Accessibility links

როგორია სახელმწიფო პოლიტიკა უსახლკაროებთან დაკავშირებით? როგორ ხდება უსახლკაროთა სტატუსის მინიჭება და ვინ აკონტროლებს ამ პროცესს? არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, საქართველოში დღემდე არ არსებობს არანაირი სტატისტიკა იმის თაობაზე, თუ რამდენი უსახლკარო ადამიანი ცხოვრობს საქართველოში. მერიის ჯანდაცვისა და სოციალური საქალაქო სამსახურის განცხადებით, პროცესი ახლა დაიწყო, იდგმება პირველი ნაბიჯები და ამ საკითხის დარეგულირება უახლოეს მომავალში იგეგმება.

ლილოს დასახლებაში დეკემბერში გახსნილ სოციალურ თავშესაფარში, რომელიც 240 ადამიანზეა გათვლილი, დღეის მონაცემებით, 150 უსახლკარო ცხოვრობს. თითო ოთახში ათი ბენეფიციარია განთავსებული. ისინი უზრუნველყოფილნი არიან პირადი მოხმარების ნივთებითა და ჰიგიენური საშუალებებით. თავშესაფარში ფუნქციონირებს სასადილო, არის სააბაზანო და სამრეცხაო ოთახები. მიუხედავად იმისა, რომ თავშესაფარში მიღების წესები მკაცრად არის განსაზღვრული, - ბენეფიციარს არ უნდა ჰქონდეს გადამდები დაავადება, უნდა იყოს თბილისში რეგისტრირებული და ჰქონდეს უსახლკაროს სტატუსი, - ქალაქის მერიამ ზამთრის ცივ დღეებში გამონაკლისი დაუშვა და თავშესაფარში ყველა იმ ადამიანს შეუძლია მისვლა, რომელსაც ღამის გასათევი არ გააჩნია, თუმცა თავშესაფარში გადაყვანა შესაძლებელია მხოლოდ მისი, მერიის, ნებართვით. მანანა ბიგვავა, თავშესაფრის სოციალური მუშაკი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ რამდენიმე პირმა თავშესაფარი იმ მოტივით დატოვა, რომ მათთვის თავშესაფარში მოქმედი შინაგანაწესი მიუღებელი აღმოჩნდა:

„აქ ალკოჰოლის მიღება აკრძალულია. ძირითადად კარვებიდან არიან გადმოყვანილები. ორი პირი გუშინ მივიღეთ. თვითონ მოვიდნენ. ითვლება, რომ ეს თავშესაფარი დროებითია, მაგრამ, ალბათ, ეს პირობითია, რადგან, თუკი არ მოიხსნა ამ ადამიანების პრობლემა, მაშინ გამოდის, რომ ჩვენთან რჩებიან“.

უსახლკაროთა თავშესაფარი

უსახლკაროთა თავშესაფარი

სოციალური დახმარების შესახებ კანონის მიხედვით, უსახლკაროა პირი, რომელსაც არ აქვს მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი და რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოშია რეგისტრირებული როგორც უსახლკარო. რაც შეეხება უსახლკაროდ რეგისტრაციის პროცედურას, გასული წლის მიწურულს, დეკემბრის დასაწყისში, თბილისის საკრებულომ დადგენილება მიიღო თბილისის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ. თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას განმარტავს იმ წესებს, თუ როგორ უნდა მიიღოს ადამიანმა უსახლკარო პირის სტატუსი. ამისათვის ის მერიის მისაღებში უნდა მივიდეს და შეავსოს განაცხადის ფორმა, მის განაცხადს კი ორი კვირის მანძილზე შეისწავლის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის სპეციალური კომისია, რომელიც სხვადასხვა უწყების თანამშრომლებით იქნება დაკომპლექტებული:

„უნდა მოხდეს პირის იდენტიფიცირება. მაგალითად, გააჩნია თუ არა უძრავი ქონება. ამ ინფორმაციას ფლობს იუსტიციის სამინისტრო და საჯარო რეესტრი. შესაბამისად, კომისიაში არის წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან. მეორე: აქვს თუ არა პირს რაიმე შემოსავალი. ამ მიზნით, კომისიაში გვყავს წარმომადგენელი შემოსავლების სამსახურიდან. მესამე: იღებს თუ არა პირი სოციალურ დახმარებას თბილისში ან რეგიონში. ამ მიზნით არის წარმომადგენელი ჯანდაცვის სამინისტროდან. ამ დეტალების გარკვევის შემდეგ კომისია უკვე იღებს გადაწყვეტილებას სტატუსის მინიჭების ან არმინიჭების შესახებ“.

უსახლკაროთა თავშესაფარი

უსახლკაროთა თავშესაფარი

თუმცა, როგორც გელა ჩივიაშვილი ამბობს, თუკი პიროვნება დაუყოვნებლივ საჭიროებს თავშესაფარს, ის ამ თავშესაფრით კომისიის საბოლოო დასკვნის მიღებამდე იქნება უზრუნველყოფილი.

ადამიანის უფლებათა დამცველებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის კრიტიკის უმთავრესი საგანია ის ფაქტი, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს არანაირი სტატისტიკური მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენი უსახლკარო ადამიანი ცხოვრობს საქართველოში. არადა, აღრიცხვის წარმოება, 2006 წელს მიღებული სოციალური დახმარების შესახებ კანონის მიხედვით, სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ევალება.

ლინა ღვინიანიძე, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი, რადიო თავისუფლებასთან სწორედ იმ ხარვეზებზე საუბრობს, რომლებიც სახელმწიფოს უსახლკაროთა პოლიტიკის მიმართ აქვს. ამ მიზნით ორგანიზაციამ 5 იანვარს სპეციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს უზრუნველყონ ქუჩაში მცხოვრები უსახლკარო პირების პროაქტიული იდენტიფიცირება და მათი დაუყოვნებლივ დაკმაყოფილება დროებითი თავშესაფრით საქართველოს ყველა რეგიონში. ლინა ღვინიანიძის თქმით, დღეს უსახლკაროთა საკითხი სახელმწიფოს დღის წესრიგში პრიორიტეტს არ წარმოადგენს:

უსახლკაროთა თავშესაფარი

უსახლკაროთა თავშესაფარი

„სახელმწიფო არ აღიარებს ამ პრობლემას და არც კი იცის, როგორია ამ პრობლემის მასშტაბი. რამდენი უსახლკარო ჰყავს, როგორი არის ამ უსახლკაროების საჭიროებები მუნიციპალიტეტების მიხედვით, ვინ არის პასუხისმგებელი უსახლკაროებზე, რა არის უსახკლარობის ცნება - ეს არის პირი, რომელიც ღია ცის ქვეშ ცხოვრობს, თუ ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს თავშესაფარი, თუმცა იმდენად ცუდ მდგომარეობაშია მისი საცხოვრისი, რომ, პრინციპში, ისიც უნდა ჩაითვალოს უსახლკაროდ. სახელმწიფოს ამგვარი ხედვა საერთოდ არ გააჩნია. შესაბამისად, ეს აისახება იმაზეც, რომ მას არ აქვს ადეკვატური პოლიტიკა“.

ამ კრიტიკაზე საპასუხოდ, გელა ჩივიაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ უსახლკაროთა რეგისტრაციისა და მათი საჭიროებების შესწავლის პროცესი იანვრის პირველ დღეებში იწყება, მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის სპეციალური კომისია კი პირველ შეხვედრას 15 იანვრისთვის გეგმავს. რაც შეეხება იმას, თუ რა იქნება მას შემდეგ, რაც ადამიანი მიიღებს უსახლკარო პირის სტატუსს, გელა ჩივიაშვილი ამბობს:

„თუ მოხდება კერძო ან სახელმწიფო ორგანიზაციების მიერ სოციალური სახლების მშენებლობა და ისინი თუ მოითხოვენ ინფორმაციას ჩვენგან, თუ რამდენი ადამიანია უსახლკარო, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ სიას წარვუდგენთ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სტრუქტურებს“.

დღესდღეობით თბილისში ფუნქციონირებს ერთადერთი თავშესაფარი. კიდევ ერთი თავშესაფარი ფუნქციონირებს ბათუმში. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, საქართველოს მასშტაბით არსებული მხოლოდ ორი თავშესაფარი თბილისსა და ბათუმში არ პასუხობს იმ საჭიროებებს, რაც დღეს რეალურად დგას სახელმწიფოს წინაშე. ლინა ღვინიანიძის თქმით, მხოლოდ ქუჩაში მცხოვრები ადამიანები არ არიან უსახლკაროები და მათი რიცხვი დღეს გაცილებით დიდია:

„მაგალითად, თბილისში, მერიის ოფიციალური მაჩვენებლით, არის 400-ზე მეტი ობიექტი, სადაც სხვადასხვა ტიპის ადამიანები ცხოვრობენ, რომლებსაც საკუთრება არ აქვთ და ისინი თავიანთ თავს მიიჩნევენ საცხოვრისის საჭიროების მქონე პირებად. სახელმწიფოს არ შეუსწავლია ეს ჯგუფები. სახელმწიფომ არ იცის, ეს ადამიანები რეალურად არიან თუ არა უსახლკაროები. მან უნდა დაიწყოს ამ ჯგუფების შესწავლა და მათთვის ადეკვატური სერვისების შეთავაზება. და ეს არ არის მხოლოდ თბილისის პრობლემა“.

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წელს თბილისში ერთი უსახლკარო პირი გარდაიცვალა, რომელიც მოსკოვის გამზირზე არსებულ კარავში ცხოვრობდა. თუმცა, მათი თქმით, მას შემდეგ, რაც თბილისის მერიამ კარვების დემონტაჟი განახორციელა, ამ პირმა თავშესაფარში გადასვლაზე უარი განაცხადა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG