Accessibility links

logo-print
1 თებერვლიდან ძალაში შევიდა ცვლილებები თურქეთში ყოფნისა და მოგზაურობის წესებში, რომელთა მიხედვითაც უცხო ქვეყნის მოქალაქე თურქეთში უვიზოდ სამ თვეზე მეტხანს ვერ დარჩება: 90 დღის გასვლის შემდეგ პირი ვალდებულია დატოვოს თურქეთი და უკან მხოლოდ 90 დღის შემდეგ დაბრუნდეს. ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სიახლე მნიშვნელოვნად დააზარალებს საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებმაც, ფაქტობრივად, უვიზო მიმოსვლის წყალობით, თურქეთში დასაქმება შეძლეს.
ვფიქრობ, კიდევ უფრო გაიზრდება რაოდენობა იმ მოქალაქეებისა, რომლებიც სამუშაო ვიზას ითხოვენ...

პირველ თებერვლამდე საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში, ფაქტობრივად, განუსაზღვრელი ვადით შეეძლოთ დარჩენა: სამი თვის გასვლის შემდეგ ისინი ფორმალურად კვეთდნენ საქართველო-თურქეთის საზღვარს და მეორე დღესვე უკან, თურქეთში, ბრუნდებოდნენ. 2012 წლის პირველი თებერვლიდან კი პირი, რომელიც სამი თვის გასვლის შემდეგ თურქეთის ტერიტორიას სულ ცოტა სამი თვით არ დატოვებს, დეპორტაციას დაექვემდებარება. ბათუმში თურქეთის კონსულის ენგინ არიქანის თქმით, სამ თვეზე მეტი ხნით თურქეთში გაჩერების უფლება ექნებათ მხოლოდ მათ, ვინც სამუშაო ვიზას ან ბინადრობის უფლებას მიიღებს:

„ვფიქრობ, კიდევ უფრო გაიზრდება რაოდენობა იმ მოქალაქეებისა, რომლებიც სამუშაო ვიზას ითხოვენ. ბოლო დრომდე ასეთი მოთხოვნა საერთოდ არ ყოფილა. ადამიანები ტურისტული ვიზით ჩადიოდნენ თურქეთში, მაგრამ შემდეგ მუშაობას იწყებდნენ. ამის გამო პრობლემები ექმნებოდათ და მათი დეპორტაციაც ხდებოდა. ვისაც თურქეთში მუშაობა უნდა, ოფიციალური რეგისტრაცია უნდა გაიაროს.“

უცხო ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებს რეგისტრაციის გავლას ურჩევს თურქეთის შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი ფარუქ ჩელიქიც, რომლის განცხადებასაც სააგენტო „კავკას-პრესი“ ავრცელებს. მინისტრის თქმით, მას, ვისაც ექვსთვიანი ან უფრო ხანგრძლივი ვიზა აქვს, შრომითი შეთავაზება შეუძლია მიიღოს პირდაპირ შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროში (www.csgb.gov.tr). ამასთან, განსაკუთრებული შეღავათით ისარგებლებენ ძიძები და მომვლელები:

„ჩვენ არ გვყავს საკმარისი კადრები, რომლებიც მომვლელებად, ძიძებად და აღმზრდელებად დასაქმდებიან. ამ სამუშაოს ძირითადად უცხოელები ასრულებენ. უმჯობესი იქნება, თუკი ისინი არ დაელოდებიან 90-დღიანი ვადის გასვლას და დასაქმებასთან დაკავშირებულ სპეციალურ ანკეტებსა და დოკუმენტებს თებერვალშივე შეავსებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრ მათგანს თურქეთის დატოვება მოუწევს.“

თურქეთის მთავრობის ამ ინიციატივამ ცხოვრება გაურთულა თურქეთში არალეგალურად დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც თურქეთის შრომის ბაზარს განსაკუთრებულად მაღალი სიხშირით ბოლო წლებში - სავიზო რეჟიმის გამარტივების შემდეგ - მიაშურეს. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, „ანტიტრეფიკინგის“ პროგრამის ხელმძღვანელის მარკ ჰულსტის თქმით, თურქეთში ჩასული საქართველოს მოქალაქეები, როგორც წესი, იაფი მუშახელის მრავალათასიან არმიას ავსებენ.
მარკ ჰულსტი

მარკ ჰულსტი


„ქალები ძირითადად დაკავებული არიან ოჯახებში მომვლელებად, მამაკაცები მუშაობენ სოფლის მეურნეობის სფეროში (ზეთისხილის, ჩაის კრეფა) ან ქალები და მამაკაცები დაკავებულები არიან პატარა ფაბრიკებში ქალაქებსა და სოფლებშიც კი, ანუ ყველგან, სადაც არსებობს მოთხოვნა იაფ მუშახელსა და მიგრანტებზე ზოგადად“, - უთხრა მარკ ჰულსტმა რადიო თავისუფლებას.

მისივე თქმით, თურქეთში, სადაც იაფ მუშახელზე მაღალი მოთხოვნილებაა, შრომითი მიგრანტები ხშირ შემთხვევაში ტრეფიკინგის მსხვერპლის როლში გვევლინებიან. ოფიციალური ცნობით, 2011 წელს საქართველოს სამი მოქალაქე იქნა იდენტიფიცირებული როგორც ტრეფიკინგის მსხვერპლი, თუმცა სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მსხვერპლთა რაოდენობა, სინამდვილეში, გაცილებით მაღალია. თურქეთის მთავრობაში იმედოვნებენ, რომ სიახლე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეკონომიკის ექსპერტი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ამგვარი მოლოდინი უსაფუძვლოა, ხოლო მატერიალური სახის ზარალი, რომელსაც საქართველოს ბევრი მოქალაქე ნახავს, - არსებითი:

„ნეგატიური შედეგი ექნება, რადგანაც საქართველოში ბევრი მოქალაქეა ისეთი, რომელიც გადადიოდა თურქეთში, რჩებოდა იქ, იღებდა შემოსავალს და ახმარდა მას ოჯახის წევრებს. ცვლილების შემდეგ მათ ეს თავისუფლება აშკარად შეეზღუდებათ, ამიტომ ეკონომიკური თვალსაზრისით ამას ნეგატიური ეფექტი ექნება. რაც შეეხება ტრეფიკინგს, არანაირი ეფექტი არ ექნება, რადგანაც პრობლემა ისაა, რომ მსხვერპლი მოტყუებით ან სხვა გზით გადაჰყავთ საზღვარზე, სადაც პასპორტს ართმევენ და შემდეგ არალეგალურად ამყოფებენ.“

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG