Accessibility links

logo-print

ახლო აღმოსავლეთიდან - სირიიდან და სხვა ქვეყნებიდან - ლტოლვილთა თემის გარშემო წერს „ვაშინგტონ პოსტი“, რომელიც პრობლემას არაბული სამყაროს ჩარჩოებშიც განიხილავს. სტატია ასეა დასათაურებული: „არაბული სამყაროს უმდიდრესი ქვეყნები არაფერს აკეთებენ სირიელი ლტოლვილებისთვის“. გაზეთს მოჰყავს „ამნესტი ინტერნეიშენელის“ სიტყვები, რომ სპარსეთის ყურის ექვსი ქვეყნიდან - ესენია: კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, კუვეიტი, ომანი და ბაჰრეინი - არც ერთმა არ გამოყო ადგილი სირიელი ლტოლვილებისთვის. გაზეთის თანახმად, ამ პოზიციას გამოეხმაურა „ჰიუმენ რაიტს უოჩი“, რომლის აღმასრულებელი დირექტორი, კენეთ როტი, წერდა ტვიტერში: გამოიცანით, რამდენი სირიელი ლტოლვილის მიღებისთვის მზადყოფნა გამოხატეს საუდის არაბეთმა და სპარსეთის ყურის ქვეყნებმაო. ნულისო, უპასუხებს კენეთ როტი თვითონვე. გაზეთი განაგრძობს: ეს შოკის მომგვრელია, რადგან ეს ქვეყნები შედარებით ახლოს არიან სირიასთან და, ამასთან, ფლობენ არაჩვეულებრივ რესურსებს. „ვაშინგტონ პოსტი“ ციტირებს დუბაიში დამკვიდრებული პოლიტოლოგის, სულტან სუად ალ-ყასიმის, ნათქვამს, რომ ამ ქვეყნებს არაბულ სამყაროში უდიდესი სამხედრო ბიუჯეტები აქვთ, იქ ცხოვრების უმაღლესი დონეა, და, განსაკუთრებით საამიროებს, ხანგძლივი ტრადიცია აქვთ არაბული ქვეყნებიდან ლტოლვილთა მიღების და შემდეგ მათთვის მოქალაქეობის მინიჭებისა. იქვე „ვაშინგტონ პოსტი“ წერს: ეს ქვეყნები, ამასთანავე, მთლად უცოდველნიც არ არიან. მეტად თუ ნაკლებად, საუდის არაბეთის, კატარის, საამიროებისა და კუვეიტის გარკვეული ელემენტები აფინანსებდნენ კონფლიქტს სირიაში და შესამჩნევ როლს თამაშობდნენ მეამბოხეთა და ისლამისტური დაჯგუფებების დაფინანსებასა და შეიარაღებაში სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადის, წინააღმდეგ საბრძოლველად.

ლონდონში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი „რაია ალ იუმი“ ამავე თემაზე წერდა: ევროპა მორალურად და პოლიტიკურად ვალდებულია შეუზღუდავად მიიღოს სირიელი და სხვა არაბი ლტოლვილები, რადგან ევროპას აკისრია ამ ტრაგედიისთვის პასუხისმგებლობის დიდი ნაწილი. ევროპა აქეზებდა არაბებს ამბოხისკენ, წვრთნიდა და იარაღს აწვდიდა ოპოზიციას, ერეოდა ლიბიის საქმეებში, სხვადასხვა საბაბით გზავნიდა იქ გემებს და უპილოტო თვითმფრინავებს იემენში, ერაყსა და სირიაში. ასეულობით წლების წინ ევროპამ, როგორც ჩვენი ქვეყნების კოლონიზატორმა, მიიტაცა ჩვენი სიმდიდრე, დაყო ჩვენი ქვეყნები. ვინც ქარს თესავს, ის ქარიშხალს მოიმკისო, - ბიბლიური სიბრძნით სრულდება არაბული გაზეთის ეს პასაჟი.

პოლონეთში გამომავალი „ჟეჩპოსპოლიტა“ მიზეზის უფრო ღრმად ძიებას ცდილობს: ლტოლვილთა უდიდესი ტალღა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ზოგიერთი დასავლური ქვეყნის კარდინალური შეცდომის ბრალია: საფრანგეთისა და ბრიტანეთის სამხედრო ჩარევამ ლიბიაში მოიტანა კადაფის დამხობა, მაგრამ არ არსებობდა გეგმა, რა უნდა მომხდარიყო შემდგომ. დასავლეთი სირიაში მხარს უჭერდა ოპოზიციას, რომელიც დიქტატორ ასადს ებრძოდა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც არავის უფიქრია, რომ რეგიონს ისლამისტი ფუნდამენტალისტები დაეპატრონებოდნენ და მილიონობით ადამიანს მოუწევდა გაქცევა.

„ნიუ იორკ ტაიმსი“ ევროკავშირის ლტოლვილთა პოლიტიკის შეცვლაზე წერს და აკრიტიკებს დუბლინის დადგენილებას, რომელიც ევროპაში თავშესაფრის მოთხოვნისა და მისი მიცემის საკითხებს არეგულირებს. დუბლინის 1990 წლის დადგენილებამ, წერს გაზეთი, უსამართლოდ მიგვიყვანა იქამდე, რომ ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნებს, იტალიას და საბერძნეთს, უწევთ მთავარი ტვირთის ზიდვა. გერმანიის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მას სურს მიიღოს სირიელი ლტოლვილები. კანცლერმა მერკელმა, ამასთან, მოითხოვა ლტოლვილთა სამართლიანი განაწილება ევროკავშირის შიგნით. „ნიუ იორკ ტაიმსი“ თვლის, რომ რაიმე უნდა გაკეთდეს და თან, სწრაფად. ეს არა მარტო ლტოვილებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ევროკავშირის პოლიტიკური სტაბილურობისთვისაც. ლტოლვილთა ტალღამ არა მხოლოდ უცხოელთა მიმართ მტრულად განწყობილი მემარჯვენეები გაააქტიურა, არამედ უთანხმოება გამოიწვია ევროკავშირის წევრებს შორისაც, თვლის „ნიუ იორკ ტაიმსი“.

ლტოლვილთა პრობლემის გარშემო წერს ბრიტანეთის გაზეთი „ინდეპენდენტი“. აქ ნათქვამია, პრემიერ-მინისტრი კამერონი ცდება, როცა ამბობს, პრობლემა მხოლოდ ლტოლვილების მიღებით არ მოგვარდებაო. რა თქმა უნდა, კრიზისზე პასუხი ლტოლვილების შეშვებაა ქვეყანაში. კიდევ, აბა, რა? ბედის ანაბარა მათი მიტოვება ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე? თუ მიტოვება უიმედო ბანაკებში ან ბუდაპეშტის სადგურთან? - რიტორიკულ შეკითხვას სვამს „ინდეპენდენტი“.

გაზეთი „ელ მუნდო“, რომელიც ესპანეთში გამოდის, წერს, რომ გერმანიის მიერ ლტოლვილებისთვის გამოცხადებული სოლიდარობის მაგალითს უნდა მისდიონ ევროკავშირის ქვეყნებმა. ევროკავშირს, ჩანს, დაავიწყდა, რომ ის შეიქმნა კონტინეტზე საზღვრების მოსპობის იდეით. მრავლის მეტყველია ის ფაქტი, რომ უნგრეთში ლტოლვილები გაიძახიან, გერმანიაში გვინდა ჩასვლა და არა ევროპაშიო. „ელ მუნდოს“ თანახმად, ევროკავშირი წარუმატებელი აღმოჩნდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG