Accessibility links

შეღავათები ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად


საქართველო-თურქეთის საზღვარი, სარფის საბაჟო

საქართველო-თურქეთის საზღვარი, სარფის საბაჟო

საქართველოში მცხოვრები უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად შეღავათიანი პირობები დადგინდება. ასევე, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელებს საემიგრაციო ვიზის მიღება საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების გარეშე შეეძლებათ. მთავრობის ამ ინიციატივის განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში დღეიდან იწყება. რა შეღავათებს გულისხმობს ცვლილებები და როგორ აფასებენ ამ ცვლილებებს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები?

საქართველოს მოქალაქე თინათინ ლატარია და ინდოეთის მოქალაქე მანი კუმარ რაიაუნდუ გასულ ზაფხულში დაქორწინდნენ. დაქორწინების შემდეგ მანი კუმარმა იუსტიციის სამინისტროს ბინადრობის ნებართვის მისაღებად მიმართა, მაგრამ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მას ბინადრობის მიღებაზე უარი უთხრა. სააგენტოს უარი, როგორც სხვა ბევრ შემთხვევაში, შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნას დაეყრდნო: „კონტრდაზვერვის დეპარტამენტს საქმეში მითითებული პირისთვის მუდმივი ბინადრობის მინიჭების უფლება მიზანშეუწონლად მიაჩნია“. მანი კუმარმა სამართლებრივი დახმარებისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ მიმართა, რის შემდეგაც ცენტრის იურისტმა წერილი გაუგზავნა კონტრდაზვერვის სამსახურს და ინდოეთის მოქალაქისათვის ბინადრობის ნებართვაზე უარის თქმის მიზეზების განმარტება სთხოვა. როგორც მანი კუმარის ცოლი, თინათინი, გვეუბნება, წერილის გაგზავნიდან რამდენიმე ხანში კონტრდაზვერვის სამსახურმა პირველადი გადაწყვეტილება შეცვალა და მანი კუმარს ბინადრობის ნებართვა მისცა:

„მოგვივიდა მესიჯი, თქვენი საქმე დასრულებულიაო. შევედით ელექტრონულ სისტემაში და ვნახეთ, რომ ბინადრობის ნებართვაზე ჩემს ქმარს დადებითი პასუხი აქვს. ამ დასკვნაში წერია, ახლად აღმოჩენილი გარემოებებიდან გამომდინარე, ამ პიროვნებას ქვეყნისთვის საშიშ პიროვნებად არ მივიჩნევთო“.

4 ნოემბერს გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოში მცხოვრები უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად შეღავათიანი პირობები დადგინდება. ამ და სხვა შეღავათებს "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონში" დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომლის ინიცირებაც პარლამენტის ბიუროს 3 ნოემბრის სხდომზე მოხდა. საუბარია მიმდინარე წლის მარტში მიღებულ და 1-ელი სექტემბრიდან ძალაში შესულ ახალ კანონზე, რომლითაც რეგულირდება უცხოელთა საქართველოში შემოსვლა, ყოფნა, ტრანზიტით გავლა და საქართველოდან გასვლა. ამ კანონის საპირველსექტემბრო ცვლილებები თავის დროზე არაერთმა ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ გააპროტესტა. მათი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ კანონის ძირითად პრინციპებად აღიარებულია ოჯახის ერთიანობის, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, არგაძევებისა და ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპი, რეალობა სრულიად სხვაზე მეტყველებდა.

როგორც მთავრობა განმარტავს, პირველ სექტემბერს ძალაში შესული რეგულაციების პირობებში, საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერი საფუძვლის გარეშე უცხოელთა გარკვეული კატეგორია - დაახლოებით 2 000-მდე პირი - აღმოჩნდა, რომლებიც ბინადრობის ნებართვის მოპოვებისთვის დადგენილი პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით დაჯარიმებას ან საქართველოდან გაძევებას ექვემდებარებიან. გარდა ამისა, მთავრობის განმარტებით, ახალი კანონის ძალაში შესვლის შემდეგ დღის წესრიგში დადგა საქართველოში მყოფი უცხოელებისთვის საემიგრაციო ვიზის საქართველოს ტერიტორიაზე მინიჭების მიზანშეწონილობაც. შეგახსენებთ, რომ მოქმედი კანონმდებლობით, უცხოეთის მოქალაქეებს საქართველოს ვიზის მისაღებად საქართველოს ტერიტორიის დატოვება და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისათვის, საკონსულო დაწესებულებებისათვის მიმართვა უწევთ, რაც მთავრობის თქმით, მნიშვნელოვან დროს და ფინანსურ რესურსს მოითხოვს და, ზოგადად, საქართველოში კანონიერად მყოფ უცხოელებს არახელსაყრელ პირობებში აყენებს.

რა თქმა უნდა, დაგეგმილი შეღავათები ამარტივებს უცხოელების მდგომარეობას, მაგრამ ეს არ არის ძირითდი ცვლილება, რაც უნდა შეიტანონ კანონში...

როგორც იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის უფროსი სოსო გიორგაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას განმარტავს, კანონში დაგეგმილი ცვლილებები შექმნილი ვითარების გამოსწორებას ისახავს მიზნად. ის გველაპარაკება იმ შეღავათებზე, რომლებიც გარდამავალ პერიოდში უცხოელი მოქალაქეებისათვის დაწესდება:

„ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოეთის მოქალაქეებს შეუძლიათ მომართონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. ასე რომ, მათ არ დასჭირდებათ შესაბამისი კატეგორიის ვიზის წარდგენა. მაგრამ ეს შეღავათები გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც 2014 წლის 17 მარტის შემდეგ შემოვიდნენ საქართველოში. კერძოდ, უცხოელი, რომელზეც გაცემული იყო ბინადრობის ნებართვა ან რომელიც 2014 წლის 17 მარტის შემდეგ შემოვიდა საქართველოში, 2015 წლის 1-ელ მარტამდე საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლდება“.

ამასთან, კანონპროექტით დადგენილია ასეთი კატეგორიის უცხოელთა საქართველოდან გაძევების დაუშვებლობა და საქართველოში კანონიერად ყოფნის წესების დარღვევის გამო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება. ბინადრობის ნებართვის მოპოვების შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, უცხოელი გაძევებას არ დაექვემდებარება. ამავე დროს, უცხოელს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე 2014 წლის 17 მარტამდე შემოვიდა და საქართველოდან გასული არ არის, ენიჭება უფლება, საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ, საემიგრაციო ვიზა 2015 წლის 1-ელ მარტამდე მიიღოს.

კონტრდაზვერვა მონაწილეობდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იყო ისეთი ქვეყნებიდან მოთხოვნა, საიდანაც შეიძლება თეორიულად იყოს ტერორიზმის საფრთხე. ეს არის საერთაშორისო სია და ეს ვალდებულება გვქონდა ჩვენც, რომ გადაგვემოწმებინა. თუმცა ეს ყველაფერი განხილვის პროცესში ისე ხდებოდა, რომ ამას მოქალაქე თავის თავზე ვერ გრძნობდა...

ნესტან ლონდარიძე, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი, იმ არაერთი უცხოეთის მოქალაქის საქმეს იცნობს, რომლებსაც უკანასკნელ პერიოდში ბინადრობის მიღებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ. მთავრობის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს ნებართვის მოპოვების შეღავათიანი პირობების შემოღებასთან დაკავშირებით დადებითად აფასებს, თუმცა ამბობს, რომ ამ შეღავათებით ვერ გაეცა პასუხი მის და ასევე უცხოეთის სხვა მოქალაქეების მთავარ კითხვას:

„ანუ რა იგეგმება იმისათვის, რომ შემდგომში ბინადრობის ნებართვის მსურველმა უცხოელებმა არ მიიღონ დაუსაბუთებელი უარი ბინადრობის ნებართვაზე. ამ მიმართულებით კანონში არანაირი ცვლილება არ იგეგმება. რა თქმა უნდა, დაგეგმილი შეღავათები ამარტივებს უცხოელების მდგომარეობას, მაგრამ ეს არ არის ძირითდი ცვლილება, რაც უნდა შეიტანონ კანონში“.

სოსო გიორგაძე განმარტებას აკეთებს ბინადრობის ნებართვის გაცემის პროცესში შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ჩართულობის თაობაზე და ამბობს, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ზრუნავს ქვეყანაში მიგრაციისა და, ამასთანავე, უსაფრთხოების საკითხებზე, ამ პროცესში აუცილებლად ჩართავს შესაბამის სტრუქტურებს და, მისი თქმით, ამ მიმართულებით კანონში არანაირი ცვლილებები არ იგეგმება. ამ საკითხზე რადიო თავისუფლება რამდენიმე ხნის წინ ესაუბრა გიორგი ვაშაძეს, საპარლამენტო უმცირესობის წევრსა და იუსტიციის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომელიც, აი, რას ამბობს:

„კონტრდაზვერვა მონაწილეობდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იყო ისეთი ქვეყნებიდან მოთხოვნა, საიდანაც შეიძლება თეორიულად იყოს ტერორიზმის საფრთხე. ეს არის საერთაშორისო სია და ეს ვალდებულება გვქონდა ჩვენც, რომ გადაგვემოწმებინა. თუმცა ეს ყველაფერი განხილვის პროცესში ისე ხდებოდა, რომ ამას მოქალაქე თავის თავზე ვერ გრძნობდა და, შესაბამისად, თუ არ იყო დასაბუთებული უარის საფუძველი, მაშინ ჩვენ მოქალაქეს უარს არ ვეუბნებოდით და ვაძლევდით ბინადრობის ნებართვას“.

საქართველოში მყოფ უცხოელთა მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული კიდევ ერთი სიახლე იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საემიგრაციო ვიზა შეიძლება გაიცეს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე. ამ მიზნით უცხოელმა შესაბამისი განცხადებით საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა მიმართოს საქართველოში თავისი კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე, არა უგვიანეს 45 დღისა.

რაც შეეხება უცხოეთის მოქალაქეებისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემის სტატისტიკას, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, სექტემბერში სააგენტომ დააკმაყოფილა დროებითი ბინადრობის 1 321 და მუდმივი ბინადრობის 308 განცხადება. ანუ, უწყების განმარტებით, დაკმაყოფილდა უცხოეთის მოქალაქეთა განცხადებების 80%-ზე მეტი.

XS
SM
MD
LG