Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დებატები "თრიალეთზე"


დებატები "თრიალეთზე"
დებატები "თრიალეთზე"
ტელეკომპანია „თრიალეთმა“ წინასაარჩევნო დებატები დაიწყო. პირველ გადაცემაში მონაწილეობა კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მალხაზ ვახტანგაშვილმა და „ახალი მემერჯვენეების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა იოსებ ბორცვაძემ მიიღეს. სტუდიაში მათი მხარდამჭერებიც იყვნენ შეკრებილები. წინასწარ დაგეგმილი ფორმატის მიხედვით, კანდიდატებმა საარჩევნო პროგრამის ძირითადი პრიორიტეტები წარმოადგინეს, უპასუხეს წამყვანის კითხვებს, შემდეგ ერთმანეთში გაცვალეს კითხვები და, ბოლოს, აუდიტორიის კითხვებსაც უპასუხეს.

დებატები კონსტრუქციულად ჩატარდა. გადაცემის ძირითადი დრო სოფლის მეურნეობის პრობლემებს დაეთმო. კანდიდატების აზრით, ამ მიმართულებით ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ახალი მემარჯვენეები თითოეულ სოფელში მცირე საწარმოების ამოქმედების ინიციატივით გამოდიან და ამით სოფლად მცხოვრები ადამიანების ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ვარაუდობენ. კოალიციის კანდიდატი კი მილიარდიანი ფონდით ამ დარგის განვითარებაზე საუბრობდა.

მცირედი დაძაბულობა კანდიდატებს შორის მმართველ პარტიასთან ბრძოლის ტაქტიკამ გამოიწვია. იოსებ ბორცვაძის აზრით, აუცილებელია შუაში დარჩენილი პოლიტიკური ძალების გაძლიერება, რათა პარლამენტი უფრო მრავალპარტიული და უფრო დაბალანსებული იყოს. მალხაზ ვახტანგაშვილი კი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხება მხოლოდ დიდი ოპოზიციური გაერთიანების პირობებშია შესაძლებელი და კოალიციის გარეთ დარჩენილი პარტიები ოპოზიციას ასუსტებენ. დებატები ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. გადაცემის დასასრულს „ახალი მემარჯვენეების“ კანდიდატმა საკუთარი გამოსვლა დადებითად შეაფასა და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს კიდევ ერთხელ შესთავაზა დებატებში მონაწილეობა.

მალხაზ ვახტანგაშვილს საკუთარი გამოსვლა არ შეუფასებია და ეს მაყურებელს მიანდო. მისი აზრით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არგუმენტი აღარ დარჩა იმისთვის, რომ დებატებში მიიღოს მონაწილეობა.

გადაცემის წამყვანი თეა გიგუაშვილი აცხადებს, რომ დებატებში მონაწილეობის შეთავაზება „ნაციონალურ მოძრაობასაც“ გაუგზავნეს და პასუხს უახლოეს დღეებში ელოდებიან.

ტელეკომპანიის ეთერში წინასაარჩევნო დებატები კვირაში სამჯერ გაიმართება და მასში მონაწილეობას, პოლიტიკური პარტიების გარდა, გორში, ხაშურში, კასპსა და ქარელში დასახელებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც მიიღებენ.
XS
SM
MD
LG