Accessibility links

logo-print

გასული კვირის უცხოეთის მედიის ყურადღების ცენტრში იყო კვირის დასაწყისში რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა სანკტ-პეტერბურგში, თუმცა არანაკლები რეზონანსი ჰქონდა 11 აგვისტოს, ყირიმში „უკრაინის დივერსიული ჯგუფის“ განეიტრალების შემდეგ, რუსეთის ხელისუფლების მიერ გაკეთებულ მუქარანარევ განცხადებებს, რასაც კიევმა შეიარაღებული ძალების საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანით უპასუხა.

გერმანული კონსერვატიული გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინეს“ აზრით, არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ნატოსა და ევროკავშირს არ უნდა აშფოთებდეთ ანკარისა და მოსკოვის ერთმანეთთან დაახლოება. „პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ვინაიდან ნატო ძალიან შეაშფოთა გასული წლის ნოემბრის ინციდენტმა და ის ნებისმიერ ფასად ცდილობდა აეცილებინა ნატოს წევრ თურქეთსა და რუსეთს შორის მოსალოდნელი სამხედრო დაპირისპირება, ახლა ამ შავი ღრუბლების გაფანტვა მისთვის შვება უნდა იყოს. თურქეთის პრეზიდენტის მისწრაფება უპირატესობა მიანიჭოს პუტინთან თანამშრომლობას იმის გამო, რომ თურქეთის პრეზიდენტს აღარ სჯერა ევროკავშირში გაწევრიანებისა, უფრო იმის დადასტურებაა, რომ სანკტ-პეტერბურგში ღრმად ანტიდასავლურ რუსეთ-თურქეთის სტრატეგიულ ალიანსს კი არ ჩაეყარა საფუძველი, არამედ შემრიგებლურ რიტორიკაში შეფუთულ, ანგარებით განპირობებულ კავშირს“, - წერს გერმანული გამოცემა.

პორტუგალიური ლიბერალური გამოცემა „ობსერვადორი“ ვარაუდობს, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის მყიფე მეგობრობა დიდხანს ვერ გასტანს.

„ეს არის კავშირი, რომლის მთავარი მიზანიც დასავლეთის დაშანტაჟებაა... მეგობრობის შესახებ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, პუტინმა კარგად იცის, რომ მისი თურქი კოლეგა გადარჩენისათვის საჭირო პოლიტიკური გარანტიებისათვის არ მოერიდება კვლავ შეცვალოს კურსი და მოსკოვს ზურგში დაარტყას. თავის მხრივ, არც ერდოანს აქვს ილუზიები პუტინის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით. ამგვარად, რუსეთ-თურქეთის ალიანსის გზა არსაით მიდის“, - ასკვნის პორტუგალიური „ობსერვადორი“.

რუსეთ-თურქეთის ლიდერთა დაახლოების მიმართ განსხავებული დამოკიდებულება აქვს ბელგიის ლიბერალურ გაზეთ „ექოს“, რომელიც მიიჩნევს, რომ პუტინ-ერდოანის კავშირი, შესაძლოა, სახიფათო პრეცედენტი იყოს ევროპისათვის. „ ეს კავშირი ძალთა ახალი ბალანსის შექმნის სიგნალს წარმოადგენს, ბალანსისა, რომელშიც დასვლეთსა და დასავლურ ფასეულობებს მეორადი როლი ენიჭება. ევროპა დიდი დემოგრაფიული პრობლემების წინაშე დგას და კრიზისს კრიზისზე განიცდის. თურქეთი და რუსეთი, სამხედრო თვალსაზრისით ორი წამყვანი სახელმწიფო, ევროპის სისუსტეს იყენებენ იმისათვის, რომ გეოპოლიტიკურ ჭადრაკის დაფაზე გაავრცელონ თავიანთი ავტორიტარული მოდელი. არსებობს დიდი რისკი, რომ განვითარებადი ქვეყნების დიდმა ნაწილმა ზურგი შეაქციოს დემოკრატიულ მოდელს ამგვარი ავტორიტარიზმის სასარგებლოდ“, -წერს ბელგიური ლიბერალურ გაზეთ „ექო“.

რუსეთ-თურქეთის პრეზიდენტების 9 აგვისტოს შეხვედრაზე ბევრს წერდა ამერიკული ბეჭდური თუ სოციალური მედია.

რუსეთი ცდილობს ახლოს ჰყავდეს მეგობრები, ხოლო თურქეთი - კიდევ უფრო ახლოს“, - ასე ჰქვია ანალიტიკურ პორტალ „პროჯექტ სინდიკატში“ გამოქვეყნებულ ანალიტიკურ მასალას, რომლის მთავარი აზრი ისაა, რომ რუსეთიცა და თურქეთიც საკუთარი ინტერესებით ხელმღვანელობენ, როცა დაახლოებას ცდილობენ, თუმცა ეს ინტერესები მინიმუმ ერთი მიმართულებით კვლავ წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან.

„სირია, ეს ის არეალია, სადაც რუსეთი და თურქეთი დიამეტრულ და გარდაუვალ წინააღმდეგობაში არიან ერთმანეთთან. ალეპოში მიმდინარე ბრძოლა სწორედ ასეთი შემთხვევაა. პუტინსა და ერდოანს შეუძლიათ მოლაპარაკებები გამართონ სირიის სამშვიდობო მოწესრიგების თაობაზე, მაგრამ ორი დაპირისპირებული სამხედრო ძალა - თურქეთის მხარდაჭერილი სუნიტი მეამბოხეები და რუსეთის მომხრე ალავიტური მთავრობის შეიარაღებული ძალები - კვალავ ებრძვის ერთმანეთს ალეპოს, ქვეყნის ამ სტრატეგიულ ტერიტორიის ნაწილის, დასაუფლებლად. არც ერთი მხარე არ დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან, ვიდრე ალეპოში მტკიცედ არ მოიკიდებს ფეხს“, -წერს ამერიკული ანალიტიკური პორტალი „პროჯექტ სინდიკატი“, რომლის დასკვნით, პუტინი და ერდოანი, ბიზნესპარტნიორები კი არ არიან, არამედ დიდი გეოპოლიტიკური ამბიციების მქონე დიქტატორები, რომლებიც საკუთარი ქვეყნების ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ“.

11 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ სრული საბრძოლო მზადყოფნა უბრძანა ყირიმის ნახევარკუნძულისა და დონბასის მახლობლად მყოფ სამხედრო დაჯგუფებებს. პოროშენკოს ეს ბრძანება პასუხია უკრაინის მისამართით რუსეთის ბრალდებებზე ყირიმში ვითარების გამწვავების მცდელობის შესახებ. მანამდე რუსეთმა უკრაინა დაადანაშაულა, „ტერორის“ გზა ამჯობინა მშვიდობასო, და გააფრთხილა კიევი, მოსკოვი „სერიოზულ ზომებს“ მიმართავს ყირიმის ნახევარკუნძულზე უსაფრთხოების დასაცავადო. რუსეთის პრეზიდენტმა, პუტინმა, ეს განცხადება გააკეთა 10 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა გამოაცხადა, რომ მისი ორი აგენტი მოკლეს სხვადასხვა ინციდენტის დროს - უშიშროების ამ სამსახურის ვერსიით, უკრაინის მცდელობისას, დივერსანტები შეეგზავნა ყირიმის ტერიტორიაზე.

მოვლენათა ასეთ განვითარებას „უოლ სტრიტ ჯოურნალი“ პუტინის აგვისტოს სიურპრიზს უწოდებს და ვარაუდობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი „უკრაინელი დივერსანტების“ ამბავს უკრაინასთან არსებული სამშვიდობო მოლაპარაკებების შეწყვეტის სარჩულად იყენებს.

„რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალების თავდასხმა აღმოსავლეთ უკრაინაში იქნება მარცხი დასავლეთის დიპლომატიისათვის, რომელიც თავდაცვის შესაძლებლობას დიდწლად უზღუდავს უკრაინას. ბატონმა პუტინმა საქართველოს წინააღმდეგ ომი დაიწყო 8 წლის წინ, როდესაც ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის ვადა დასასრულს უახლოვდებოდა. ამჯერად, როდესაც ბარაკ ობამა ტოვებს პრეზიდენტის პოსტს, პუტინს შესაძლოა ასევე სურდეს პრობლემების შექმნა. აშშ-ის მომდევნო პრეზიდენტს მოუწევს გადახედოს ობამას უარს სასიკვდილო გამანადგურებელი იარაღის მიწოდებაზე კიევისათვის, რომელსაც სურს თავი დაიცვას კრემლის აგრესიისაგან“, - წერს „უოლ სტრიტ ჯოურნალი“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG