Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტელეკომპანია “პიკი” სამართავად შპს ”ალანიას” გადაეცა


„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მესამე არხის, ტელეკომპანია “პიკის” მართვის უფლება ერთი წლით ტენდერში გამარჯვებულ შპს ”ალანიას” გადაეცა - ის ერთადერთი იყო, რომელიც „პიკის“ სამართავად გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობდა. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ გამოცხადებული სატენდერო პირობების შესასრულებლად შპს „ალანიას“ ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი გამოეყოფა. შპს „ალანია“ ტელეკომპანია „რეგიონ ტვ“-ს ფლობს, რომელიც უკვე ნახევარი წელია არ მაუწყებლობს. ტელეკომპანია „პიკს“ აქამდე შპს ”ქეი ერთი” მართავდა, რომელსაც კონტრაქტი 16 იანვარს ამოეწურება. „ქეი ერთის“ დამფუძნებლები ტელეკომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორები იყვნენ - ჯერ რობერტ პარსონსი, შემდეგ ეკატერინე კოტრიკაძე.
პროცედურები ბოლომდე დასრულებული არ არის. ეს, უბრალოდ, ელექტრონულმა ბაზამ აჩვენა, რომ პირველადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დააყმაყოფილა შპს- ”ალანიამ” ...

ინფორმაცია, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ტენდერში გაიმარჯვა და „მაუწყებლის“ მესამე არხი, ტელეკომპანია „პიკი“, ერთი წლით მართვაში გადაეცა, შპს ”ალანიას” დირექტორმა ალეკო ფარულავამ დაუდასტურა სააგენტო მედია.ge- ს, თუმცა ოფიციალურად ეს ინფორმაცია ჯერ არსად გამოქვეყნებულა. მცდელობის მიუხედავად, რადიო თავისუფლებამ ალეკო ფარულავასგან კომენტარის მიღება ვერ შეძლო. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ლევან გახელაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტენდერში მხოლოდ ერთი, ზემოთ დასახელებული, კომპანია მონაწილეობდა, ტენდერი ბოლომდე დასრულებული არ არის, თუმცა შპს „ალანიამ“ საკვალიფიკაციო მოთხოვნები დააკმაყოფილა:

”პროცედურები ბოლომდე დასრულებული არ არის. ეს, უბრალოდ, ელექტრონულმა ბაზამ აჩვენა, რომ პირველადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დააყმაყოფილა შპს- ”ალანიამ”. ახლა იქნება სატენდერო კომისიის სხდომა. ის, რომ 14 მილიონ ლარზე, ანუ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ბიუჯეტის 1%-ზე ბევრად მეტზეა საუბარი, ეს უნდა განიხილოს ბორდმა, ბორდმა უნდა მისცეს თანხმობა გენერალურ დირექტორს ან შეუძლია არც მისცეს თანხმობა, რომ დადოს ასეთი ტიპის კონტრაქტი. ჯერ პროცედურები იწყება და არ მთავრდება ”, - განაცხადა ლევან გახელაძემ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნებში კი, რომელიც ტენდერში მონაწილე კომპანიებს უნდა შეესრულებინათ, რამდენიმე ძირითადი მოთხოვნა იყო. გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება შეადგინოს და შეავსოს “პირველი საინფორმაციო კავკასიურის” სამაუწყებლო ბადე დამზადებული და შეძენილი პროგრამებით ისე, რომ არხმა დღეში არანაკლებ 18 საათიანი პროგრამული უზრუნველყოფა შეძლოს. “ალანიას” ამ პირობის სარეალიზაციოდ ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი გამოეყოფა, როგორც აღნიშნა კიდეც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ.
აქვე ვთქვათ, რომ შპს “ალანიას” დირექტორი 2012 წლის 10 იანვრიდან ალეკო ფარულავაა, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა ტელეკომპანია „პიკის“ ყოფილი მმართველი კომპანიის, “ქეი ერთის”, დირექტორის მოადგილედ მუშაობს. ტელეკომპანია „პიკს“ 2010 წლის ივნისიდან შპს „ქეი ერთი“ მართავდა. ლევან გახელაძის განცხადებით, ხელშეკრულებას „ქეი ერთსა“ და „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ შორის ვადა მიმდინარე წლის 16 იანვრამდე ჰქონდა. სწორედ ხელშეკრულების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით გამოცხადდა ტელეკომპანიის მმართველობაზე ტენდერი. შპს "ქეი ერთის" დამფუძნებლები ეკატერინე კოტრიკაძე და რობერტ პარსონსი არიან. ეკატერინე კოტრიკაძე ბოლო დრომდე „პიკის " გენერალური დირექტორი იყო, რობერტ პარსონსი კი მისი მრჩეველი.

არასდროს ვიყავი ჩართული ფინანსურ გადაწყვეტილებებში, არც ერთ ფინანსურ საბუთზე მე ხელი არ მომიწერია, რაც ჩემთვის კარგია, რადგან მე არ ვარ ფინანსური მენეჯერი და ამის სურვილიც არასდროს მქონია ...
ეკატერინე კოტრიკაძემ, რომელიც „ქეი ერთის“ ერთ-ერთი დამფუძნელი და 40 პროცენტის მფლობელია (60 პროცენტი როპერტ პარსონს ეკუთვნოდა), რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, რომ ტენდერში მონაწილეობა რამდენიმე მიზეზის გამო არ მიიღო: პირველი, რობერტ პარსონსის გარეშე არ სურდა ამის გაკეთება და, მეორეც, მენეჯმენტის და მართვის გამოცდილების უქონლობის გამო ტელეკომპანია „პიკის“ მართვას დამოუკიდებლად ვერ შეძლებდა. როგორც ცნობილია, რობერტ პარსონსმა ტელეკომპანია „პიკი“, წელიწად-ნახევრის მუშაობის შემდეგ, საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა. „პიკის“ გახსნისას ის გენერალური დირექტორი იყო და ამ თანამდებობაზე ერთი წელი იმუშავა, შემდეგ ის მრჩევლის სტატუსით თანამშრომლობდა ტელეკომპანიასთან.

ტელეკომპანია „პიკი“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. მედიაში ვრცელდებოდა დაუზუსტებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტელეკომპანიაში გარკვეული ფინანსური სახის დარღვევები აღინიშნებოდა. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ასეთი დარღვევების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. ფინანსურ საკითხებზე საუბრისას ტელეკომპანიის მმართველი შპს „ქეი ერთის“ დამფუძნებელი ეკატერინე კოტრიკაძე ამბობს, რომ მას ფინანსებთან შეხება არ ჰქონია:

”არასდროს ვიყავი ჩართული ფინანსურ გადაწყვეტილებებში, არც ერთ ფინანსურ საბუთზე მე ხელი არ მომიწერია, რაც ჩემთვის კარგია, რადგან მე არ ვარ ფინანსური მენეჯერი და ამის სურვილიც არასდროს მქონია. შესაბამისად, არ ვიცი, 14 მილიონი საკმარისი თანხაა თუ არა და როგორ გაიხარჯება; და არ ვიცი, როგორ იყო ის თანხა გახარჯული, რაც ჩვენ გვქონდა. ჩემი მთავარი მიზანი იყო ის, რომ არხი ყოფილიყო დაბალანსებული, ობიექტური და ჟურნალისტები ყოფილიყვნენ მაღალ პროფესიულ დონეზე, რაც გამოვიდა კიდეც ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, რაც, ჩემი აზრით, მინიმუმ უნდა შენარჩუნდეს და მაქსიმუმ უნდა განვითარდეს და უკეთესი გახდეს.”
ამ არხის დაწყება იყო პრეზიდენტის პირადი ინიციატივა და სხვა არანაირი გათვლები ან მოთხოვნის შესწავლა ...

ჟურნალ „ლიბერალის“ რედაქტორი და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრი შორენა შევარდაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში იხსენებს, თუ როგორ გაიხსნა ტელეკომპანია „პიკი“. ის ძალიან სამწუხარო ფაქტს უწოდებს ტელეკომპანია „პიკის“ მმართველად ტენდერში გამარჯვებული შპს „ალანიას“ მოსვლას და მიიჩნევს, რომ ამით ქართულ სატელევიზიო სივრცეში გაჩნდება კიდევ ერთი პროსახელისუფლებო არხი, რის არდაშვებასაც ცდილობდა ტელეკომპანიის თავდაპირველი მმართველი კომპანია და მისი ხელმძღვანელობა:

”ამ არხის დაწყება იყო პრეზიდენტის პირადი ინიციატივა და სხვა არანაირი გათვლები ან მოთხოვნის შესწავლა, რომ რამდენად საჭიროა ჩვენ გავიდეთ რუსულენოვან აუდიტორიაზე და ეს რეალურად რას მოგვიტანს, თუნდაც პიარის ან საინფორმაციო სივრცის შექმნის თვალსაზრისით, ამაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა. ეს არის ამ არხის პრობლემა. დაიწყო ძალიან სპონტანურად და მივიღეთ ზუსტად ის, რისი მიღების საშიშროებაც თავიდანვე არსებობდა: მორიგი უფრო კარგად აწყობილი ”ალანია” - მორიგი პროპაგანდისტული არხი.”

ტელეკომპანია „პიკის“ მმართველი კომპანიის, „ქეი ერთის“ დამფუძნებელი და ტელეკომპანიის აქამდე გენერალური დირექტორი ეკატერინე კოტრიკაძე საკუთარ თავს მომავალში ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ხედავს და იმედს იტოვებს, რომ წელიწად-ნახევრის განმავლობაში მიღებული გამოცდილებით შეძლებს ობიექტური მაუწყებლობა გააგრძელოს.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG