Accessibility links

logo-print

უამინდობისთვის მზადება და გათბობის პრობლემა ქუთაისში


ქუთაისი

ქუთაისი

მიმდინარე ზამთრის სეზონზე ქუთაისში არ მოუთოვია და, შესაბამისად, გზების გაწმენდა ავტომობილების მფლობელებისა და ფეხით მოსიარულეთათვის აქტუალური არ არის. მიუხედავად ამისა, ქალაქის მერიამ გასულ კვირაში ცენტრალურ მოედანზე, მესხიშვილის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 10 ერთეული მძიმე ტექნიკა გამოიყვანა და უამინდობისათვის სრული მზადყოფნა გამოაცხადა. ვიცე-მერ ნოდარ მიქიაშვილის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში გაიწმინდება ქალაქის როგორც ცენტრალური, ასევე შიდა გზები და მოიყრება ტექნიკური მარილი.

მიმდინარე ზამთრის სეზონზე რადიო თავისუფლების რესპონდენტები პრობლემად გათბობას ასახელებენ. მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის მოსახლეობის 90%-ზე მეტია გაზიფიცირებული, მოქალაქეების ნაწილი სათბობად შეშის მოხმარებას ამჯობინებს. გაზის გამათბობლებს ძირითადად მრავალბინიან კორპუსებში მცხოვრებნი გამოიყენებენ, შეშის ღუმელს კი - კერძო სახლების მფლობელები. ლალი აბესაძის 4-სულიან ოჯახში ორი მცირეწლოვანი ბავშვია. როგორც ლალი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ გაზის გამათბობელი ხელსაწყო გასულ წლებში შეიძინა, ზამთრის თვეებში მოხმარებული გაზის გადასახადი მაღალი და ამიტომ ცდილობს ბუნებრივი აირი რაც შეიძლება ეკონომიურად მოიხმაროს.

აბესაძეების ოჯახისგან განსხვავებით, სათბობად შეშას მოიხმარენ მზარეულიშვილები. როგორც ნათელა მზარეულიშვილი ამბობს, მთელი ზამთრის სამყოფი შეშის ყიდვას ერთიანად ვერ ახერხებს და ღუმელს მხოლოდ ძლიერი სიცივის დროს ანთებს.

ნათელა მზარეულიშვილისგან განსხვავებით, საშეშე მასალის გადაცემას მერიისგან ითხოვს იმ მოქალაქეთა ნაწილი, რომლებიც სოციალურად დაუცველები არიან. მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივ თვითმმართველობას ამ დრომდე 500-ზე მეტმა მოქალაქემ მიმართა საშეშე მასალით დახმარების თხოვნით. სამსახურის ხელმძღვანელის მალხაზ ბასილაძის განცხადებით, მოქალაქეებს შეშად აძლევენ ქალაქის ქუჩებში გადაბელილი ხეების ნარჩენებს. ბასილაძის ინფორმაციითვე, გადაბელვის შედეგად მიღებული შეშით, მისი სიმცირის გამო, ყველა განცხადების დაკმაყოფილება ვერ მოხერხდება. როგორც თავად მალხაზ ბასილაძე ამბობს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს მერიის პროგრამით მიწოდებული საშეშე მასალა ყოფას დროებით შეუმსუბუქებს, მთელი ზამთრის განმავლობაში სამყოფი კი ვერ იქნება.

XS
SM
MD
LG