Accessibility links

logo-print

ზუგდიდში თვითმმართველი ქალაქის სტატუსის აღდგენას ითხოვენ


ზუგდიდი

ზუგდიდი

ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობს. მოთხოვნის ინიციატორი „თვითმმართველი ქალაქის სტატუსის აღდგენის საკითხებზე მომუშავე საინიციატივო ჯგუფია“, რომელიც ერთი თვის წინ ჩამოყალიბდა.

ჯგუფში აცხადებენ, რომ მსგავსი ინიციატივით ეხმაურებიან თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ კანონის მზადებას და მიიჩნევენ, რომ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის შესაბამისი რეფორმის განხორციელება აუცილებელია.

„ზუგდიდი იმსახურებს თვითმმართველი ქალაქის სტატუსს. მას უნდა ჰყავდეს არჩეული თვითმმართველობის და მმართველობის ორგანო და არჩევითი ქალაქის პირველი პირები. უნდა გაიმართოს დისკუსიები ამ საკითხზე. საზოგადოება პროცესში აქტიურად უნდა ჩაერთოს. ზუგდიდმა უნდა აღიდგინოს სტატუსი, რომელიც დაკარგა თუ დააკარგვინეს“, - აცხადებს საინიციატივო ჯგუფის წევრი მერაბ ქვარაია.

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ მედიასა და არასამთავრობო სექტორთან გამართულ შეხვედრაზე ამავე ჯგუფის წევრმა მერაბ დანელიამ 2002 წელი გაიხსენა, როცა საკრებულოები და გამგებლები პირდაპირი წესით აირჩიეს.

„2002 წელს, ფაქტობრივად, ეს იყო მაჟორიტარული არჩევნები, როცა მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატი პარტიული ეგიდით იყო წარდგენილი, მას მაჟორიტარული სისტემით აძლევდა ხმას ამომრჩეველი, საკრებულოში შესული პიროვნება კი ყველანაირი პარტიული ნიშნისგან თავისუფლდებოდა, ამიტომ ის მხოლოდ ქალაქისა და ამომრჩევლის წინაშე იყო ვალდებული“, - განაცხადა მერაბ დანელიამ.

საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნას არ ეთანხმება არასამთავრობო ორგანიზაცია „სამეგრელოს ხმის“ დამფუძნებელი თენგიზ ჯგუშია. მისი თქმით, როცა მთავრობა აცხადებს, რომ აპირებს თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის გაზრდას, ზუგდიდისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება ლოგიკას მოკლებულია.

„თითოეული ზუგდიდელი, სოფლელი თუ ქალაქელი უნდა მონაწილეობდეს ზუგდიდის მართვის პროცესში, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება არა ხელმოწერები და სადღეგრძელოები, არამედ თითოეული მოსახლის ჩართვა, რომელიც იკითხავს, გადასახადი, რომელსაც გადავიხდი, სად, როგორ განაწილდება, რა იქნება შემოსავლების ძირითადი ბაზა, როგორი იქნება ქონების გამიჯვნის საკითხი და ა.შ.. როცა ხელს რაღაცაზე აწერინებ ადამიანს, ერთ ფურცელზე მაინც დაუწერე, რას ნიშნავს ეს ქალაქის სტატუსი ზუგდიდელისთვის, ჩხორიელისთვის და ასე შემდეგ. თვითმმართველობის რეფორმის კონცეფციის განხილვაში მოსახლეობის ჩართულობა უნდა ხდებოდეს საგნობრივი განხილვებით და არა ხელმოწერებით“, - განაცხადა თენგიზ ჯგუშიამ.

ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭების მოთხოვნას დადებითად აფასებენ რადიო თავისუფლების მიერ გამოკითხული მოქალაქეები, თუმცა კითხვაზე, თუ რატომ სურთ ასე, მათი დიდი ნაწილი დასაბუთებულ პასუხს ვერ იძლევა:

„ვფიქრობ, აუცილებელია თავისი ბიუჯეტი ჰქონდეთ და თვითონ აკონტროლონ ყველაფერი“;

„ზუგდიდი არის სამეგრელოს ცენტრალური ნაწილი და ამიტომ აუცილებელია ჰქონდეს ქალაქის სტატუსი. აუცილებელია ზუგდიდს ქალაქის სტატუსი დაუბრუნონ“;

„ქალაქი უნდა დარჩეს ქალაქად და, მით უმეტეს, ზუგდიდი. თუ რატომ, ეს ჩვენ არ ვიცით, პოლიტიკოსები არ ვართ“;

„ზუგდიდი ქალაქია და იმიტომ... რა ვიცი მე“;

„ადგილობრივმა უკეთ იცის თავისი ხალხის გასაჭირი და, ალბათ, იმიტომ“
, - აცხადებენ რესპონდენტები.

„თვითმმართველი ქალაქის სტატუსის აღდგენის საკითხებზე მომუშავე საინიციატივო ჯგუფს“ ამ დროისთვის 2000-ზე მეტი ხელმოწერა აქვს. ჯგუფი აღნიშნულ საქმიანობას კიდევ ორი კვირა გააგრძელებს, საკმარისი რაოდენობის ხელმოწერების შეგროვების შემდეგ კი გეგმავს მიმართოს საქართველოს პარლამენტს და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს.
XS
SM
MD
LG