Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითმმართველობის კოდექსი პირველად გორში განიხილეს


ახალი თვითმმართველობის კოდექსის პროექტის საჯარო განხილვა გორში
ახალი თვითმმართველობის კოდექსის პროექტის საჯარო განხილვა გორში
ახალი თვითმმართველობის კოდექსის პროექტის საჯარო განხილვა გორიდან დაიწყო. გორის „დარბაზის“ ინიციატივით, უნივერსიტეტში დაახლოებით 400 კაცი შეიკრიბა. საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კოდექსის პროექტი განსახილველად პირველად გორელებს წარუდგინა. პროექტის ავტორები თვითმმართველობის რეფორმის შესახებ საუბრობდნენ. გორი ერთ-ერთი ქალაქია, რომელსაც, რეფორმის შედეგად, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭება, მიეცემა უფლებამოსილებები და ექნება საკუთარი ბიუჯეტი, რომელიც მთლიანად ქალაქის განვითარებას მოხმარდება. მთავრობის კანცელარიის რეგიონებსა და თვითმმართველობებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი მელაშვილი აცხადებს, რომ ეს კოდექსი ქვეყნის რეალური დეცენტრალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია.

გორისთვის ქალაქის სტატუსის დაბრუნება, პირდაპირი გზით არჩეული მერი და საკრებულო, შესაბამისად გადანაწილებული პასუხისმგებლობა - რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თენგიზ შერგელაშვილის აზრით, სწორედ ეს არის ახალი კოდექსის მთავარი მონაპოვარი.
ახალი თვითმმართველობის კოდექსის პროექტის საჯარო განხილვა გორში
ახალი თვითმმართველობის კოდექსის პროექტის საჯარო განხილვა გორში

გორისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭებას გორელები რამდენიმე წლის განმავლობაში ითხოვდნენ და ამ მოთხოვნით რამდენიმე ათასი ხელმოწერაც შეაგროვეს. დღეს ეს ხელმოწერები და მიმართვის ტექსტი გორის „დარბაზმა“ პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს მალხაზ ვახტანგაშვილს პარლამენტში თვითმმართველობის კოდექსის განხილვისას წარსადგენად გადასცა. მიმართვის ტექსტში გორელები დეპუტატებს პროექტის მხარდაჭერას სთხოვენ. დღეს შეკრებილი საზოგადოების წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ, თვითმმართველობის გარდა, რეალურად უკვე გვაქვს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესი.

გორის მსგავსად, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი კიდევ იმ 12 ქალაქს მიენიჭება, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 15 ათასზე მეტია. თვითმმართველი ქალაქების მიმდებარე სოფლებისგან ჩამოყალიბდება თემები, რომლის ბაზაზეც ფორმირდება მუნიციპალიტეტები. თვითმმართველი ერთეულების მმართველი რგოლები იქნება არჩევითი. ასევე განისაზღვრა ფისკალური დეცენტრალიზაციის გრძელვადიანი ხედვა, რაც თვითმმართველობებს მეტ ფინანსურ რესურსს გაუჩენს. მთავრობის მიერ დამტკიცებული თვითმმართველობის კოდექსი განსახილველად საქართველოს პარლამენტს უახლოეს მომავალში გადაეცემა.
XS
SM
MD
LG