Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვალდახუჭული ადამიანი ნაკლებს ჭამს


როგორც იტყვიან, ადამიანი თვალითაც ჭამს. თვალი ზოგჯერ სიხარბისკენ გვიბიძგებს და გვიჭირს ჩვენი რეალური მადის განსაზღვრა. ამის საპირისპირო ეფექტი შეისწავლეს გერმანელმა ფსიქოლოგებმა ახლახან ჩატარებულ გამოკვლევაში. მათი მიზანი იყო, დაედგინათ, როგორ იცვლება ადამიანის ქცევა, როცა ის თვალდახუჭული ჭამს. მათ ცდები ჩაატარეს თვალგახელილ და თვალდახუჭულ ადამიანებზე.

საცდელ პირებს ნაყინი დაურიგეს. აღმოჩნდა, რომ მხედველობის გრძნობის გამოთიშვით ოდნავ მცირდება მიღებული საკვების მოცულობა. როცა ამის შემდეგ საცდელ პირებს სთხოვეს, შეეფასებინათ, რამდენი საკვები მიიღეს, აღმოჩნდა, რომ მათ შეფასებასა და საკვების რეალურ მოცულობას შორის სხვაობა საგრძნობლად დიდი იყო. ამავე დროს თვალებაკრულთა შემთხვევაში ეს სხვაობა ბევრად უფრო დიდია, ვიდრე თვალხილულებისაში. გამოკვლევის ავტორების აზრით, ცდებმა აჩვენა, რომ ჯანსაღი კვებისთვის ხელის შესაწყობად შეგონებებსა და მოწოდებებზე ბევრად უფრო წარმატებული შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური ხასიათის ზემოქმედება.

კონსტანცის უნივერსიტეტის თანამშრომლის, ბრიტა რენერისა და მისი ჯგუფის წევრების თქმით, ცდებმა აჩვენა, რომ ვიზუალური სიგნალის გამორთვა მრავალი თვალსაზრისით ახდენს გავლენას ჭამის დროს ქცევაზე.

გამოკვლევისთვის მათ მიიწვიეს ნორმალური წონის 90 ახალგაზრდა. ცდების მონაწილეებს არ გაუმხილეს, რა იყო გამოკვლევის ნამდვილი მიზანი და მათ უთხრეს, რომ სწავლობდნენ გემოს აღქმასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ნაყინის ჭამისას 50 მონაწილეს გაუმჭვირვალი სათხილამურო სათვალე უნდა გაეკეთებინა თვალებზე. თითოეულს სამი სხვადასხვა გემოს ნაყინი დაურიგეს და უთხრეს, რომ ნებისმიერი რაოდენობით შეეძლოთ ნაყინის მირთმევა. საცდელმა პირებმა ჭამის დროს და ჭამის შემდეგ შეავსეს კითხვარები, რომლებშიც გემოსთან დაკავშირებული კითხვების გარდა სხვა შეკითხვებიც იყო, მათ შორის, მათ უნდა ეპასუხათ, მათი წარმოდგენით რამდენი ნაყინი შეჭამეს.

თვალებაკრული საცდელი პირების ცხრა პროცენტმა დანარჩენებზე უფრო ნაკლები ნაყინი შეჭამა. ამასთან, მათ მიაჩნდათ, რომ საშუალოდ 88%-ით მეტი ჭამეს რეალურად მირთმეულ რაოდენობაზე. ხოლო იმათი შეფასება, ვინც სპეციალური სათვალეების გარეშე ჭამდა ნაყინს, 35%-ით ჭარბობდა რეალურ რაოდენობას. ანუ მხედველობის გამოთიშვამ გაზარდა სხვაობა საკვების რეალურ და მოჩვენებით რაოდენობას შორის. გარდა ამისა, გამოკითხვამ გამოავლინა, რომ თვალებაკრული საცდელი პირები მომავალში ნაყინის ყიდვის ნაკლებ ინტერესსაც იჩენდნენ.

ცდის ავტორები ვარაუდობენ, რომ სიბრმავე აძლიერებს საკვების მიღების პროცესის აღქმას. ასეთ შემთხვევაში ადამიანი უფრო სწრაფად ნაყრდება. ამავე დროს, როცა მხედველობაზე ვლაპარაკობთ, გასათვალისწინებელია ისიც, რომ საკვების ყურება ააქტიურებს ნერწყვისა და კუჭის წვენის გამოყოფას, რაც მადაზეც მოქმედებს. ჯერჯერობით არ არის ნათელი, შეიძლება თუ არა მიღებული დასკვნების გამოყენება ჭარბწონიანობის დაძლევისკენ მიმართულ დიეტებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG