Accessibility links

logo-print

თვითმმართველობის კოდექსის პროექტი გადახედვას ექვემდებარება


„თვითმმართველობის კოდექსის“ პროექტის საპარლამენტო განხილვა, რომელიც 6 დეკემბერს უნდა გამართულიყო, მომავალი კვირისთვის გადაიდო. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის თანახმად, სხდომების გადადება უამინდობას უკავშირდება, თუმცა, კანონპროექტის საკვანძო პრინციპებისადმი ბოლო დღეებში გამოთქმული კრიტიკული შენიშვნების სიმრავლის ფონზე, ხელისუფლების მიერ მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილებაც, არ იჩქაროს თვითმმართველობის კოდექსის მიღება, თავად რეფორმა კი ფართო კონსენსუსის საგანი გახადოს.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებების დაცვისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საკითხთა კომიტეტების სხდომა 10 დეკემბერს გაიმართება. კომიტეტები პროექტის განხილვაში ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციასა და პოლიტიკურ მხარეს იწვევენ, მათი რიცხვი კი, ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებების ფონზე, დიდია. მათ შორისაა საქართველოს პატრიარქი, რომელმაც 4 დეკემბერს განაცხადა, რომ თვითმმართველობის რეფორმა საქართველოს დაშლისკენაა მიმართული:

“ყოველი რაიონი უნდა უშუალოდ დაკავშირებული იყოს ჩვენს ხელისუფლებასთან, ამას არ სჭირდება შუალედი, შუა რგოლი. ხელისუფლება თვითონ უნდა განიხილავდეს ყოველი რაიონის გაჭირვებას“.

საქართველოს პატრიარქის ამ განცხადების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების თანახმად, პატრიარქს შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ვარაუდობს, რომ ამ შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს პატრიარქს საფუძვლიანად განუმარტეს, რას ითვალისწინებს თვითმმართველობის რეფორმა, რომელიც, მისივე შეფასებით, არ შეიცავს სეპარატიზმის საფრთხეს.

ეთნიკურად უმცირესი მოსახლეობა არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. მათ ისევე აქვთ უფლება მიიღონ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, როგორც საქართველოს ნებისმიერ სხვა მოქალაქეს...
ამ შეხვედრის გამართვამდე კი ერთ-ერთი პირველი, ვინც საქართველოს პატრიაქის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საპატრიარქო ხელისუფლების საქმიანობაში ზედმეტად ერევა, დეპუტატი, უმრავლესობის წევრი თამარ კორძაია იყო:

“ეთნიკურად უმცირესი მოსახლეობა არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. მათ ისევე აქვთ უფლება მიიღონ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, როგორც საქართველოს ნებისმიერ სხვა მოქალაქეს. შესაბამისად, მე მაინტერესებს, რომელ კონკრეტულ მუხლში ჩანს და ხედავენ ისინი ამ სეპარატიზმის გაღვივების შესაძლებლობას“.

სეპარატიზმის საფრთხეზე, პატრიარქის გარდა, ბოლო ხანს განსაკუთრებით არასაპარლამენტო ოპოზიცია აპელირებს. მაგალითად, ქრისტიან-დემოკრატი გიორგი ახვლედიანი ამბობს, რომ კოდექსი რეგიონალური საბჭოების სახით რეგიონალურ პარლამენტებს ქმნის:

“უნდა შეიქმნას ერთგვარი პარლამენტები, რომელიც უკვე არის ძალიან სერიოზული ნაბიჯი ფედერალიზმისა და სამხარეო მოწყობისაკენ, რომელიც ძალიან სერიოზულ საფრთხეებს ატარებს“.

საფრთხე, ანუ რეგიონალური საბჭოები, რომელიც კანონპროექტის ერთ-ერთ მთავარ ხარვეზად სახელდება, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონპროექტის მეშვიდე კარშია განსაზღვრული. პროექტის თანახმად, „მუნიციპალიტეტთა რეგიონალური გაერთიანების მიზანია კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს გაერთიანებაში შემავალი მუნიციპალიტეტების ინტერესთა გათვალისწინება შესაბამისი ტერიტორიის განვითარების დაგეგმვისა და მისი განხორციელების პროცესში“.

საქართველოს მთავრობაში და უმრავლესობის წევრებთან მიმდინარეობდა ძალიან ინტენსიური კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით, საიდან გამომდინარეც, რამდენიმე ნორმა იქნა გადახედილი და შეცვლილი...
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციის თანახმად, პრემიერ-მინისტრი კოდექსის პროექტიდან სწორედ ამ მეშვიდე კარის ამოღებას ითხოვს. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ 5 დეკემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ, კონსულტაციების საფუძველზე, პროექტში უკვე ჩასწორდა რამდენიმე საკითხი, თუმცა კერძოდ რომელ საკითხებს შეეხო ცვლილება, არ დაუზუსტებია.

“საქართველოს მთავრობაში და უმრავლესობის წევრებთან მიმდინარეობდა ძალიან ინტენსიური კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით, საიდან გამომდინარეც, რამდენიმე ნორმა იქნა გადახედილი და შეცვლილი. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის სხდომაზე როდესაც გაგრძელდება განხილვები, ასეთ შემთხვევაში იქნება უფრო მოდიფიცირებული და დახვეწილი ვარიანტი“, ამბობს დავით ნარმანია, რომელიც კანონპროექტის ერთ-ერთ თანაავტორად ითვლება.

კანონპროექტის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მეტად დეცენტრალიზება, უფლებამოსილებების და ფინანსური დამოუკიდებლობის გაზრდა და ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების სრულყოფა. კოდექსის ამოქმედების შემდეგ გაიზრდება თვითმმართველი ერთეულების რაოდენობა და მათი რიცხვი 120-ს გაუტოლდება. თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭება დამატებით 13 ქალაქს, ანუ იმ ქალაქებს, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 15 000-ზე მეტია. მერს და გამგებელს მოსახლეობა პირდაპირი წესით აირჩევს, თვითმართველობის განხორციელებისთვის აუცილებელი ის ქონება, რომელიც კონკრეტული მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდებარეობს და ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებას წარმოადგენს, 2017 წლამდე გადავა შესაბამისი მუნიციპალიტეტების საკუთრებაში და სხვ.

თანახმად არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადებისა, რომლის ტექსტიც 5 დეკემბერს შედგა და რომელსაც 21 ორგანიზაცია აწერს ხელს, ძლიერი თვითმმართველობა ქვეყნის განვითარების უმთავრესი საფუძველია და მიუხედავად იმისა, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ სხვადასხვა მუხლების მიმართ შენიშვნები აქვთ, მიუღებლად მიიჩნევენ რეფორმის ნებისმიერი დისკრედიტაციის მცდელობას - მით უმეტეს იქ, სადაც მოქალაქეთა მიერ თვითმმართველობის უფლების განხორციელება არ მოდის წინააღმდეგობაში საქართველოს სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებთან და მის სუვერენიტეტთან და ემსახურება ხელისუფლების ვერტიკალურ დაბალანსებასა და მოქალაქეზე ორიენტირებული თვითმმართველობის შემოღებას.

“ვერ დავეთანხმებით მოსაზრებას, რომლის თანახმად, მოქალაქეთა მიერ ადგილობრივი საჭიროებების დამოუკიდებლად გადაწყვეტის იდეა, შესაძლოა, სეპარატიზმის გაღვივების და ქვეყნის დაქუცმაცების საფუძველი გახდეს. როგორც წესი, ამ არგუმენტს, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ხელისუფლებაში მოსული ყოველი პოლიტიკური ძალა საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ და კანონის საკუთარ თავზე მორგების მიზნით იყენებდა, რამაც, საბოლოო ჯამში, დღეს არსებული „ფასადური“ თვითმმართველობის სრულიად უუნარო და მოქალაქეებისთვის არაფრის მომცემი სისტემის ფუნქციონირებამდე მიგვიყვანა“, აღნიშნავენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც ხელისუფლებას მიმართავენ რეკომენდაციებით, არ აჰყვნენ თვითმმართველობის იდეის დისკრედიტაციის ტალღას, არ შეაჩერონ რეფორმის პროცესი და უახლოესი თვითმმართველობის არჩევნებამდე დაასრულონ საკანონმდებლო ბაზის შექმნა.

თავის მხრივ, ადგილობრივი თვითმმართველობის ახალ კოდექსთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში პარლამენტს შენიშვნებისა და რეკომენდაციების ვრცელ და დეტალურ დოკუმენტს წარუდგენს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“. ორგანიზაცია ეთანხმება თვითმმართველობის რეფორმის განხორციელების აუცილებლობას, თუმცა ფიქრობს, რომ ცვლილებები, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის მოდელის შექმნასა და ფინანსური და ეკონომიკური დამოუკიდებლობის მინიჭებასთან არის დაკავშირებული, არ შეიძლება დაჩქარებულ ვადებში განხორციელდეს.
XS
SM
MD
LG