Accessibility links

მოშლის თუ არა თვითმმართველობის ახალი კოდექსი ვერტიკალური მართვის სისტემას


„ოცი წელია საქართველოში თვითმმართველობის რეფორმა არ გატარებულა“, - აცხადებს საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, რომელმაც 5 ნოემბერს, მთავრობის კანცელარიის რეგიონებსა და თვითმმართველობებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსთან ირაკლი მელაშვილთან ერთად, თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს თვითმმართველობის ახალი კოდექსი წარუდგინა. ახალი კოდექსი მთავრობამ 30 ოქტომბერს დაამტკიცა და განსახილველად უკვე გადასცა საქართველოს პარლამენტს.

მთავრობის მიზანია წლების განმავლობაში არსებული სუსტი თვითმმართველობის შეცვლა რეალური თვითმმართველობით, რისი პოლიტიკური ვალდებულებაც მმართველმა გუნდმა ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე აიღო, - განაცხადა 5 ნოემბერს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გამართულ შეხვედრაზე რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ. დეცენტრალიზაცია რეფორმის ამოსავალი წერტილია, რაც შემდეგში გამოიხატება:

„მსხვილი ქალაქები ცალკე ადგილობრივ თვითმმართველობებად გამოიყოფა. სოფლები თემებში გაერთიანდება და თემებიც იქნებიან ადგილობრივი თვითმმართველობები, რითაც ადგილობრივი მოქალაქეები და ადგილობრივი ხელისუფლება უფრო დაუახლოვდებიან ერთმანეთს. გარდა ამისა, პრობლემებს მოაგვარებენ ადგილზევე და არა ისე, როგორც დღესაა - დღეს ჩვენ მოგვმართავენ და მთელი თვეები გრძელდება პროექტების განხილვა, დამტკიცება და სამუშაოების დაწყება“.

მთავრობის კანცელარიის რეგიონებსა და თვითმმართველობებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი მელაშვილი გვეუბნება, რომ თვითმმართველობის ახალი კოდექსი, პირველ რიგში, შეცვლის დამოკიდებულებას მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ ცენტრალური ხელისუფლება ერთმნიშვნელოვნად აღარ გადაწყვეტს რეგიონისათვის აქტუალურ საკითხებს:

ირაკლი მელაშვილი

ირაკლი მელაშვილი

„მიყრუებულ სოფელში ონკანს რომ მოუშვებ და წყალი არ მოდის, ამ საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ეს სოფელი რწმუნებულის მეშვეობით მიმართავს გამგებელს, გამგებელი მიმართავს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სამინისტრო გამოყოფს კომისიას, ის რაღაცას შეისწავლის, შემდეგ დაავალებს გამგეობას, რომ პროექტი მოამზადოს, მერე ვესაუბრებით ფინანსთა სამინისტროს, ამის შემდეგ, მათი თანხმობის შემთხვევაში, საკითხი გადის საქათველოს მთავრობაზე, საქართველოს მთავრობა ამას ამტკიცებს და შემდეგ იწყება უკუპროცესი. კანონი ამ მიდგომას შეცვლის“, ამბობს ირაკლი მელაშვილი.

ნებისმიერი ადგილობრივო პროლემა ადგილზევე გადაიჭრება. ცენტრალური ხელისუფლება, ცხადია, კანონის საფუძველზე, მისცემს ადგილობრივ ხელისუფლებას ფულს და უფლებამოსილებას პრობლემების გადასაწყვეტად. კოდექსის თანახმად, გაიზრდება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა და, ნაცვლად დღეს არსებული ხუთი თვითმმართველი ქალაქისა, ეს სტატუსი მიენიჭება იმ ქალაქებსაც, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 15 ათასზე მეტია:

15 000, რომლის ზევითაც ყველა ქალაქს ვაძლევთ თვითმმართველი ერთეულის სტატუსს. ექნება თავისი შემოსავლები, ეყოლება პირდაპირ არჩეული მერი, თავისი საკრებულო, და ყველა იმ საკითხს, რომელიც მის კომპეტენციაში შევა, თავად გადაწყვეტს და არა ცენტრალური ხელისუფლება...
„ქალაქები და რეგიონალური ცენტრები - ეს არის ყველა რეფორმის და ინიციატივის მთავარი ძრავები. ჩვენ თუ გვინდა, რომ თბილისის თავკომბალას პრობლემა მოვიშოროთ, ქალაქებს ფუნქციები უნდა დავუბრუნოთ. საქართველოში, ხუთი ქალაქის გარდა, ქალაქებს კი ვეძახით ამ სახელს, მაგრამ რეალურად ქართულ სამართალში ასეთი ცნება არ არსებობს. და ასეთი ქალაქი საქართველოში გვაქვს უამრავი. ამიტომ ავიღეთ გარკვეული რიცხვი - 15 000, რომლის ზევითაც ყველა ქალაქს ვაძლევთ თვითმმართველი ერთეულის სტატუსს. ექნება თავისი შემოსავლები, ეყოლება პირდაპირ არჩეული მერი, თავისი საკრებულო, და ყველა იმ საკითხს, რომელიც მის კომპეტენციაში შევა, თავად გადაწყვეტს და არა ცენტრალური ხელისუფლება“.

ჯერჯერობით გუბერნატორს მთავრობა დანიშნავს, თუმცა ის ვეღარ იქნება უკონტროლო. მის პარალელურად შეიქმნება წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის წევრებიც იქნებიან ცალკეული საკრებულოები. ამ საბჭოს ფუნქციებში შევა ცალკეული პროექტების დამტკიცება, ასევე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავება, ცალკეული წინადადებები, რაც რეგიონის განვითარებას შეეხება. ამით სისტემა გახდება უფრო მოქნილი და ადგილობრივების პრობლემებზე იმსჯელებენ და, რაც მთავარია, გადაწყვეტილებას მიიღებენ არა თბილისელი ჩინოვნიკები, არამედ ადგილობრივი ხალხი.

ირაკლი მელაშვილი ასევე ყველანაირ ლოგიკას მოკლებულ ფაქტად მიიჩნევს იმას, რომ სოფლის სათიბები და საძოვრები არა ადგილობრივებს, არამედ ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის. ახალი კოდექსით, ეს ქონებაც - კერძოდ კი, მიწა - საკუთრებად ადგილობრივ თვითმმართველობას უნდა დაუბრუნდეს.

დავით ნარმანია

დავით ნარმანია

დავით ნარმანია კი განმარტავს, რომ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებები მომავალ წელს მომზადდება. შესაბამისად, თვითმმართველობები თავიანთი უფლებამოსილებების განსახორციელებლად საჭირო მეტ ფინანსებს 2015 წლის პირველი იანვრიდან მიიღებენ.

ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის წარმომადგენელი დავით ლოსაბერიძე, რომელიც წლებია თვითმმართველობის საკითხებზე მუშაობს, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ მთავრობის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტსა და ექსპერტების მიერ მომზადებულ ვარიანტს შორის პრინციპული განსხვავება არ არსებობს, თუ არ დავასახელებთ იმას, რომ ცვლილებები არა ერთიანად, არამედ ეტაპობრივად განხორციელდება. მისი აზრით, სამინისტროს ხედვა მეტად არის შეჯერებული დანარჩენი სამინისტროების პოზიციებთან. სწორედ ამიტომ, თვითმმართველობის წარმოდგენილ კოდექსს დავით ლოსაბერიძე კომპრომისულ ვარიანტად მიიჩნევს.

დავით ლოსაბერიძის აზრით, თვითმმართველობის რეფორმამ, მისი წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, უნდა მოშალოს ყველაზე მთავარი დაბრკოლება - მართვის ვერტიკალური სისტემა. სხვა შემთხვევაში ადგილობრივ დონეზე კლანურ-კორუმპირებული სისტემის არსებობის საფრთხე ისევ იარსებებს.
XS
SM
MD
LG