Accessibility links

logo-print

თვითმმართველობის კანონპროექტში შეტანილი ცვლილებების კრიტიკა გორში


თვითმმართველობის კანონპროექტის განხილვა გორში

თვითმმართველობის კანონპროექტის განხილვა გორში

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გორის ოფისში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებმა თვითმმართველობის კანონპროექტში შეტანილი ცვლილებები განიხილეს. შეკრებილთა აზრით, პროექტში პარლამენტის მიერ შეტანილმა ცვლილებებმა თვითმმართველი ერთეულების დამოუკიდებლობის ხარისხი მნიშვნელოვნად შეზღუდა. გორის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი მიხეილ ჩიტაძე სხვა ექსპერტებთან ერთად თვითმმართველობის კანონპროექტის პირველ ვერსიაზე მუშაობდა. მისი აზრით, შეტანილი ცვლილებებით ქვეყნის რეალური დეცენტრალიზაცია ვერ განხორციელდება.

თვითმმართველობის სისტემური მოწყობის საკითხში ამოღებულია მუნიციპალიტეტთა რეგიონალური გაერთიანება და მის ნაცვლად სამხარეო საკონსულტაციო საბჭო გვხვდება. პირველ პროექტში ქალაქის სტატუსი ენიჭება იმ დასახლებულ ერთეულებს, სადაც 15 ათასზე მეტი მცხოვრებია. ცვლილების მიხედვით, პარლამენტმა თვითონ განსაზღვრა ის ქალაქები, რომლებსაც სტატუსი მიენიჭება. საკრებულოს არჩევასთან დაკავშირებითაც შესულია ცვლილება: ადრე საკრებულოს წევრთა რაოდენობა თვითმმართველობის კანონით იყო განსაზღვრული, ახლა კი მას საარჩევნო კოდექსი განსაზღვრავს. ყველაზე დიდ კრიტიკას კი პირდაპირი გზით არჩეული მერისა და გამგებლისადმი უნდობლობის გამოცხადების საკითხი იწვევს. ცვლილების მიხედვით, არჩეული მერისა და გამგებლის გადაყენება შეუძლია საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტს ან მუნიციპალიტეტის რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 20 პროცენტს. საიას გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი აცხადებს, რომ უნდობლობის დაყენების საკითხში მმართველ პარტიას რჩება ბერკეტი, რომ პირდაპირი გზით არჩეული მისთვის მიუღებელი მერი მარტივად მოიშოროს.

გორის ახალგზარდული მოძრაობა „დროას“ თავმჯდომარე შოთა ჩილინდრიშვილი აცხადებს, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ჯერ ისევ გაურკვეველია, ვის და როგორ ვირჩევთ.

ცოტა ხნის წინ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პეტიცია მიიღეს და პარლამენტს მიმართეს რეკომენდაციებით: 1. მერისა და გამგებლის არჩევნებში გამარჯვებულად ჩაითვალოს ის კანდიდატი, რომელიც დააგროვებს 50 პროცენტს პლუს 1 ხმას. იმავდროულად, პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რომ მერი და გამგებელი ერთნაირი წესით იქნეს არჩეული. 2. გაუქმდეს ერთმანდატიანი ოლქების არსებული სისტემა და 2014 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის ეს სისტემა შეიცვალოს მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქებით.
XS
SM
MD
LG