Accessibility links

logo-print

ავტორი: ანა ლომთაძე

ამ კვირაში განსაკუთრებული მნიშვნელობის თემები, რომლებსაც ყურადღება ეთმობოდა უცხოეთის პრესაში, იყო: ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას წლის შემაჯამებელი მიმართვა კონგრესში, ევროკავშირის მიერ შემუშავებული საერთო სტრატეგია ტერორიზმის წინააღმდეგ და ძალადობის განახლებული ტალღა უკრაინაში.

2015 წლის 20 იანვარს პრეზიდენტი ბარაკ ობამა კონგრესში სიტყვით გამოვიდა. მან მთელი წელი შეაჯამა, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის კუთხით, და კონგრესს ახალი სამხედრო უფლებები მოსთხოვა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. პრეზიდენტმა მკაცრად გააფრთხილა კონგრესი, რომ ვეტოს დაადებს ირანის წინააღმდეგ მიმართულ იმ სანქციებს, რომლებიც ხელს შეუშლის მოლაპარაკებების წარმოებას.

„ნიუ-იორკ ტაიმსმა“ ობამას მომავალი წლის გეგმებს „ამბიციური“ უწოდა:

„საკუთარ თავში დარწმუნებულმა და შიგადაშიგ თავმომწონე პრეზიდენტმა თავისი საუბრის დრო„აქტივისტი“ ფედერალური მთავრობის დასაცავად გამოიყენა... პრეზიდენტს არ უხსენებია მნიშვნელოვანი დანაკარგები, რომლებიც მისმა პარტიამ განიცადა გასული წლის არჩევნებში. მან ამჯობინა უკომენტაროდ დაეტოვებინა რესპუბლიკური პარტიის განცხადება, რომ ამომრჩევლებმა უგულებელყვეს ობამას ხედვა“.

„ვაშინგტონ პოსტმა“ პრეზიდენტ ობამას გამოსვლა უმნიშვნელოდ მიიჩნია და მიმართვის სხვა ასპექტებზე გაამახვილა ყურადღება:

„პრეზიდენტ ბარაკ ობამას ყოველწლიური მიმართვის მნიშვნელოვანი წუთები იშვიათად არის ხოლმე მის ნათქვამთან დაკავშირებული. სამშაბათს გამოსვლის ყველაზე ემოციური ნაწილი იყო, როდესაც კუბის ციხეში გატარებული 5 წლის შემდეგ ამერიკაში დაბრუნებულ ალან გროსს კონგრესი მხურვალე აპლოდისმენტებით შეხვდა. გროსი გამარჯვების ნიშნად ორივე მუშტს ჰაერში იქნევდა. ობამამ თავი ძალიან ცუდადაც არ უნდა იგრძნოს. იშვიათია, რომ კონგრესისადმი ყოველწლიური მიმართვის რიტუალმა ისეთი ფრაზები შემოგვინახოს, როგორიცაა უმცროსი ბუშის მიერ ნათქვამი „ბოროტების ღერძი“ ან ბილ კლინტონის „დიდი სახელმწიფოს ეპოქა დასრულდა“.

ახლა კი, რაც შეეხება ევროკავშირს.

თვითმფრინავის მგზავრთა შესახებ ინფორმაციის გაცვლა, სადაზვერვო უწყებებს შორის თანამშრომლობა და ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირებისთვის პასპორტების ჩამორთმევა - ეს ის რამდენიმე წინადადებაა, რის განსახილველადაც 20 იანვარს ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ ბრიუსელში. შეხვედრის ფონი იყო 7 იანვარს საფრანგეთში სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოზე“ მომხდარი ტერორისტული თავდასხმა, რომელსაც 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. უცხოეთის პრესას ევროკავშირის სტრატეგიის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს.

საფრანგეთის კონსერვატიული გამოცემა „ფიგარო“ მთავრობას ტერორიზმის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს:

„ჩვენმა ქვეყანამ მეტი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ თავი დაიცვას ტერორიზმის საფრთხისა და ისლამისტური სიძულვილისგან. დამნაშავეებზე ზედამხედველობა უნდა გაუმჯობესდეს. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ციხეში არსებულ პირობებზე და თვალყური მივადევნოთ ინტერნეტს. ამასთან, მთელ ქვეყანას უნდა ეზიზღებოდეს ტერორისტები და გარკვეულ შემთხვევებში უნდა ჩამოვართვათ მათ მოქალაქეობა. ჯიჰადისტები უნდა გავაძევოთ ან უკან დაბრუნებისას დავაკავოთ. მეტი უფლებები უნდა მივცეთ პოლიციასაც, რომელმაც უფრო მჭიდრო კავშირი უნდა იქონიოს სადაზვერვო სამსახურთან“.

კონსერვატიული „ფიგაროსგან“ განსხვავებული ხედვა აქვს სლოვენიაში გამომავალ „ვეჩერს“:

„უმრავლესობას არ ადარდებს, ეცოდინება თუ არა მთავრობას, სად და რომელ თვითმფრინავში ჩაჯდა, მაგრამ როდესაც ანტიტერორისტული კანონის სახელით საქმე მიდგება მათი იმეილების კითხვაზე, ინტერნეტსივრცეში მათი ყოველი ნაბიჯის გაკონტროლებასა და სატელეფონო საუბრების ჩაწერაზე, მაშინ ისინი, ბუნებრივია, საკუთარ თავს ჰკითხავენ, რამდენად უნდათ ასეთ საზოგადოებაში ცხოვრება. სწორედ ასეთი ზომები განიხილება ახლა. ბრიტანეთის საიდუმლო სამსახურის ყოფილმა უფროსმა ჯონ სოერსმა სამშაბათს განაცხადა, რომ სადაზვერვო უწყებებმა ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლის შესახებ კონტრაქტები უნდა გააფორმონ ტექნოლოგიების მწარმოებელ კომპანიებთან. ეს არ უნდა იქნეს დაშვებული. საფრანგეთის მთავრობას ჰქონდა შესაბამისი ინფორმაცია იმ ექსტრემისტებზე, რომლებმაც თავდასხმები განახორციელეს პარიზში. ამიტომ ბრალი დაზვერვის სამსახურებს მიუძღვით და არა კანონს!“

დაბოლოს, უცხოეთის პრესაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ამ კვირაში უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს. განახლებული საბრძოლო მოქმედებების შედეგად, 22 იანვარს უკრაინის შენაერთებს დონეცკის აეროპორტის დატოვება მოუწიათ. აეროპორტის ნაწილს უკრაინის შეიარაღებული ძალები თვეების განმავლობაში იცავდნენ პრორუსულად განწყობილი სეპარატისტებისგან. იმავე დღეს სულ ცოტა შვიდი ადამიანი ემსხვერპლა დონეცკში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე, მომხდარ აფეთქებას.

ბრიტანული გამოცემა „გარდიანის“ მიხედვით, უკრაინის ბოლოდროინდელი მოვლენები ცხადყოფს, რომ მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით კონფლიქტის მოგვარება შეუძლებელია:

„დონეცკში ბოლო თვეების განმავლობაში ტანჯვის გაღრმავებისა და უკრაინის ძალების მიმართ ბრაზის გამო ძნელია წარმოვიდგინოთ, როგორი შეიძლება იყოს კონფლიქტის გრძელვადიანი პოლიტიკური გადაწყვეტილება. ისინიც კი, ვინც კიევის მიმართ დადებითად იყვნენ განწყობილი, დაიღალნენ ყოველდღიური დაბომბვებისგან. ისინი თავს მიტოვებულად გრძნობენ და უნდათ, რომ კონფლიქტი დასრულდეს. შედეგი მათთვის უკვე სულ ერთია“.

„ეკონომისტი“ კი დონეცკის აეროპორტის დაცემის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას:

„აეროპორტის დაცვა უკრაინის ჯარის ერთადერთი გამარჯვება იყო. მისმა დაცემამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სასოწარკვეთა, როგორიც გამოიწვია 2014 წლის აგვისტოში ილოვაისკში დამარცხებამ. და თუ მეამბოხეები ახლომახლო ქალაქებსაც გააკონტროლებენ, ისინი ამას მომარაგებისთვის გამოიყენებენ. უკრაინამ თავისი ჯარი გააძლიერა. კიდევ 50 ათასი მოქალაქე იქნა წელს მობილიზებული. ამის მიუხედავად, ჯარი არ არის მზად დაკარგული ტერიტორიის დასაბრუნებლად... კრემლმა შეიძლება სამხედრო ძალა გამოიყენოს თავისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად“.

ამერიკული გამოცემა „ფორინ პოლისი“, ბრიტანული ჟურნალისგან განსხვავებით, აქტიურად მოუწოდებს ამერიკის მთავრობას დაეხმაროს უკრაინას:

„აეროპორტი დაეცა და უკრაინა კიდევ ერთხელ დასთანხმდა ახალ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ახლა მორჩება ომი? საბოლოოდ გაიაზრებს თუ არა დასავლეთი, რომ უკრაინას არ შეუძლია მარტო გაუმკლავდეს პუტინის შემოსევას? ახლა ნამდვილად არ ჩანს, რომ ვაშინგტონი კიევს მჩაგვრელი მოსკოვისგან თავის დაღწევაში რამენაირად ეხმარება“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG