Accessibility links

logo-print

ურთიერთთვალთვალი რუსეთის უშიშროების სამსახურებში


მოსასმენი მოწყობილობები

მოსასმენი მოწყობილობები

ბოლო წლებში რუსეთის ხელისუფლება სულ უფრო და უფრო მეტ რესურსს იყენებს ხალხის თვალთვალის, მათი საუბრების მოსმენისა და მათი შეხვედრების დეტალების მოძიებისათვის. კრემლი ამ მეთოდს ოპოზიციასთან ბრძოლაში მიმართავს, მაგრამ, როგორც ჩანს, ერთმანეთს დაუღალავად აყურადებენ და უთვალთვალებენ თვით უშიშროების უწყებები.

ვლადიმირ რიჟკოვს ეჭვი არ ეპარება, რომ ის რუსეთის უშიშროების სამსახურის სამიზნეა. იანვარში, კრემლის საწინააღმდეგო გამოსვლების დღეებში, ის და, ასევე ოპოზიციონერი, გენადი გუდკოვი, სახელმწიფო დუმის დეპუტატი, ტელეფონით შეთანხმდნენ, რომ ქალაქში, კაფეში შეხვდებოდნენ ერთმანეთს. მათი საუბარი უნდა შეხებოდა სადავო ოპოზიციურ ფიგურებს, რომელთაგან რიჟკოვს და გუდკოვს სურდათ თავი შორს დაეჭირათ. მოხდა ისე, რომ მათი საუბრის ვიდეოჩანაწერი მალევე გამოქვეყნდა მთავრობასა და უშიშროებასთან კავშირის მქონე ვებსაიტზე, „Live News-ზე“. არადა, შეთანხმებისას ოპოზიციონერებს არც კი უხსენებიათ, სად ხვდებიან ერთმანეთს, ანუ, შეხვედრამდე ვიღაც მივიდა იქ და ჩამწერი დაამონტაჟა. რიჟკოვს ერთი ახსნა აქვს:

„გუდკოვი და მე შეხვედრაზე ტელეფონით შევთანხმდით, მაგრამ ადგილი არ დაგვისახელებია. უბრალოდ, ვთქვით: მაშინ რომ შევხვდით, იქ წავიდეთო. მაგრამ ჩამწერი მოწყობილობა მაგიდასთან მაინც დაამონტაჟეს. ეს იმას ნიშნავს, რომ მუდამ გვითვალთვალებენ.“
ყველაზე უარესია, თუ მოუმზადებლობაში გამოგიჭირეს. მუდამ უნდა ცდილობდე, პირველი იყო რაიმე ამბის გამოძიებაში, ვინმეს დაკავებაში, დააპატიმრო ჯაშუში ან მსგავსი ვინმე. მიზანი ის არის, რომ სასტარტო უპირატესობა მუდამ შენს მხარეს იყოს...

ეს არავის გაჰკვირვებია პუტინის რუსეთში. მსგავსი ჩანაწერები არაერთი გამოქვეყნდა იმავე კრემლის და უშიშროების სამსახურებთან დაკავშირებულ საიტებზე ყველა ოპოზიციური ფიგურის შესახებ. ბოლო ხუთ წელიწადში, სტატისტიკის თანახმად, ასეთი ტიპის მოსმენების რიცხვი გაორმაგდა. მაგრამ ოპოზიციის დევნა ერთი ფაქტორია მხოლოდ. საქმე ისაა, რომ რუსეთში ერთმანეთს უთვალთვალებენ, აყურადებენ და სდევნიან უშიშროების უწყებებიც - უშიშროების ფედერალური სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სამხედრო დაზვერვა. ნიუ იორკის უნივერსიტეტის პროფესორი მარკ გალეოტი, რომელიც რუსეთის უშიშროების სამსახურებს სწავლობს, ამბობს, რომ ერთ-ერთი ფაქტორი ამ უწყებებს შორის დაფინანსებისთვის ბრძოლაა:

„საბიუჯეტო თანხებისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი საუკეთესო გზაა პუტინის თუ სხვა მნიშვნელოვანი ფიგურისთვის ჩვენება იმისა, რომ საუკეთესოდ ხარ ინფორმირებული. ყველაზე უარესია, თუ მოუმზადებლობაში გამოგიჭირეს. მუდამ უნდა ცდილობდე, პირველი იყო რაიმე ამბის გამოძიებაში, ვინმეს დაკავებაში, დააპატიმრო ჯაშუში ან მსგავსი ვინმე. მიზანი ის არის, რომ სასტარტო უპირატესობა მუდამ შენს მხარეს იყოს.“
ჩვენს ქვეყანაში პრობლემა ის არის, რომ არ გაგვაჩნია საპარლამენტო ზედამხედველობა. აქ ეს უფრო საშიში გახდა, რადგან არ არის მცირე შესაძლებლობაც კი, გავარკვიოთ, ვინ აწარმოებს ამა თუ იმ ოპერაციას ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ. ამის გარკვევის მექანიზმი, უბრალოდ, არ არსებობს...

უშიშროების უწყებებს შორის დაპირისპირება სიახლე არ არის. არაერთი ამბავია ცნობილი, - 2006-ის, 2007 წლის ისტორიები, - როცა უშიშროების ფედერალური სამსახური ანტინარკოტიკულ უწყებას დაუპირისპირდა. ანდრეი სოლდატოვი უშიშროების საკითხთა ექსპერტია და ავტორია წიგნისა „ახალი მაღალი საზოგადოება - რუსეთის უშიშროების სახელმწიფოს აღდგენა“. თავის ნაშრომში სოლდატოვი წერს, რომ 2007 წლიდან 2011-მდე, თითქმის გაორმაგდა სასამართლოს მიერ გაცემული იმ ნებართვების რაოდენობა, რომლებიც სატელეფონო მოსმენებსა და საინტერნეტო ფოსტის კონტროლს ეხება. სოლდატოვი ამბობს, რომ მსგავსი ნებართვების ზრდა შეინიშნებოდა დასავლეთში 2001 წლის სექტემბრის ტერაქტების შემდეგ, მაგრამ რუსეთში ამ საქმეს უფრო პოლიტიკური ხასიათი აქვს და ბოროტად გამოიყენება:

„თვალთვალის გაფართოება, პირველ რიგში, მოხდა ბრიტანეთში, ასევე აშშ-სა და სხვა ქვეყნებში. მაგრამ ჩვენს ქვეყანაში პრობლემა ის არის, რომ არ გაგვაჩნია საპარლამენტო ზედამხედველობა. აქ ეს უფრო საშიში გახდა, რადგან არ არის მცირე შესაძლებლობაც კი, გავარკვიოთ, ვინ აწარმოებს ამა თუ იმ ოპერაციას ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ. ამის გარკვევის მექანიზმი, უბრალოდ, არ არსებობს.“

რუსეთში ოპოზიციაზე თვალთვალი გრძელდება და ისიც კი არ არის გარკვეული, რამდენად არის ამაში უშუალოდ ჩართული მთავრობა. იმდენად გაიზარდა თვალთვალის შესაძლებლობები, რომ ძალიან ძნელი დასადგენი გახდა, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა და რისთვის.
XS
SM
MD
LG