Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტელი გამომძიებელი თვითმფრინავის აფეთქებას 90 %-ით ადასტურებს


ეგვიპტის საგამოძიებო ჯგუფის ანონიმი წარმომადგენელი, რომელიც რუსეთის სამგზავრო თვითმფრინავის აფეთქებას იძიებს, აცხადებს, რომ საფრენი ხომალდის დაღუპვის მიზეზი ბომბი გახდა.

„სიმპტომები და „შავი ყუთების“ ჩანაწერების აქამდე ჩატარებული ანალიზი მიუთითებს, რომ ეს იყო ბომბის აფეთქება“, - განუცხადა სააგენტო „როიტერსს“ ეგვიპტის ოფიციალური საგამოძიებო ჯგუფის წარმომადგენელმა, რომელმაც საკითხის სენსიტიურობის გამო საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა.

მანამდე, 8 ნოემბერს, თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზების დამდგენი ეგვიპტის საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა საგანგებო პრესკონფერეციაზე თქვა, რომ „აირბუს 321“-მა ჰაერში იმ დროს განიცადა კატასტროფა, როდესაც თვითმფრინავი ავტოპილოტის რეჟიმში მიფრინავდა. რაც შეეხება აფეთქების ხმას, მფრინავების კაბინაში მდებარე ხმის ჩამწერი „შავი ყუთის“ ჩანაწერის ბოლოს „მძლავრი ხმა“ ისმის, - თქვა აიმან ალ მუკადამმა, თუმცა ეგვიპტელ გამომძიებელს არ დაუზუსტებია, თუ რამ გამოიწვია თვითმფრინავის დაღუპვა.

მანამდე აფეთქების ვერსიაზე გაამახვილეს ყურადღება ამერიკელმა და ბრიტანელმა ექსპერტებმაც.

„თუ ეს ბომბი თვითმფრინავში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში მყოფმა ადგილობრივმა დაჯგუფებამ შეიტანა, მაშინ ჩვენ საქმე გვექნება მსოფლიო მასშტაბის ისეთ საშიშ ტერორისტულ საფრთხესთან, რომელიც „ალ ყაიდასაც“ კი დაჩრდილავსო“, - განაცხადა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში აშშ-ის კონგრესის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დემოკრატმა სენატორმა ადამ შიფმა.

თვითმფრინავის აფეთქება საკუთარ თავზე აიღო ექსტრემისტულმა ორგანიზაციამ, „ისლამურმა სახელმწიფომ“, რომლის ადგილობრივი დანაყოფი ეგვიპტის ხელისუფლებას სინის ნახევარკუნძულზე შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევს.

31 ოქტომბერს რუსული კომპანია „კოგალიმავიას“ კუთვნილი „აირბას A 321“ ტიპის თვითმფრინავი აფრენიდან 23 წუთის შემდეგ ჩამოვარდა სინის ნახევარკუნძულის მახლობლად, რის შედეგადაც 224 მგზავრი და ეკიპაჟის ყველა წევრი დაიღუპა.

რუსეთის სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზების საბოლოო დადგენამდე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მხარი დაუჭირა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორის ალექსანდრ ბორტნიკოვის წინადადებას, შეეწყვიტა ეგვიპტესთან საავიაციო მიმოსვლა.

ამ დღეებში რუსეთის ხელისუფლებამ სამშობლოში დააბრუნა ეგვიპტეში მყოფი 11 ათასი ტურისტი და მოელიან, რომ ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება, რადგან ეგვიპტეში დაახლოებით 80 ათასი რუსი ტურისტი უნდა იმყოფებოდეს. ტურისტებს დააბრუნებენ ტვირთის გარეშე, რომელსაც დანიშნულების ადგილზე სპეციალური სატრანსპორტო თვითმფრინავებით ჩაიტანენ.

ამავდროულად, რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგის საკათედრო ტაძარში სამგლოვიარო პანაშვიდი გაიმართა ეგვიპტეში დაღუპული მგზავრების სულის მოსახსენებლად. 31 ოქტომბერს დაღუპული მგზავრების უმრავლესობა სანკტ-პეტრებურგიდან იყო.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG