Accessibility links

logo-print

„მაესტროს“ ჟურნალისტები მუშაობის საშუალებას ითხოვენ


ტელეკომპანია „მაესტროს“ 20-მდე ჟურნალისტი პარლამენტის შენობის წინ კიბებზე დადგა - მათ ხელში თაბახის ფურცლები ეჭირათ, ქართულ და ინგლისურენოვანი წარწერით ”მოგვეცით მუშაობის შესაძლებლობა”. ასე ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტები სატელიტური თეფშების დაყადაღებას და „მაესტროს“ ირგვლივ განვითარებულ პროცესებს აპროტესტებდნენ. შეგახსენებთ, რომ, პროკურატურის მიერ 11 ივლისს გავრცელებული განცხადების თანახმად, ”მაესტრო" მოსახლეობისთვის ანტენების დარიგებას უსასყიდლოდ აპირებდა. განცხადების მიხედვით, "სატელევიზიო ანტენების უსასყიდლოდ გადაცემით ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებზე 2012 წლის 20 ივნისს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დადგენილ იქნა, რომ, პოლიტიკურ ორგანიზაცია "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული კომპანია "ელიტა ბურჯის" ხელმძღვანელ პირთა დავალებით, კომპანია "მაესტრომ" საქართველოში შემოიტანა დიდი ოდენობით ანტენები“. თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ტელეკომპანია "მაესტროს" მიერ შემოტანილი ანტენების დაყადაღების თაობაზე 12 ივლისს დააკმაყოფილა.

ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემა ”არგუმენტების” ავტორმა და წამყვანმა თეა სიჭინავამ პარლამენტის შენობის წინ კიბიდან გააცნო საზოგადოებას თავისი და ტელეკომპანიის სხვა ჟურნილისტების განცხადება:

”მოგვეცით მუშაობის შესაძლებლობა! მოხსენით ყადაღა! დაუშვით "მაესტრო" ყველა ოჯახში! ჩვენთვის წართმეული თქვენ მაინც დაარიგეთ! ეს არის ყველა ის პრინციპი, რის გამოც ჩვენ, "მაესტროს" თანამშრომლები, დღეს აქ შევიკრიბეთ. მოქალაქეებს აქვთ უფლება იცოდნენ, აქვთ უფლება მიიღონ ინფორმაცია, აქვთ უფლება მოისმინონ განსხვავებული აზრი. ყველა ამ პრინციპს ჩვენ ყოველდღიურად ვიცავთ. გვსურს ყოველივე ეს მაყურებელს შეუფერხებლად მიეწოდოს. მოგვეცით შესაძლებლობა შევასრულოთ ჩვენი პროფესიული მოვალეობა და დავიცვათ მოქალაქეების უფლება მიიღონ ინფორმაცია. ინფორმაციის შეზღუდვა მავნებელია!"

ბუნებრივია, ჩავენი სურვილია რაც შეიძლება ფართო იყოს აუდიტორია და მეტ ადამიანამდე მივიდეს განსხვავებული, მრავალმხრივი ინფორმაცია და ის, რაც მივიღეთ ჩვენ ...

ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემა ”სუბიექტური აზრის” ერთ-ერთი წამყვანი, დიანა ტრაპაიძე, ამბობს, რომ აქცია, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოების ფართო ფენებისთვის ხელმისაწვდომი გაეხადა ”მაესტრო”, წააწყდა დაბრკოლებას პროკურატურის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გამო:

”ბუნებრივია, ჩავენი სურვილია რაც შეიძლება ფართო იყოს აუდიტორია და მეტ ადამიანამდე მივიდეს განსხვავებული, მრავალმხრივი ინფორმაცია და ის, რაც მივიღეთ ჩვენ, - პროკურატურის გადაწყვეტილება, შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილება პროკურატურის მიმართვაზე, - ეს პირადად ჩემთვის და ჩვენთვის წონად არგუმენტებს არანაირად არ შეიცავს.”

დიანა ტრაპაიძე გულისხმობს ტელეკომპანიის პრომოაქციას „’მაესტრო’ ყველა ოჯახში”, რომლის განხორციელებაც ერთი კვირის წინ დაიწყო - აქციის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით ასობით ათასი სატელიტური თეფში უნდა დამონტაჟებულიყო. ”მაესტროს” ხელმძღვანელობის ინფორმაციით, ამ გზით ტელეკომპანიას მოგებაც უნდა მიეღო. სხვაგვარად ფიქრობს პროკურატურა. როგორც მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის თავმჯდომარის ზაზა ქაჩიბაიას მიერ 12 ივლისსს მედიისთვის გაკეთებული კომენტარიდან ირკვევა, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების მიხედვით:

”უდავოდ დადასტურებულია, რომ შპს ”სტუდია მაესტროს” მიერ საჯაროდ გაცხადებული პროექტი სატელიტური ანტენების უფასოდ დარიგების შესახებ სინამდვილეში თვალთმაქცობაა და იგი წარმოადგენს ამომრჩეველთა მოსყიდვის მიზნით შემუშავებული დანაშაულებრივი სქემის გაგრძელებას. ეს სქემა შემუშავებული იყო კოალიცია ”ქართული ოცნების” მიერ შპს „გლობალ კონსალტინგის“ გამოყენებით.”

ასევე გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაციით, სატელიტური ანტენების რეალური მესაკუთრის დაფარვის მიზნით, შპს "ელიტა ბურჯი" მზად იყო ანტენების ეტიკეტების ხელახლა დასამზადებლად და შესაფუთად გადაეხადა რამდენიმე ასეული ათასი ამერიკული დოლარი, რათა არ გამჟღავნებულიყო რეალური მესაკუთრის - "ელიტა ბურჯისა" და "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" - მონაცემები.

არ ვიცი, შეიძლება რაიმე საიდუმლო ორგანიზაცია მუშაობს ”მაესტროში” ისე, რომ მე არ ვიცი. აბსურდულია ეს განცხადება, რადგან როგორ შეიძლება ერთმა შპს-მ მეორეს შპს-ს რაიმე დავალება მისცეს ...

გამოძიების მიხედვით, ასევე დასტურდება, რომ განბაჟების პროცესს ახორციელებდა შპს "ელიტა ბურჯის" რამდენიმე წარმომადგენელი და არა შპს "მაესტროს" შესაბამისი პირი, რაც დამატებით ადასტურებს გარიგებების თვალთმაქცობას.

ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებელი მამუკა ღლონტი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აბსურდულს უწოდებს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას ტელეკომპანია ”მაესტროსა” და ”ქართული ოცნების” ფარულ კავშირზე:

”არ ვიცი, შეიძლება რაიმე საიდუმლო ორგანიზაცია მუშაობს ”მაესტროში” ისე, რომ მე არ ვიცი. აბსურდულია ეს განცხადება, რადგან როგორ შეიძლება ერთმა შპს-მ მეორეს შპს-ს რაიმე დავალება მისცეს ხელშეკრულების არარსებობის პირობებში. შესაბამისად, სრულიად აბსურდულად მიმაჩნია ეს განცხადება”, - ამბობს მამუკა ღლონტი.

შეგახსენებთ, რომ 12 ივლისს ”მაესტროს” სატელიტური ანტენების დაყადაღებას არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები გამოეხმაურნენ და მომხდარი შეაფასეს როგორც პლურალისტური მედიაგარემოს ხელშემშლელი ფაქტი.

რადიო თავისუფლება ”მაესტროს” ჟურნალისტების აქციაზე მისულ მოქალაქეებსაც გაესაუბრა. თათა ღოღელიანი ამბობს, რომ ტელეკომპანია მისთვის ობიექტური ინფორმაციის წყაროა და სურს რეგიონებში მცხოვრებლებსაც ჰქონდეთ მისი ყურების საშუალება:

” ძალიან მიყვარს ეს კოლექტივი. არ იფიქრონ ახლა, რომ მომისყიდეს და მოვედი. უკვე გეშინია ადამიანს, მაგრამ სულ არ მეშინია, თუ უნდათ მოვიდნენ და თუ აკლიათ თეფშები, თეფშებსაც ვაჩუქებ.”

რაც შეეხება თავად ”მაესტროს” ჟურნალისტებს, ისინი ერთობლივად გადაწყვეტენ რა სახით განაგრძონ პროტესტის გამოხატვა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG