Accessibility links

logo-print

ტუსკი: საქართველოს აქვს უფლება ჰქონდეს „ევროპული ოცნება“


დონალდ ტუსკი

დონალდ ტუსკი

ავტორი: ანა ლომთაძე

21-22 მაისისთვის ლატვიის დედაქალაქ რიგაში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე განიხილება ევროკავშირის პარტნიორი წევრი ქვეყნების - სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსიის, საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინის - მიერ მიღწეული პროგრესი და დაისახება სამომავლო გეგმები თითოეულ ქვეყანასთან მიმართებაში. ამ სამიტზე საქართველო ყველაზე მეტად ელოდება წინსვლას ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საქმეში, რაც მის მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, ადვილად იმოგზაურონ შენგენის ზონის ქვეყნებში. ამ უპირატესობით აღმოსავლეთის პარტნიორი ქვეყნებიდან ჯერჯერობით მხოლოდ მოლდავეთი სარგებლობს.

საქართველო და უკრაინა, რომელთაც აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებიდან ყველაზე მკაფიოდ აქვთ გაცხადებული თავიანთი სურვილი, შეუერთდნენ ევროკავშირს, მას ბრალს სდებენ პასიურობასა და დისტანციის დაჭერაში.

რადიო თავისუფლების კითხვაზე, მოიპოვებენ თუ არა საქართველო და უკრაინა ევროპასთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას, ევროპის კავშირის საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი ასე პასუხობს:

„ყველაფერი დამოკიდებულია მათ მცდელობაზე და მიზანსწრაფულობაზე. ცხადია, ეს შესაძლებელია - მაგრამ არ არის ოფიციალური დაპირება. ჩვენ პროცესის შუა ფაზაში ვართ. მაგრამ პროგრესი, რომელსაც ორივე ქვეყანა,, საქართველომაც და უკრაინამაც მიაღწია, იმედისმომცემია. დღეს შემიძლია ის გითხრათ, რომ შემდეგ შემოწმებას ალბათ ნოემბერში ჩავატარებთ და თუ პროგრესი დღევანდელივით იმედის მომცემი იქნება, ვფიქრობ, [სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია] 2016 წელს საკმაოდ რეალისტური იქნება“.

2015 წლის აპრილში რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა მოიპოვა რიგის სამიტისთვის განკუთვნილი ევროკავშირის განცხადების პროექტი, რომელიც, მისი თქმით, არ ითვალისწინებს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინის მნიშვნელოვან წინსვლას. ტექსტში არ არის ნახსენები კონკრეტული ზომები ინტეგრაციის გზაზე, თუმცა დადასტურებულია „თითოეული პარტნიორის სუვერენული უფლება“, აირჩიოს, რა ამბიცია და მიზნები აქვს ევროკავშირთან ურთიერთობაში. როგორც ამას რადიო თავისუფლების ბრიუსელელი კორესპონდენტი ადასტურებს, ევროკავშირის მიერ შემუშავებული ტექსტი გაცილებით უფრო სუსტია, ვიდრე ვილნიუსის დეკლარაცია, რომელიც ლიტვის 2013 წლის სამიტზე მიიღეს.

დონალდ ტუსკი, რომელიც პოლონეთის პრემიერ-მინისტრობისას აქტიურად უჭერდა მხარს აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამას, ამბობს, რომ ევროპის კავშირის საბჭოს პრეზიდენტის როლში მისი ვალია, იზრუნოს იმაზე, რომ მოკავშირე ქვეყნებს უფრო რეალისტური მოლოდინი ჰქონდეთ:

„პირველ რიგში, აღმოსავლეთის პარტნიორობა არ ყოფილა ოფიციალური დაპირება ევროკავშირში სამომავლო გაწევრიანების შესახებ, რადგან ეს იდეა, ოცნება ევროკავშირის წევრობაზე, საკმაოდ ახალია. მაგრამ, რასაკვირველია, მათ - ვგულისხმობ, საქართველოს, მოლდავეთს და უკრაინას - აქვთ უფლება ჰქონდეთ ოცნება, ევროპული ოცნება. და ვფიქრობ, ჩვენი ვალია - და ასევე ვგრძნობ, რომ ეს ჩემი პირადი პასუხისმგებლობაცაა - ტყუილი დაპირებები კი არ გამოვთქვათ, თითქოს გაწევრიანება შესაძლებელია ხვალ ან ზეგ, არამედ ყველას ავუხსნათ, რომ ევროპისკენ მიმავალი გზა, შეიძლება არ გულისხმობდეს გაწევრიანებას თვალსაწიერ მომავალში, მაგრამ ნიშნავს დაახლოებას ევროპულ სტანდარტებთან, ჩვენს კულტურულსა და პოლიტიკურ ფასეულობებთან. ეს ყველაფერი უახლოეს წლებში შეიძლება არაფორმალურ დონეზე დარჩეს, მაგრამ განხორციელდება მომავლის იმედითა და ჩვენი დახმარებით“.

ექსპერტები ამბობენ, რომ უკრაინის კრიზისის შემდეგ ევროკავშირი რუსეთთან სიფრთხილეს იჩენს. რიგის სამიტი კრემლმა უკვე შეაფასა, როგორც „აშკარად ანტირუსული შეფერილობის მქონე“.

აღმოსავლეთსა და დასავლეთ ევროპაში მომრავლებული რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის მიმართ დონალდ ტუსკს ოპტიმისტური დამოკიდებულება აქვს. მას სჯერა, რომ პროპაგანდას შეიძლება წარმატებულად ებრძოლო მაღალპროფესიული მედიასაშუალებებითა და გაღრმავებული თანამშრომლობით მთავრობებსა და სამოქალაქო სექტორს შორის.

როგორც ჩანს, ნაკლებად შესაძლებელია, რიგის სამიტზე კონკრეტული ახალი პოლიტიკა შემუშავდეს. ყველაზე დიდი ცვლილება შეეხება ბელორუსიას, რომლის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო 2010 წლიდან ევროკავშირის შავ სიაშია თავისი დიქტატორული რეჟიმისა და ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო. თუმცა მას მერე, რაც მინსკმა ერთგვარი შუამავლის როლი შეასრულა კიევსა და მოსკოვს შორის, ყინული გალღვა - რიგის სამიტს პირველად დაესწრება ბელორუსიის მაღალი თანამდებობის პირი, პრემიერ-მინისტრი ანდრეი კობიაკოვი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG