Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მეცხრე არხის“ მეტრული მაუწყებლობა 2 დღეში შეწყდა


"სტერეო +"-ის დამფუძნებელი დავით ზილფიმიანი (მარცხნივ) და მე-9 არხის გენერალური დირექტორი კახა ბექაური
"სტერეო +"-ის დამფუძნებელი დავით ზილფიმიანი (მარცხნივ) და მე-9 არხის გენერალური დირექტორი კახა ბექაური
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს ”სტერეო+” ხუთი ათასი ლარით დააჯარიმა. კომპანიის გაფრთხილებისა და დაჯარიმების მიზეზად კი იქცა ტელეკომპანია ”მეცხრე არხის” მაუწყებლობა მეტრულ სიხშირეზე. დედაქალაქის მოსახლეობამ სატელევიზიო ანტენის საშუალებით არხის მიღება სწორედ ”სტერეო+”-ის მეშვეობით შეძლო. კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დაადგინეს, რომ ”სტერეო+”-მა სალიცენზიო პირობები დაარღვია, „მეცხრე არხისა“ და ”სტერეო+”-ის ხელმძღვანელები კი კომუნიკაციის ეროვნულ კომისიას სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებენ.

ნაცვლად 6 მეგაჰერცისა, კომპანია იყენებდა 7,2 მეგაჰერცს, ანუ 1, 2 მეგაჰერც დიაპაზონს ის იყენებდა ულიცენზიოდ, ანუ უკანონოდ ...
კახი ყურაშვილი

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თანახმად, შპს ”სტერეო+” თანამგზავრული მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი კომპანიის , ”მეცხრე არხის” სიგნალის გავრცელებას უზრუნველყოფდა ეგრეთ წოდებული ”ღია ლინკის” საშუალებით ღია ეთერში. ”სტერეო +” მომსახურებას რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის ფარგლებში ახორციელებდა და, შესაბამისად, წინააღმდეგობაში მოდიოდა სალიცენზიო პირობებთან. ეს, კომუნიკაციის ეროვნული კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსის კახი ყურაშვილის განმარტებით, დარღვევის ერთი მხარეა, მეორე კი, მისი თქმით, სიხშირული დიაპაზონის გამოყენების ნორმების დარღვევას შეეხება.

”ნაცვლად 6 მეგაჰერცისა, კომპანია იყენებდა 7,2 მეგაჰერცს, ანუ 1, 2 მეგაჰერც დიაპაზონს ის იყენებდა ულიცენზიოდ, ანუ უკანონოდ. ამის გამო, ამ მეორე დარღვევისთვის იგი დაჯარიმდა 5 000 ლარიანი ჯარიმით, ხოლო რაც შეეხება ლიცენზიას, ლიცენზია მას აქვს, მას შეუძლია ამ ლიცენზიის ფარგლებში გაუწიოს ნებისმიერ კომპანიას - მათ შორის, „მეცხრე არხსაც“ - მომსახურება, მაგრამ რა მომსახურება - ეს გახლავთ რადიოხაზებით მომსახურება, რაზეც არის გაცემული ლიცენზია.”

კანონისა და ლიცენზიის პირობების დარღვევას, თავის მხრივ, მხოლოდ ერთ ნაწილში -კერძოდ, სიხშირეების დიაპაზონის საკითხში - არ გამორიცხავს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ”სტერეო+”-ის დამფუძნებელი და დირექტორი დავით ზილფიმიანი. იგი მზადაა ტექნიკური ხარვეზის გასასწორებლად. რაც შეეხება მაუწყებლობის ტრანზიტში რადიოსიხშირის გამოყენებას, დავით ზილფიმიანი კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თანამშრომლებს უვიცობაში ადანაშაულებს, მათ ატესტაციას მოითხოვს და ბრალდებას შემდეგი საპასუხო არგუმენტით უპირისპირდება:

” 2006 წლიდან მე ვფლობ 71 მეგაჰერც სიხშირეს. რაც ტელევიზიის ისტორია არსებობს, იმ დროიდან ეს სიხშირე მიღებადია სატელევიზიო პარკისთვის, ანუ ტელევიზორებისთვის, მიუხედავად იმ ფორმატისა, რა ფორმატითაც არ უნდა გადავცე. და ეს ასეც ხდებოდა 6 წლის განმავლობაში. ჩემი არხით არაერთხელ მომხდარა ხელშეკრულების დადება აბსოლუტურად მსგავს მომსახურებაზე სხვადასხვა კომპანიებთან - „მზესთან“, „პირველ სტერეოსთან“, „მაესტროსთან“, „აჭარის ტელევიზიასთან“ და ახლა, ბოლოს, „მეცხრე არხთან“.”

როდესაც გასცა კომუნიკაციების კომისიამ ლიცენზია „მეცხრე არხზე“, მისცა სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზია. უცბად აღმოჩნდა, რომ „სტერეო პლუსს“ აქვს სიხშირე, რომელსაც აქვს საშუალება, რომ გაატაროს რამდენიმე მაუწყებლის სიგნალი და მან შესთავაზა „მეცხრე არხს“ ...
ზვიად ქორიძე

„მეცხრე არხსა“ და „სტერეო +“-ს შორის ხელშეკრულება დედაქალაქის მასშტაბით მეტრული საეთერო მაუწყებლობის ტრანზიტის შესახებ მიმდინარე წლის 2 ივნისს დაიდო. 4 ივნისს მაუწყებლობის განხორციელება დაიწყო, 7 ივნისს კი შეწყდა. „მეცხრე არხის“ გენერალური დირექტორი კახა ბექაური კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას ტელეკომპანიაზე განხორციელებული ზეწოლის მორიგ გამოვლინებად და სიტყვის თავისუფლების უხეშ დარღვევად მიიჩნევს.

”მიუხედავად იმისა, რომ გაგვაჩნია საკაბელო მაუწყებლობის უფლება, არც ერთმა საკაბელომ თავის პაკეტში არ ჩართო „მეცხრე არხი“, გარდა „გლობალ ტივისა“. ასევე გაგვაჩნია სატელიტური მაუწყებლობის უფლება. და თქვენ იცით, არაერთი ფაქტი ყოფილა მედიაში, რა პრობლემებს აწყდებოდა ერთადერთი ოპერატორი „გლობალ ტივი“ სატელიტური თეფშების გავრცელებისას, დამონტაჟებისას, რეგიონის მასშტაბით. და უამრავი ასეთი ფაქტი იყო ამ ბოლო პერიოდში. ეს იყო უპრეცედენტო ფაქტი, ახლა რაც მოხდა“, ამბობს კახა ბექაური.

მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე კი მომხდარ ფაქტს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მხრიდან პოლიტიკური დაკვეთის შესრულებად აფასებს:

”როდესაც გასცა კომუნიკაციების კომისიამ ლიცენზია „მეცხრე არხზე“, მისცა სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზია. უცბად აღმოჩნდა, რომ „სტერეო პლუსს“ აქვს სიხშირე, რომელსაც აქვს საშუალება, რომ გაატაროს რამდენიმე მაუწყებლის სიგნალი და მან შესთავაზა „მეცხრე არხს“, რომ გაავრცელებდა, დავუშვათ, თბილისში თავდაპირველად, შემდეგ კი დანარჩენ საქართველოში „მეცხრე არხის“ სიგნალს. როცა ასეთი ვითარება შეიქმნა, კომუნიკაციების კომისია მოიქცა ძალიან ხისტად. იმის მაგივრად, რომ ანგარიში გაეწია რეალობისთვის, ადგა და თქვა, რომ იგი უნდა ჩაიხსნას ეთერიდან.”

„მეცხრე არხი“ და „სტერეო პლუსი“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ.
XS
SM
MD
LG