის პარტიას მიიჩნევენ – თუმცა ამ პარტიის ლიდერმა კვირას გამორიცხა ამგვარი შეთანხმების გაფორმება და განაცხადა, თურქეთმა ახალი არჩევნები უნდა ჩაატაროს, თუ მმართველი პარტია ვერ შეძლებს კოალიციის შექმნას სხვა ოპოზიციურ ჯგუფებთანო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG