Accessibility links

logo-print

ვის დასაჭერად მოიხმეს უცხოელი პროკურორები საქართველოში?


მთავარი პროკურატურა

მთავარი პროკურატურა

მოწვეულ უცხოელ სპეციალისტებს შორის, ვისგანაც საქართველოს მთავარი პროკურატურა გამოცდილების გაზიარებასა და საჭირო რჩევების მიღებას გეგმავს, ჰააგის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილე ჯეფრი ნაისიც გვხვდება. ”ნაციონალური მოძრაობა” გამოთქვამს ეჭვს, რომ ამჟამინდელი მთავრობა პრეზიდენტ სააკაშვილის გასასამართლებლად ემზადება. ხელისუფლება ზოგადად არ მალავს, რომ უცხოელ ექსპერტთა კონსულტაციები მათ მაღალი თანამდებობის პირთა სამართლებრივი დევნის პროცესშიც დაეხმარება. უცხოელი სპეციალისტების მოწვევას გარკვეულწილად დაგვიანებულადაც კი მიიჩნევენ არასამთავრობო სექტორში.

შეუბღალავი წარსული, პროფესიონალიზმი, დიდი გამოცდილება და პრინციპულობა - როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, სწორედ ამ კრიტერიუმების მიხედვით შეარჩია საქართველომ სისხლის სამართლის სფეროში მოღვაწე ცნობილი უცხოელი სპეციალისტები. მათ შორის არის გაეროს დაქვემდებარებული სტრუქტურის, - ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის, - ჰააგის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილედ ნამუშევარი ჯეფრი ნაისი. გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან ტრიბუნალი განიხილავდა ყოფილ იუგოსლავიის ტერიტორიაზე საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაში პასუხისმგებელ პირთა საქმეებს.

ჩვენ აქ ვართ, რათა ხელი შევუწყოთ პროკურორს და დავეხმაროთ მას პროკურატურაში ამჟამად მიმდინარე საკითხების შეფასებაში. ჩვენ გავუზიარებთ გამოცდილებას...

მთავარი პროკურატურის მიერ მოწვეულთა შორის ასევე არიან: ისრაელის ყოფილი სახელმწიფო პროკურორი მოშე ლადორი და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების ყოფილი დირექტორი პოლ კაფი. ექსპერტები მოკლე და ზოგადი კომენტარებით შემოიფარგლებიან და დახმარებისთვის სრულ მზადყოფნას აცხადებენ. აი, რას ამბობს პოლ კაფი:

”ჩვენ აქ ვართ, რათა ხელი შევუწყოთ პროკურორს და დავეხმაროთ მას პროკურატურაში ამჟამად მიმდინარე საკითხების შეფასებაში. ჩვენ გავუზიარებთ გამოცდილებას, თუ როგორ განვიხილავთ ამ საკითხებს განსხვავებული სამართალწარმოებითა და განსხვავებული მიდგომებით”.

რა დაუჯდა ამ სპეციალისტების მოწვევა ბიუჯეტს? - ასეთ შეკითხვას სვამს „ნაციონალური მოძრაობა“ და იქვე განმარტავს, რომ კონსულტანტები ვერ უშველიან პროკურატურას საქართველოში, რადგანაც მისი ქმედებებისა და ბრალდებების მთავარ მოტივს ოპონენტების პოლიტიკური დევნა წარმოადგენს. როგორც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა 24 ივლისს გამართულ ბრიფინგზე, როგორც ჩანს, მთავრობა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გასამართლებისთვის ემზადება:

”დღევანდელი პროკურატურის ამოცანა, უბრალოდ, იმ კრიტიკის განეიტრალებაა, რაც ამ მთავრობას დამსახურებულად ერგო საერთაშორისო ასპარეზზე. და,როგორც ჩანს,შემდეგი სამიზნე პრეზიდენტი სააკაშვილია, რომელიც აქტიურად მოღვაწეობს მსოფლიო ასპარეზზე უკრაინის მხარდასაჭერად და ჩართულია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო კამპანიაში. პოლიტიკური ანგარიშსწორების სურვილით შეპყრობილ მთავრობას მაინც გადაწყვეტილი აქვს საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის წამოწყება მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარტნიორმა ქვეყნებმა, მაღალ პოლიტიკურ დონეზე, არა ერთხელ გააფრთხილეს საქართველოს მთავრობა, არ გადაედგათ ეს მცდარი ნაბიჯი”.

როდესაც მთავარმა პროკურატურამ გადაწყვიტა, რომ ყოფილ პროკურორებს, პრაქტიკოს უცხოელ იურისტებს საქმეების დეტალები გააცნოს და სთხოვოს მათ კონსულტაცია, ახლა თურმე არც ეს მოსწონს „ნაციონალურ მოძრაობას“...

თუკი იქნება სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი, პროკურატურამ, ცხადია, არც მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში უნდა დაიხიოს უკან - ასეთია ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის პოზიცია. უმრავლესობის წარმომადგენლის ინფორმაციით, თუკი ასეთი საკითხი დადგება დღის წესრიგში, საქართველო უცხოელი კონსულტანტების დახმარებითაც ისარგებლებს. გვარების დაკონკრეტების გარეშე, მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ პოლიტიკურად სენსიტიური საქმეების გამოძიების პროცესში - კიდევ უფრო მეტი გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით - განსაკუთრებით ღირებული იქნება იმ ექსპერტების რეკომენდაციები, რომლებსაც აქვთ სასამართლოებში მაღალი თანამდებობის პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის მხარდაჭერის გამოცდილება.

”საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელის კახა კახიშვილისთვის გაუგებარია „ნაციონალური მოძრაობის“ მწვავე რეაქცია უცხოელი ექსპერტების ჩამოყვანასთან დაკავშირებით, რადგანაც, თუკი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები უდანაშაულონი არიან, მათ ახლა საკუთარი სიმართლის დამტკიცების მეტი შესაძლებლობა მოეცემათ:

”ერთი მხრივ, ისინი აცხადებენ მთელ მსოფლიოში, რომ ყველა საქმე, რომელიც უკავშირდება ყოფილ პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, ატარებს პოლიტიკური დევნის ნიშნებს, ხოლო, მეორე მხრივ, როდესაც მთავარმა პროკურატურამ გადაწყვიტა, რომ ყოფილ პროკურორებს, პრაქტიკოს უცხოელ იურისტებს საქმეების დეტალები გააცნოს და სთხოვოს მათ კონსულტაცია, ახლა თურმე არც ეს მოსწონს „ნაციონალურ მოძრაობას“... ვერ ვხედავ მათ განცხადებებში ლოგიკას”.

კახა კახიშვილი ფიქრობს, რომ აუცილებელია უცხოელი ექსპერტების საკონსულტაციო ჯგუფში ქართველი მეცნიერების ჩართვაც, რათა სისხლის სამართლის სფეროს საჭიროებების განხილვა უფრო სიღრმისეულად მოხდეს. ასევე მისი აზრით, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების ინიციატივა დაგვიანებულიც კია და ეს უნდა მომხდარიყო მანამდე, ვიდრე ცალკეულ შემთხვევებში პროკურატურა სისუსტესა და უუნარობას გამოიჩენდა.

XS
SM
MD
LG