Accessibility links

logo-print

გასულ კვირაში უცხოეთის პრესა კვლავ ბევრს წერდა აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე, ასევე -მოლდავეთსა და ბულგარეთში მოქალაქეთა მიერ პრორუსული პოლიტიკოსებისთვის უპირატესობის მინიჭებაზე, უცხოეთში ბრაკ ობამას ბოლო მოგზაურობაზე პრეზიდენტის რანგში.

აშშ-ის პრეზიდეტად დონალდ ტრამპის არჩევის ვითარებაში „ვაშინგტონ პოსტისთვის“ მთავარი ისაა, როგორ წარმართავს ტრამპი რუსეთთან ურთიერთობას. გაზეთი შემდეგს მოელის: რუსეთის პრეზიდენტი დაიწყებს აშშ-ისგან სანქციების გაუქმების მოთხოვნას და ვაშინგტონთან ერთად სირიის რეჟიმის, ბაშარ ალ-ასადისთვის ზურგის გამაგრებას. დაჰყვება ტრამპი ამ მოთხოვნებს? თუ დაჰყვა, მსოფლიო წესრიგი შეიცვლება, რადგან ტრამპის პოზიცია რუსეთის მიმართ განსხვავებული იქნება მისი მოკავშირეებისგან ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში. თუ ის უკრაინას მხარდაჭერას შეუჩერებს, ამით ტრამპი ნატოს წევრი ქვეყნების მთავრობათა მეთაურებს - პირველ რიგში კი, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს - ერთობ გაანაწყენებს, ფიქრობს „ვაშინგტონ პოსტი“.

მეზობელ მექსიკაში გამომავალი „უნივერსალი“ ამერიკის კონტინენტის შიგნით სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში ძნელი პერიოდის დადგომას ვარაუდობს: „აშშ, რომელიც ოდითგანვე მულტიკულტურულ ქვეყანას წარმოადგენს, თუ იზოლაციონიზმის საბედისწერო გზას დაადგა, მასვე ავნებს ეს, კულტურული და ეკონომიკური თვალსაზრისით. შიში, უკმაყოფილება და მექსიკასთან საზღვრის დაკეტვა არ წაადგება აშშ-ის საშუალო ფენის არსებობის ხარისხს. კენჭისყრის დღიდან მოყოლებული, მკვეთრად გაიზარდა თავდასხმები უმცირესობებზე. კედლის აგება, როგორც ეს ტრამპს სურს, სამხრეთამერიკელების განცდას, რომ იჩაგრებიან, კიდევ უფრო გააძლიერებს, - წერს „უნივერსალი“, რომელიც მეხიკოში გამოდის.

ჩინეთის გაზეთს, „ხუანციუ ჟიბაოს“, სავაჭრო ურთიერთობის ბედი აწუხებს: „თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, წყნარი ოკეანის რეგიონში პარტნიორობა ობამას მთავრობის აზიური პოლიტიკის ბირთვი იყო. ტრამპის გამარჯვება არჩევნებში ამ ხელშეკრულების აღსასრულს ნიშნავს - რა თქმა უნდა, აშშ-ისთვის ავტორიტეტის დაკარგვას ნიშნავს იმ ქვეყნების წინაშე, ვინც უკვე ხელი მოაწერა შეთანხმებას. მაგრამ შეთანხმებას არ უნდა მივტიროდეთ, - ფიქრობს ჩინეთის გაზეთი, - რადგან ის ეხება გეოპოლიტიკურ თამაშს, რომლის მიზანი ჩინეთის იზოლირება და მისი გავლენის შემცირება იყო“.

ტრამპმა თავისი გეგმების შესახებ გამოაცხადა ამ კვირაში და, სხვათა შორის, სტივენ ბენონზე ითქვა, რომ ის პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი იქნება. გაზეთი „ნიუ იორკ ტაიმსი“ ასე გამოეხმაურა თემას და ურჩევს მკითხველს: ყველა, ვისაც იმედი ჰქონდა, რომ ტრამპი თავის რასისტულ, სექსისტურ და ანტისემიტურ გამონათქვამებს მხოლოდ საარჩევნო ხმების მოსაპოვებლად იყენებდა, ამაზე კიდევ ერთხელ დაფიქრდეს. როცა ტრაპმა ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ბენონის კანდიდატურა დაასახელა, ამით მან ავისმომასწავებელი პრეცედენტი შექმნა. იმას, რომ ბენონზე ადრე ამერიკელების უმეტესობას არაფერი სმენია, თავისი მიზეზი აქვს. სანამ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიას ჩაუდგებოდა სათავეში, ის მემარჯვენე ექსტრემისტული საინფორმაციო ვებსაიტის ხელმძღვანელი იყო. „ნიუ-იორკ ტაიმსი“ ამ საიტს „ბრაიტბარტს“, „თეთრი ნაციონალისტური პროპაგანდის ფაბრიკას“ უწოდებს.

უცხოეთის პრესა ასევე ფართოდ გამოეხმაურა ბულგარეთსა და მოლდავეთში პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსების წარმატებას არჩევნებში. მოლდავეთში იგორ დოდონის და ბულგარეთში რუმენ რადევის არჩევას პრეზიდენტად გაზეთი „მონდი“ ევროპის ცაზე ქუხილად აფასებს და წერს: ეს ქუხილი ბრიუსელისთვის კიდევ ერთი გაფრთხილებაა. იმედგაცრუება მით უფრო დიდია, რომ მოლდავეთი წლების განმავლობაში აღმოსავლეთთან პარტნიორობის მისაბაძი მონაწილე იყო და რეგიონში სანიმუშო ქვეყნად მიიჩნევდნენ. ამ ქვეყანამ დასავლეთის თანხებით იხეირა, მაგრამ დასავლეთთან მჭიდროდ შეკავშირების მომხრე მაინც უმცირესობაა. პროდასავლური პარტიები, რომლებიც მას მართავდნენ 2009 წლის შემდეგ, წარუმატებელნი გამოდგნენ, დაასკვნის ფრანგული „მონდი“.

ვენის „შტანდარტი“ ბულგარეთის ახალი პრეზიდენტის შესახებ წერს უფრო დაწვრილებით: „ახლა რუმენ რადევი, საჰაერო ძალების ყოფილი გენერალი, გახდება პრეზიდენტი. არის ის რუსეთის მიმართ მეგობრულად განწყობილი? არის ის პუტინის მსახური? ამ ქვეყნის ოლიგარქებს, მათ, ვინც მოჩვენებით არის პროამერიკელი და ლიბერალი, სურთ, რომ ეს ასე იყოს და მათაც, ვინც მოსკოვთან საქმიან ურთიერთობაშია. თუ რადევი მათ მუსიკაზე არ იცეკვებს, მედიის საშუალებით გადაფარავენ. ყოფილ პრეზიდენტს, როსენ პლევნელიევს, ასე მოექცნენ“, წერს „შტანდარტი“.

რუმინეთის გაზეთი „ევენიმენტალ ზილეი“ მეზობელ მოლდავეთში არჩევნების შედეგებით გაოგნებულია: „მოლდავეთის რესპუბლიკას მოელის შინადაძაბულობა და არასტაბილურობის ზრდა. განსაკუთრებით მტკივნეულია ახალი პრეზიდენტის, დოდონის, ანტირუმინული გამოსვლები. თუ ის მოძმე ხალხს, რუმინელებს, განუდგება და ყირიმს რუსეთის ნაწილად გამოაცხადებს, ამით დოდონი მოლდავეთის იზოლაციას მოიმკის. რა არგუმენტებიღა დაგვრჩა იმისათვის, რომ ბრიუსელი დაახლოების აუცილებლობაში დავარწმუნოთ, როცა ხალხი დოდონს ირჩევს?“ - შეკითხვას სვამს ბუქარესტის „ევენიმენტალ ზილეი“.

ევროპაში ბარაკ ობამას სტუმრობის გარშემო წერს „გაზეა ვიბორჩა“, რომელიც ვარშავაში გამოდის. „ეს ბერლინში ტრიუმფალური გამოსამშვიდობებელი ვიზიტი უნდა ყოფილიყო და ახლა სამგლოვიარო ღონისძიებად იქცა. ბარაკ ობამა ევროპაში ჩამოვიდა, რათა დავერწმუნებინეთ, რომ ტრამპთან ერთად არსებობა შესაძლებელია“. პოლონური გაზეთის თანახმად, „ობამას დასჭირდა იმის განმარტება, რომ დემოკრატია სახელმწიფო მოწყობის საუკეთესო ფორმაა, მაგრამ ის უზომოდ რთულიც შეიძლება იყოს. ეს, ალბათ, იმაზე მინიშნება იყო, რომ, მართალია, ჰილარი კლინტონმა არჩევნებში მოსახლეობისგან ტრამპზე მილიონით მეტი ხმა მოიპოვა, მას მაინც ნაკლები მომხრე გამოუჩნდა საარჩევნო კოლეგიაში. ამასთან, მან დაგვარწმუნა, რომ ამერიკა ნატოდან არ გავა. ბერლინში ობამა მერკელს და სტუმრებს იმაში არწმუნებს, რომ აუცილებელი არ არის ამერიკასა და ევროპას შორის ურთიერთობა აშშ-ის ახალი პრეზიდენტის მიერ კრიზისში მოექცეს“.

ესპანეთის „ვანგუარდია“ წერს, საბერძნეთში, გერმანიასა და პერუში ობამა თავისი მოკავშირეების დამშვიდებას შეეცადაო. „შეცდომები შეიძლება დაუშვა, პირველ რიგში, ახლო აღმოსავლეთში, რუსეთს კი სისუსტე უჩვენა, მაგრამ არავის ეჭვი არ ეპარება, რომ ნაკლებად აგრესიული იყო, ვიდრე მისი წინამორბედი, ბუში. დემოკრატიული ფასეულობების გამო ათენში დადებული „ფიცი“ მკვეთრად განსხვავდება იმისგან, რასაც ტრამპი ამბობს“. ობამამ, ესპანეთის გაზეთის აზრით, ბოლო რვა წელიწადში ავტორიტეტი მოიპოვა და ამის გამოყენებას ის, როგორც ყოფილი პრეზიდენტი, მართალი საქმის კეთებისას კვლავაც შეძლებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG