Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უალკოჰოლო სასმელის ბაზარი და ექსპორტი


ავტორი: ირინა გურული

ალბათ, ბევრს ახსოვს ერთ დროს მავანთა მიერ გამოთქმული აზრი, საქართველო „თავის რჩენას“ ბორჯომითა და ჩაით შეძლებსო. მართალია, საბოლოო ჯამში, არც ჩაი აღმოჩნდა მაინცდამაინც პერსპექტიული და არც ბორჯომი - საკმარისი ქვეყნის სარჩენად, მაგრამ უალკოჰოლო სასმელები საქართველოში ყოველთვის იყო ბიზნესის ერთ-ერთი წარმატებული სფერო. ტრადიციული გაზიანი ლიმონათების შემდეგ ბაზარზე თანდათან შემოვიდა ცნობილი მსოფლიო ბრენდები, გამრავალფეროვნდა ქართული უალკოჰოლო სასმელები და საქართველოს ბაზარიც ამ მიმართულებით თანდათან გაიზარდა.

უალკოჰოლო სასმელის ბაზარი და ექსპორტი
please wait

No media source currently available

0:00 0:03:04 0:00
გადმოწერა

ბოლო მონაცემებით, საქართველოში უალკოჰოლო სასმელების ბაზარი ინარჩუნებს დადებით ტრენდს და 2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, გაიზარდა 10 %-ით, რასაც ადასტურებს მარკეტინგული კვლევების სააგენტო GAMMA, იმ საცალო ვაჭრობის აუდიტის მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც 2007 წლიდან ტარდება 8 ქალაქში.

2015 წლის უალკოჰოლო სასმელების კატეგორიის შიდაგადანაწილება შემდეგნაირად გამოიყურება: მთლიან გაყიდვებში, 49,5 %-იანი წილით, ტკბილი გაზირებული სასმელები ლიდერობს, 25,5 % გაზირებულ მინერალურ წყლებზე მოდის, წყაროს წყლების წილი 15,5 %-ია, ცივი ჩაის წილი, რომლის გაყიდვების მოცულობა, წინა წელთან შედარებით, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, 2 %-ია, ნატურალური წვენებისა და ნექტარების - 5,5 %, სხვა - 2 %.

მონაცემების მიხედვით, ერთი სული მოსახლე 2014 წლის განმავლობაში საშუალოდ 77,5 ლიტრ უალკოჰოლო სასმელს მოიხმარდა, 2015 წელს მოხმარების მაჩვენებელი 85,5 ლიტრამდე გაიზარდა.

მაჩვენებლების ზრდა განპირობებულია წყაროს წყლებისა და ცივი ჩაის გაზრდილი მოხმარებით. 2015 წელს გაზირებული სასმელების ბაზარზე 49 %-იანი წილით ლიდერობდა კომპანია Coca-Cola, მას მოდევს „ნატახტარი" (Efes-Georgia) -17 %, Pepsico – 12 %, ქართული ლუდის კომპანია („ზედაზენი“) - 12 %, „კასტელ საქართველო“ - 4 %, სხვა დანარჩენი - 6 %.

როგორც მკვლევარები აცხადებენ, უალკოჰოლო სასმელების ბაზარი 2016 წელსაც დადებითად ვითარდება. განსხვავებული სიტუაციაა ექსპორტის მიმართულებით. წლებია, ექსპორტში ქართულ ღვინოსა თუ მინერალურ წყლებს მნიშვნელოვანი წილი უჭირავს, ბოლო დროს კი სასმელების ჩამონათვალში ქართული ლიმონათიც აქტიურად ფიგურირებს. ქართულ საექსპორტო პროდუქციას შორის ლიმონათი საინტერესო მიმართულებაა. სტატისტიკური მონაცემებით, 2015 წლამდე სასმელების ექსპორტი სტაბილურად მზარდი იყო, გასულ წელს კი კლების ტენდენციით ხასიათდებოდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საქართველოში 2013 წელს მინერალური წყლებისა და ტკბილი გაზიანი სასმელების ექსპორტისგან, დაახლოებით, 17 მილონი დოლარი შემოვიდა. 2014-ში აღნიშნული მონაცემი 28 მილიონი დოლარი იყო, 2015-ში კი მონაცემი მკვეთრად შემცირდა და ის 18 მილიონ დოლარს გაუტოლდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG