Accessibility links

logo-print

მიმდინარე კვირაში უცხოეთის პრესაში ბევრი დაიწერა თურქეთისა და ევროკავშირის ურთიერთობაზე. საზღვრის დაცვის გაძლიერების სანაცვლოდ, ევროკავშირი ანკარას დაჰპირდა ახალი ეტაპის დაწყებას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებში. ზოგიერთი ჟურნალისტი აღნიშნავდა, რომ თურქეთს კვლავაც ბევრი აშორებს ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმების დაკმაყოფილებისგან, სხვები კი ევროკავშირის ამ წინადადებას განიხილავდნენ ერთადერთ საშუალებად შენგენის შეთანხმების გადასარჩენად. იტალიაში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის „სტამპა“ 1 დეკემბერს წერდა: „ევროპის სტრატეგია - კოორდინირება გაუწიოს (და არა გადაჭრას) ლტილვილთა კრიზისი - მოიცავს ევროკავშირის საზღვრების გაძლიერებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული შიდა საზღვრების კვლავ აღმართვის საჭიროება. .. ეს ერთადერთი გზაა შენგენის გადასარჩენად. ... თურქეთის მხარდაჭერა აქ შეუცვლელია. ერთი თვის წინ ბრიუსელი მას უკვე დაჰპირდა ფინანსურ დახმარებას, კვირას კი ახალი ის მოხდა, რომ გამოჩნდა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების განახლების ნება. ევროპის პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანია იმაში, რომ ანკარის ევროპისკენ სვლა შეჩერებული იყო. ბრიუსელმა თურქეთი მოსაცდელ ოთახში შეიყვანა და იქ დატოვა“.

ამ კვირაში პრესა აქტიურად გამოეხმაურა ნატოს განცხადებას, რომ გააძლიერებს თურქეთის საჰაერო თავდაცვას სირიის საზღვართან. რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ დაინგრა „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტების საწინაააღმდეგო ალიანსი მოსკოვთანო, წერდა ჟურნალისტების ნაწილი, სხვები კი დასავლეთს მოუწოდებდნენ ანკარას არ მისცეს ვითარების სათავისოდ გამოყენების საშუალება. ბულგარეთში ახალი ამბების ინტერნეტგამოცემა „კლაბ ზეტი“ 1 დეკემბერს წერდა: „პუტინი ახლა უფრო გადაჭრით დაუჭერს მხარს ასადის რეჟიმს. თავის სირიელ კოლეგა ვალიდ ალ-მუალიმთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე [რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა] ლავროვმა უკვე უპრეცედენტოდ მკაფიოდ ისაუბრა რუსეთის მხარდაჭერაზე სირიის რეჟიმის მიმართ. ... როგორ უპასუხებს ნატო რუსეთის მონოპოლიას სირიის კონფლიქტზე? ვაშინგტონის რეაქცია კვლავ იმას დასჯერდება, რომ არ დაეთანხმოს საბრძოლო თვითმფრინავის ჩამოგდების რუსეთის ვერსიას? რამდენად შორს მიუშვებენ რუსეთს სირიის ჭაობში ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები? რთული განსაჭვრეტია როგორ განვითარდება სიტუაცია, მაგრამ ერთი რამ ცხადია: სირიელი ხალხი იმაზე მეტად დაიტანჯება, ვიდრე ამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში იტანჯებოდა“.

მიმდინარე კვირაში ნატომ ოფიციალურად მიიწვია ჩერნოგორია ალიანსში გასაწევრიანებლად. პრესა ამ ფაქტსაც აქტიურად აშუქებდა. ჟურნალისტების ნაწილი თვლიდა, რომ ამ ეტაპზე ალიანსის გაფართოება მოსკოვის პროვოცირებას ნიშნავს, სხვები კი ამას ბალკანეთის სტაბილიზაციისთვის გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევდნენ. გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი „დოიჩლანდფუნკი“ 2 დეკემბერს ვებსაიტზე წერდა: „ნატო მესამე მხარეს, თუნდაც რუსეთივით მნიშვნელოვან მესამე მხარეს, უფლებას ვერ მისცემს უკარნახოს ვინ მიიწვიოს ალიანსში გასაწევრიანებლად. ... საერთაშორისო კანონი აღიარებს ყველა სახელმწიფოს უფლებას თავად აირჩიონ რომელ ალიანსებში სურთ გაწევრიანება. ... [კრემლისთვის გაგზავნილი] შეტყობინება შემდეგია: ჩვენ მეტი კონტაქტი გვსურს, რათა სამხედრო გაუგებრობები არ გადაიზარდოს კატასტროფულ ჯაჭვურ რეაქციაში და იმის გამოც, რომ თქვენ გვჭირდებით, როგორც სტრატეგიული პარტნიორი საერთაშორისო ასპარეზზე. ნატო-რუსეთის საბჭოს აღდგენისკენ მიმართული მცდელობები შესაძლოა ამის მიღწევას წაადგეს, თუმცა, თანამშრომლობის მძლავრი სურვილის მიუხედავად, კრემლს უფლებას ვერ მივცემთ ჩვენი დღის წესრიგი გვიკარნახოს, თუნდაც სირიასთან მიმართებით“.

გაზეთმა „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ უჩვეულო ნაბიჯი გადადგა და პირველ გვერდზე განთავსებული სარედაქციო წერილი დაუთმო მოწოდებას აშშ-ში იარაღზე კონტროლის გამკაცრებისკენ. 5 დეკემბერს გამოქვეყნებული სარედაქციო წერილი მოიცავს მოწოდებას იმ ტიპის იარაღის აკრძალვისკენ, რომლებიც კალიფორნიაში მომხდარი სროლის დროს გამოიყენეს. სროლას 14 ადამიანი შეეწირა. სიედ ფარუკმა და ტაშფინ მალიკმა, ცოლ-ქმარმა, სან ბერნარდინოში მასობრივი სროლა განახორციელეს კანონიერად ნაყიდი 223-კალიბრიანი თავდასხმითი ცეცხლსასროლი იარაღით. წყვილს ასევე ჰქონდა ნახევრად ავტომატური პისტოლეტები. გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებით, სროლის გამოძიება მიმდინარეობს „ტერორიზმის აქტის“ კვალიფიკაციით. აშშ-ის ოფიციალური პირების ცნობით, მალიკი, სავარაუდოდ, სოციალური მედიით ერთგულებას უცხადებდა ექსტრემისტული ჯგუფის, „ისლამური სახელმწიფოს“, ლიდერს. „გარკვეული სახის იარაღის, მაგალითად, კალიფორნიაში გამოყენებული ოდნავ სახეცვლილი საბრძოლო იარაღის, ისევე როგორც გარკვეული ტიპის ტყვია-წამლის ფლობა უნდა აეკრძალოს სამოქალაქო მოსახლეობას“, - ვკითხულობთ „ნიუ-იორკ ტაიმსის“ სარედაქციო წერილში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG