Accessibility links

logo-print

კვირის დასაწყისში უცხოეთის პრესა გამოეხმაურა აშშ-ში შავკანიანი მოქალაქეების მიმართ პოლიციის ძალადობას და პოლიციელების დაუსჯელობას, ასევე აშშ-ში დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს საქმიანობის შესახებ სენატის ანგარიშს, რომელშიც დაკითხვის უწყებისეული მეთოდებია გაკრიტიკებული.

ბრიტანული „ტაიმსი“ შეკითხვას სვამს, რატომ გადაჭრით არ მოქმედებს პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ ამერიკის პირველი აფრიკული ფესვების მქონე პრეზიდენტი, ბარაკ ობამა: „პრეზიდენტ ობამას დუმილი აუხსნელია. ის მეორე ვადით პრეზიდენტობის ბოლო ეტაპს უახლოვდება და არ სჭირდება კვლავ არჩევისთვის იზრუნოს. შესაბამისად, შეეძლო უფრო თამამად და გადაჭრით ემოქმედა. თუმცა ცოტა ხნის წინ მან აღსანიშნავი ფრაზა წარმოთქვა: პრობლემა არ შემოიფარგლება ქალაქ ფერგიუსონით, ეს ამერიკის პრობლემააო“. „ტაიმსი“ ბოლოს წერს: „მან უნდა იცოდეს, რომ ეს უფრო მეტიცაა, ვიდრე ამერიკის პრობლემა: ეს ამერიკის სირცხვილია“.

თურქეთში გამომავალ გაზეთ „რადიკალში“ წაიკითხავთ, დღე არ გავა, რომ აშშ-ში პოლიციამ ვინმე არ დახვრიტოსო. „ბოლო მსხვერპლი ლოს ანჯელესელი კაცი იყო. პოლიციამ აღნიშნა, რომ ის თეთრკანიანი იყო. აქედან ჩანს, რა განერვიულებულია უწყება საპროტესტო გამოსვლებით, მაგრამ მთავარი სკანდალი ისაა, რომ ობამამ, როგორც აშშ-ის პირველმა შავკანიანმა პრეზიდენტმა, დაიცვა ფერგიუსონის სასამართლო ჟიურის გადაწყვეტილება, რომ თეთრკანიანი პოლიციელი შავკანიანისთვის სროლის გამო არ უნდა გასამართლდეს. ამერიკას სურს სხვა ქვეყნებს დემოკრატია და ადამიანის უფლებების დაცვა ასწავლოს, მაგრამ თვითონ პოლიციური სახელმწიფოაო“, წერს თურქეთის „რადიკალი“.

ნორვეგიის გაზეთი „დაგვსავიეზენი“ შექსპირის „ჰამლეტიდან“ ფრთოსანი გამონათქვამის პერიფრაზს აკეთებს და წერს, რაღაც ძალიან დალპა ამჯერად არადანიის სახელმწიფოშიო. „შავკანიან კაცებს აშშ-ში პოლიცია ოთხჯერ უფრო ხშირად ხოცავს, ვიდრე თეთრებს და პოლიციელებს აშკარად უფრო ხშირად მაშინ ამართლებენ, როცა თავდასხმის მსხვერპლი შავკანიანია. უნდობლობა ორმხრივია. თეთრკანიანი პოლიციელები სწრაფად მოიხმარენ იარაღს, რადგან შავკანიანების მხრიდან საფრთხის გადაჭარბებული მოლოდინი აქვთ. ობამას შეთავაზება, პოლიცია კამერებით აღჭურვონ, მართალია, სწორია, მაგრამ აშშ პრობლემას ვერ დაძლევს, სანამ რასიზმის ფესვებს ხელით არ მისწვდება“, წერს ნორვეგიის გაზეთი.

აშშ-ის პრესა გამოეხმაურა ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის მიერ ტერორიზმში ეჭვმიტანილების მიმართ დაკითხვის სასტიკი მეთოდების გამოყენების შესახებ სენატის ანგარიშს. „ნიუ იორკ ტაიმსი“ წერს: „მსოფლიომ დიდი ხანია იცის, რომ 2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმების შემდეგ აშშ-ის მთავრობამ ადამიანები უკანონოდ დააპატიმრა, შემდეგ კი აწამა. ისიც ცნობილია, რომ აშშ-ის მთავრობამ კონგრესი და მთელი მსოფლიოც მოატყუა, მაგრამ ამ მოვლენების გამოძიების სენატისეული საბოლოო ანგარიში, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ უკვე განხორციელებული გასაიდუმლოების მიუხედავად, გვიჩვენებს გახრწნილებას, რომელიც რთული გასაგები და მოსანელებელია“. „ვაშინგტონ პოსტი“ წამების საზარელ ფაქტებზე წერს: სენატის „ანგარიში ადასტურებს დაკითხვის მტკივნეულ და დამამცირებელ მეთოდებს, რომელთაგან ზოგიერთი თავიდანვე იყო დაშვებული, სხვები კი არა. ამერიკელები ასე არ უნდა იქცეოდნენ. არასოდეს! წამება არაა მართებული, მიუხედავად იმისა, მოჰყვება მას შედეგი თუ არა. ობამას ადმინისტრაციის ერთმა წევრმა სწორად შენიშნა: მიზეზი, რატომაც ავკრძალეთ ეს მეთოდები არის ის, რომ ისინი ჩვენ ფასეულობებს ეწინააღმდეგებაო“. „ვაშინგტონ პოსტის“ თანამშრომლები კოლექტიურად აცხადებენ, არ უგულებელვყოფთ გაფრთხილებას, რომ ამ ანგარიშის გამოქვეყნება ანტიამერიკულ განწყობილებას გააძლიერებს, მაგრამ შორეულ პერსპექტივაში აშშ მოიგებს, თუკი გამჭვირვალედ და თვითკრიტიკულად აღიარებს ჩადენილს, პირველ რიგში კი, პირობას დადებს, რომ 9 სექტემბრის შემდეგდროინდელ შეცდომებს აღარასოდეს გაიმეორებსო.

სერბიის გაზეთი „პოლიტიკა“ დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს შესახებ ანგარიშის გამო წერდა: „სენატის ანგარიში სცილდება ტერორიზმში ეჭვმიტანილების მიმართ აშშ-ის საიდუმლო სამსახურების მოპყრობაზე ყველაზე საშინელ წარმოდგენებს. მისი ბევრი მეთოდი ადამიანისთვის დამამცირებელი იყო. აღიარებით ჩვენებებს წამების შუასაუკუნეობრივი მეთოდებით აღწევდნენ, აშშ-ის კონსტიტუციის დარღვევით“, წერს ბელგრადის გაზეთი.

შვეიცარიის „ნოიე ციურხერ ცაიტუნგი“ სხვა საკითხზე მიაქცევს მკითხველის ყურადღებას: „ანგარიშს აქვს ნაკლი. ერთობ დიდია მცდელობა განტევების ვაცად გადააქციონ დაზვერვის ცენტრალური სამმართველო. ჩანს, ეს არის კონგრესის ინტერესი, მაშინ როცა თავადაა გასაკრიტიკებელი იმის გამო, რომ თავისი, როგორც ზედამხედველის,მოვალეობა ვერ შეასრულა. სენატორები დაზვერვის სამმართველოს დეზინფორმაციაზე მითითებით იცავენ თავს, მაგრამ დამოუკიდებელ გამოძიებას შეეძლო დაინტერესებულიყო იმით, რომ კონგრესი საიდუმლო სამსახურების მოქმედებას განზრახ არ აკვირდებოდა და სწორედ ამით შექმნა პოლიტიკური კლიმატი, როცა ანტიტერორისტული მეთოდები ტაბუირებული აღარ იყო“, ფიქრობს „ნოიე ციურხერ ცაიტუნგი“.

XS
SM
MD
LG