Accessibility links

logo-print

„თურქმენჩაის“ პირობებს ვერ შეცვლით!


აზერბაიჯანის და ირანის დროშები

აზერბაიჯანის და ირანის დროშები

1828 წელს რუსეთსა და ირანს შორის დადებულ ხელშეკრულებაზე ალაპარაკდა მედია მას მერე, რაც ერთი ირანელი კანონმდებლის აზრს, თურქმენჩაის ხელშეკრულებას გადახედონ, სიხარულით გამოეხმაურა აზერბაიჯანელი დეპუტატი, რომელიც ამბობს: ირანმა თავისი ტერიტორიის ჩრდილო-დასავლეთი უნდა დათმოს, თუ მართლა გადავხედავთ ამ ხელშეკრულებასო.

ირანმა და რუსეთმა კავკასიისა და მისი სამხრეთი ტერიტორიების თაობაზე ორი ხელშეკრულება დადეს. პირველი - გულისტანის - შეთანხმება, რომლის თანახმადაც ირანმა დათმო დღევანდელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე რეგიონები, არ არის საუბრის საგანი. ირან-რუსეთის მეორე ომის ბოლოს, 1828 წელს, როცა ირანი დამარცხდა რუსეთის არმიასთან ბრძოლაში, გაფორმდა მეორე - თურქმენჩაის - ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, რუსეთის შემადგენლობაში შევიდა ერევნისა და ნახჭევანის სახანოები, დღევანდელი სომხეთი. ზავს ირანის მხრიდან ხელი მოაწერა ყაჯართა დინასტიის წარმომადგენელმა, უფლისწულმა აბას მირზამ, რომელსაც გარს ერტყა არაერთი ქართველი თავადი, რუსეთის შემადგენლობაში თავიანთი სამშობლოს მოხვედრას რომ ვერ ეგუებოდნენ. ახლა აზერბაიჯანელი პარლამენტარი, მმართველი პოლიტიკური პარტიის წევრი საიავუშ ნოვრუზოვი მიესალმა ირანელი კოლეგის მოწოდებას, გადაისინჯოს მე-19 საუკუნის ხელშეკრულება, რომელმაც განსაზღვრა ორ ქვეყანას შორის ამჟამინდელი საზღვრები. ირანის სახელმწიფო მედია თვლის, რომ 185 წლის წინანდელი თურქმენჩაის ხელშეკრულების გადასინჯვა მოიტანდა თეირანის მიერ სამხრეთ აზერბაიჯანის ანექსიას. სხვა კუთხით, სხვა პოზიციიდან ხედავს ამ გადასინჯვის შედეგს ბაქოელი კანონმდებელი ნოვრუზოვი, რომელიც ამბობს, ეს ირანისთვის ნიშნავს თავისი ჩრდილო-დასავლეთი ტერიტორიის აზერბაიჯანისთვის დათმობასო. როგორც უნდა იყოს, სადემარკაციო ხაზი ამ ქვეყნებს შორის თურქმენჩაიში განისაზღვრა და 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და ირანს შორის საზღვრად დამტკიცდა. ირანს რაც შეეხება, იქ, ჩრდილო-დასავლეთის რეგიონში, იქაურმა კანონმდებლებმა გამოაცხადეს, თურქმენჩაის უნდა გადავხედოთო: 9 აპრილს ირანის ფარსის სააგენტომ მოიყვანა ქამალოდინ ფირ-მოაზენის, არდაბილის პროვინციის პარლამენტის წევრის, სიტყვები, რომ ის და მისი კოლეგები აპირებენ კანონპროექტის შექმნას ამ საკითხზე. 10 რიცხვში უკვე სხვა კანონმდებელმა, ნადერ ყაზიპურიმ, ურმიიდან, ირანის დასავლეთი - აზერბაიჯანის - პროვინციიდან, განაცხადა, გადავხედავთ შეთანხმებას, თუ ბაქო არ შეწყვეტს უგუნურ ქმედებებსო. ირანელი ჟურნალისტი, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების რეგიონალური დირექტორი აბას ჯავადი, რომელსაც ეს ყველაფერი ორივე მხრიდან პოლიტიკურ მანევრებად მიაჩნია, ბაქოში გამართულ ერთ თავყრილობას ახსენებს:

მე ირანელი ვარ და, ამავე დროს, ვარ ირანელი აზერბაიჯანელი. ვიცით, რომ მე-19 საუკუნის დასაწყისში დიდი ომები გვქონდა რუსეთთან. ეს ჩვენ ვიყავით, ჩვენ, ირანელები, - არა ეთნიკური ჯგუფი, აზერბაიჯანელები, არამედ ირანი რუსეთის წინააღმდეგ...
„ გასულ კვირაში ბაქოში გაიმართა საერთაშორისო კონფერენციად წოდებული თავყრილობა ირანელ- აზერბაიჯანელი სეპარატისტებისა. ჩანს, ამან გამოიწვია ირანელების რეაქცია ამ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეგრეთ წოდებული ნაციონალური ინტერესების წინააღმდეგ“.

აბას ჯავადი კომენტარს აკეთებს ბაქოელი დეპუტატის ნათქვამზე, ზავზე ხელის მომწერი აბას მირზა ყაჯარი, თურქულენოვანი ოჯახიდან იყო და აზერბაიჯანული ფესვები ჰქონდა, ამიტომ თურქმენჩაი აზერაბაიჯანლების ხელშეკრულებაა, არა სპარსელებისო. ამასთან დაკავშირებით ჯავადი ამბობს, ისტორიული ფაქტები, უბრალოდ, არასწორად ესმის ორივე მხარესო:

„მე ირანელი ვარ და, ამავე დროს, ვარ ირანელი აზერბაიჯანელი. ვიცით, რომ მე-19 საუკუნის დასაწყისში დიდი ომები გვქონდა რუსეთთან. ეს ჩვენ ვიყავით, ჩვენ, ირანელები, - არა ეთნიკური ჯგუფი, აზერბაიჯანელები, არამედ ირანი რუსეთის წინააღმდეგ. დასუსტებული ირანი ებრძოდა გაძლიერებულ რუსეთს. ეს იყო ომი ორ სახელმწიფოს შორის და ის ირანმა წააგო. დაიდო ხელშეკრულებები - ჯერ გულისტანის, შემდგომ თურქმენჩაისა, რომლის თანახმადაც, ირანმა დათმო ტერიტორიები. ბაქოში, ჩემი აზრით, ამის თაობაზე სრულიად უცნაური წარმოდგენა აქვთ: რომ არსებობდა დამოუკიდებელი აზერბაიჯანი და ირანმა და რუსებმა ეს სრულიად სუვერენული აზერბაიჯანი ომის შედეგად ერთმანეთში გაიყვეს. ეს სისულელეა. ეს ყველა ისტორიულ ფაქტს ეწინააღმდეგება“.

აბას ჯავადი ამბობს, რომ ირანელი - არა სპარსულენოვანი, არამედ აზერბაიჯანულად მოლაპარაკე - მოქალაქეები სხვაგვარად უყურებენ ამ ფაქტებს - არა ისე, როგორც ბაქოში. ირანში ასე ხდება ხოლმე - წინასაარჩევნო პერიოდებში პატრიოტული, ტერიტორიების მიმართ პრეტენზიების შემცველი ლოზუნგები გაისმის. პრეზიდენტობის კანდიდატობა სურს აიათოლა მოჰამად ბეღარ ხარაზის, რომელმაც თებერვალში თქვა, ტაჯიკეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი ირანს უნდა დაუბრუნდესო. ტაჯიკეთს რეაქცია ჰქონდა: საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, ხარაზის არ ესმის რეალობა, რა ხდება მსოფლიოსა და რეგიონში და არც საერთაშორისო სამართალში ერკვევაო.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG