Accessibility links

logo-print
რუსულენოვანი ტელეკომპანია ПИК-ი („პირველი საინფორმაციო კავკასიური“) სატელიტიდან გაურკვეველი ვადით გაითიშა. ამის მიზეზი გახდა ტელეკომპანიის დამკვეთის - “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ხელმძღვანელობის - გადაწყვეტილება, რომელიც ПИК-ის თანამშრომელთა მიერ გასულ კვირაში მოწყობილ საპროტესტო აქციასა და არხის ხელმძღვანელობის არასანქცირებულ ქმედებას მოჰყვა. ამის შესახებ ნათქვამია „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის გიორგი ჭანტურიას საგანგებო განცხადებაში, რომელიც 20 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ПИК-ის სიგნალის არასანქცირებულმა გაშვებამ იმ სატელიტზე, რომელთანაც „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ შეწყვეტილი ჰქონდა ურთიერთობა, გიორგი ჭანტურიას განცხადებით, შესაძლოა არხს „გაუთვალისწინებელი ხარჯები“ დააკისროს. ამჟამად, ПИК-ის გენერალური დირექტორის თხოვნით, კომპანიის პარტნიორებთან შეთანხმებით, შეჩერებულია მაუწყებელსა და ПИК-ს შორის არსებული ხელშეკრულებები, – ნათქვამია გიორგი ჭანტურიას განცხადებაში. ურთიერთობის გაწყვეტას ადასტურებს ПИК-ის ხელმძღვანელობა, თუმცა გენერალური დირექტორი ეკატერინე კოტრიკაძე არ იზიარებს გიორგი ჭანტურიას პრეტენზიებს. "ჩვენ ოფიციალურ, დამოუკიდებელ აუდიტს ვითხოვთ, რათა გაირკვეს პირობის რა მუხლები დავარღვიეთ და რას გვაბრალებენ. თუ რამე პრობლემები იყო, რატომ ადრე არ გაგვაგებინეს?", - განაცხადა ეკატერინე კოტრიკაძემ ახალი ამბების სააგენტო "ინტერპრესნიუსთან" საუბარში. შესაბამისად, უცნობია, თუ რა ბედი ელის ტელეკომპანია ПИК-ს და რა ფორმით გააგრძელებს მაუწყებლობას „პირველი საინფორმაციო კავკასიური“, რომელიც ეთერში 2011 წლის 25 იანვარს გავიდა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG