Accessibility links

logo-print
82 ხმა 18-ის წინააღმდეგ - 7 დეკემბერს გამართული კენჭისყრის შედეგად, საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის პოსტზე უჩა ნანუაშვილი დაამტკიცა და ამით დასრულდა ომბუდსმენის კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებული რამდენიმეკვირიანი ხმაურიანი პროცესი, რომელიც ბევრისთვის დღემდე სადავოდ რჩება. საპარლამენტო უმცირესობა ახალ ომბუდსმენს პოლიტიკურ მიკერძოებულობასა და ოკუპაციის პრობლემისადმი არასახელმწიფოებრივ მიდგომაში სდებს ბრალს. რა პასუხები არსებობს ამ ბრალდებებზე და რას აპირებს ახალი სახალხო დამცველი?

სახალხო დამცველი არ უნდა ელოდებოდეს დაზარალებულთა საჩივრებს, ის თავად უნდა ეძებდეს დანაშაულის ფაქტებს და ასევე ზრუნავდეს პრევენციის ეროვნული მექანიზმების გაძლიერებაზე; სახალხო დამცველის ინსტიტუტი უნდა გახდეს უფრო ღია სამოქალაქო საზოგადოებისთვის და საჭიროა საკანონმდებლო ინიციატივებზე მუშაობა, რადგან ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები საქართველოში მეტად ჩამორჩება დასავლეთში ამჟამად დამკვიდრებულ სტანდარტებს; უნდა გაძლიერდეს სახალხო დამცველის რეგიონალური ოფისები, ტოლერანტობის ცენტრი და ასევე უმცირესობათა უფლებების დამცველი საბჭოები; სახალხო დამცველის ოფისმა უნდა იზრუნოს ადამიანის უფლებების დაცვაზე კონფლიქტის ზონებში - ამ და სხვა კიდევ არაერთი ინიციატივის განხორციელებას უფლებადამცველი, რომელსაც საზოგადოება ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელად იცნობდა, უჩა ნანუაშვილი, სახალხო დამცველის სტატუსით აპირებს. ამასთან, როგორც მან 7 დეკემბერს უთხრა დეპუტატებს, არც წინამორბედთა შრომა იქნება იგნორირებული:

”სახალხო დამცველის აპარატს მოუწევს ძალიან ბევრი პრობლემის, ძალიან ბევრი რეკომენდაციის გაცოცხლება, რომელზეც წინა ორი სახალხო დამცველი მუშაობდა საქართველოში. მაქსიმალურად ვიქნები დაინტერესებული, რომ გადავხედოთ ძველ საქმეებს, ძველ რეკომენდაციებს და, შესაბამისად, დავიწყოთ მუშაობა იმისთვის, რომ მათზე დღეს მაინც მოხდეს რეაგირება”.

საპარლამენტო უმრავლესობის 3 ფრაქციის მიერ მხარდაჭერილი და ინიცირებული კანდიდატის - უჩა ნანუაშვილის - მისამართით საკმაოდ ბევრი პრეტენზია აქვს საპარლამენტო უმცირესობას. უმთავრესი პრეტენზიის მიხედვით, ნანუაშვილი ”ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული და, შესაბამისად, პოლიტიკურად მიკერძოებული პირია.

”ერთი სიტყვით შეიძლება ითქვას, რომ, ბატონო უჩა, თქვენ ბრძანდებით ”ოცნების” ომბუდსმენი. გნებავთ, ეს კომპლიმენტად მიიღეთ, გნებავთ, პარტიულ კუთვნილებად, მაგრამ ეს არის ფაქტი”, - განაცხადა დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ. მსგავსი მოსაზრება - ნანუაშვილის პოლიტიკურ მიკერძოებულობასთან დაკავშირებით - 7 დეკემბრის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ არაერთმა წარმომადგენელმა გაიმეორა. ამის დასტურად უმცირესობა ასახელებს ნანუაშვილის არასათანადო რეაგირებას ოპონენტთა პოლიტიკურ დევნასა და ქსენოფობიურ გამონათქვამებზე. უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” თავად ახდენს საკითხის პოლიტიზებას, როცა საგამოძიებო პროცესების დასრულებამდე ლაპარაკობს პოლიტიკურ დევნაზე ხელისუფლების მხრიდან, ხოლო რაც შეეხება, მაგალითად, გენინსპექციის ყოფილ უფროსს, თენგიზ გუნავას, სახალხო დამცველი მისი საქმისადმი განსაკუთრებული ყურადღების გამოვლენის პირობას დებს.
უჩა ნანუაშვილი არის ის ადამიანი, რომელმაც, თქვენგან განსხვავებით, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლებისგან განსხვავებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ყველა დოკუმენტი წარადგინა საქართველოში ეთნიკური წმენდის დასადასტურებლად ...

უჩა ნანუაშვილი ასევე საჭიროდ თვლის განმარტოს, რომ პარტიულ ინტერესებთან მას არასოდეს ჰქონია შეხება და რომ ის გასულ წელს, რამდენიმე თვის განმავლობაში, მხოლოდ საზოგადოებრივ მოძრაობა ”ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობდა. ახალი სახალხო დამცველი ამაში პრობლემურს ვერაფერს ხედავს და ამბობს, რომ ის, როგორც უფლებადამცველი, ყოველთვის მზად იყო ეთანამშრომლა ყველასთან, როცა საქმე მისთვის პრიორიტეტულ საკითხს - ადამიანის უფლებათა დაცვას -შეეხებოდა.

საპარლამენტო უმცირესობა ნანუაშვილს უხსენებს 2008 წლის აგვისტოს ომამდე არსებულ ინიციატივას, სახელწოდებით ”ბოდიში”, რომელიც აფხაზებისა და ოსებისთვის ბოდიშის მოხდის მცდელობას წარმოადგენდა. საპარლამენტო უმცირესობა მიიჩნევს, რომ უჩა ნანუაშვილი იქცევა და ფიქრობს რუსეთის ინტერესების შესაბამისად და აქარწყლებს იმას, რისთვისაც იბრძვის ქართული დიპლომატია საერთაშორისო ასპარეზზე. სულ სხვაგვარი დამოკიდებულება აქვს საკითხისადმი თავად უჩა ნანუაშვილს, რომელიც ბოდიშის მოხდის კამპანიას შერიგებისა და ნდობის აღდგენისკენ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მას არასოდეს უარუყვია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ამ საკითხთან მიმართებით მისი ძალიან კარგად ესმით საპარლამენტო უმრავლესობაში. როგორც, მაგალითად, დეპუტატმა თინა ხიდაშელმა აღნიშნა 7 დეკემბრის სხდომაზე, უჩა ნანუაშვილს ყოფილ ხელისუფლებაზე მეტიც კი აქვს გაკეთებული:

”უჩა ნანუაშვილი არის ის ადამიანი, რომელმაც, თქვენგან განსხვავებით, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლებისგან განსხვავებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ყველა დოკუმენტი წარადგინა საქართველოში ეთნიკური წმენდის დასადასტურებლად. თქვენგან განსხვავებით, თქვენი სამართალდამცველი ორგანოებისგან განსხვავებით, ის რამდენიმე სხვა ადამიანთან ერთად (და ჩემთვის დიდი პატივი იყო, რომ ამ პროცესში მასთან ერთად ვმუშაობდი), ჩვენ ვიბრძოდით იმისთვის, რომ სასამართლოს დაეწყო საქმის წარმოება საქართველოში აგვისტოს ომის შედეგად ეთნიკური წმენდის საქმეზე (და მე დარწმუნებული ვარ, უჩა ამას გააგრძელებს ამ ახალი თანამდებობიდანაც).”
ეს იყო ფარსი, ეს იყო ცუდად დადგმული სპექტაკლი, სადაც მათ თითქოსდა ხელი გაუწოდეს საზოგადოებას თანამშრომლობისთვის, მაგრამ რეალურად, უბრალოდ, არ აინტერესებდათ მისი აზრი ...

მიკერძოებულობის აქცენტს საპარლამენტო უმცირესობა ომბუდსმენის შერჩევის პროცესთან მიმართებითაც უსვამს ხაზს. თინათინ ბოკუჩავას მიაჩნია, რომ ომბუდსმენის შერჩევის პროცესში მოხდა საზოგადოებრივი აზრის იგნორირება და პროცესები არ განვითარდა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის თავდაპირველი შეთავაზების მიხედვით, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურა საზოგადოებას უნდა წამოეყენებინა. უმცირესობის წარმომადგენელი დეპუტატი დარწმუნებულია, რომ თამარ გურჩიანის კანდიდატურაზე, რომელსაც ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავდა, ხელისუფლებამ შეგნებულად თქვა უარი:

”ეს იყო ფარსი, ეს იყო ცუდად დადგმული სპექტაკლი, სადაც მათ თითქოსდა ხელი გაუწოდეს საზოგადოებას თანამშრომლობისთვის, მაგრამ რეალურად, უბრალოდ, არ აინტერესებდათ მისი აზრი”.

საზოგადოების იგნორირების ბრალდებას არ იზიარებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე. ის ამბობს, რომ 6 ღირსეულ კანდიდატს შორის ერთის შერჩევის პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი, ინტენსიური და, ამავე დროს, საკმაოდ რთულიც იყო:

”ჩვენ წავედით ერთ რამეზე, რომ უნდა გაგვეკეთებინა სრული კონსოლიდაცია, რომ მხოლოდ ერთ ადამიანზე გაგვეკეთებინა არჩევანი, თუმცა აზრი გაიყო, ბუნებრივია. თუმცაღა მაინც შევძელით, რომ, საბოლოო ჯამში, კონსოლიდაციას მივაღწიეთ, ერთ ადამიანზე ჩამოვყალიბდით - ბატონ უჩაზე - და მიმაჩნია, რომ ეს, ალბათ, სამართლიანი და სწორი გადაწყვეტილებაა. თუმცაღა ძალიან გული მწყდება - იმ ადამიანებთან (სხვა კანდიდატებთან), საბოლოო ჯამში, ურთიერთობა არ მინდა დავკარგოთ და მინდა, რომ ამ მიმართულებით მათ თავიანთი საქმიანობა აუცილებლად გააგრძელონ”.

დავით საგანელიძე ამბობს, რომ მას, როგორც პროფესიით ექიმს, დიაგნოზის დასმა ხანდახან დისტანციაზეც შეუძლია და მას სწორედ ეს უნარი უკარნახებს, რომ უჩა ნანუაშვილი დიდი ნდობის ღირსია. რაც შეეხება ომბუდსმენობის სხვა კანდიდატებს, უჩა ნანუაშვილი მათ სპეციალურ მრჩეველთა საბჭოში უპირებს მიწვევას, რათა მათი პროფესიონალიზმი და გამოცდილება გაიზიაროს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG