Accessibility links

კვლავ უამინდობაა დასავლეთ საქართველოს რეგიონებში


უამინდობამ პრობლემები შექმნა დასავლეთ საქართველოს რეგიონებში. ძლიერმა წვიმამ გურიაში დააზარალა ჩოხატაურის, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები. დატბორილია ათობით საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთები და დაზიანებულია გზები და ხიდები. საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, სადაც ძლიერი წვიმის შედეგად კალაპოტიდან გადავიდა მდინარე ბჟუჟი. ამავე სოფელში ევაკუირებულია საშიშ ზონაში მცხოვრები სამი ოჯახი. 4-დან 5 ბალამდე შტორმია შავი ზღვის აჭარის და ფოთის სანაპიროებზე. სტიქიის გამო გარკვეული შეფერხებებია ქალაქ ფოთის ენერგომომარაგებაში. ქარიშხლის შედეგად ბათუმში ჩამოინგრა მშენებარე ობიექტის კედელი. ნგრევის შედეგად არავინ დაშავებულა. ძლიერი წვიმის გამო კალაპოტიდან გადავიდა მდინარე ჩაქვისწყალი და გარკვეული დროით საავტომობილო მიმოსვლა შეაფერხა ბათუმი-ქობულეთის ცენტრალური საავტომობილო გზის ჩაქვის მონაკვეთზე. სტიქიით ზონაში რჩებიან საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრები და სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს წარმომადგენლები. საბჭოს მდივნის მინდია ჯანელიძის განცხადებით, მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და სპეციალური ტექნიკური საშუალებები. აჭარის, გურიის და სამეგრელოს რეგიონებში მუშაობას 24-საათიანი რეჟიმით განაგრძობენ საგანგებო შტაბები.

XS
SM
MD
LG