Accessibility links

უცხოეთის პრესის ყურადღების ცენტრში კვლავ რჩება რუსეთის საავიაციო იერიშები სირიაში, რასაც „ვაშინგტონ პოსტში“ საავტორო სტატია მიუძღვნა ცნობილმა კომენტატორმა ფარიდ ზაქარიამ, რომელიც ცდილობს პასუხი გასცეს კითხვას, თუ ვინ უჭერს მხარს აშშ-ს იმ ფონზე, როდესაც სრულიად ნათელია როგორც რუსეთის მიზანი, ისე მისი მომხრეების ვინაობა. „ვლადიმირ პუტინი სირიაში გადაჭრით მოქმედებს არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის ბარაკ ობამაზე უფრო მამაცი და გამბედავია, არამედ იმიტომ, რომ რუსეთის პრეზიდენტს მკაფიო სტრატეგია აქვს. პუტინს ჰყავს მოკავშირე - ასადის მთავრობა. მას ჰყავს მტრებიც - ხელისუფლების ოპონენტები. პუტინი მხარს უჭერს თავის მოკავშირეს და ებრძვის მტრებს, მაშინ როცა ვაშინგტონი და დასავლეთი სრულიად დაბნეულები არიან“, წერს ფარიდ ზაქარია, რომელსაც აინტერესებს, ვინ არის ამ ბრძოლაში აშშ-ის მომხრე. „ჩვენ ვიცით, თუ ვის უპირისპირდება აშშ - ესაა პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის რეჟიმი. კიდევ, სირიაში მოქმედი ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“, მათ შორის ჯიჰადისტური ჯგუფები - ჯაბჰატ ალ ნუსრა და აჰრარ ალ შამი. ოჰ, კიდევ ჰიზბოლასა და ირანის ძალები, რომლებიც სირიის მთავრობას უჭერენ მხარს. დასავლეთი, ფაქტობრივად, სირიაში მებრძოლ ყველა ძირითად სამხედრო ჯგუფს უპირისპირდება, რაც მორალურად ცხადი, მაგრამ სტრატეგიულად შეუსაბამო ვითარებაა“, - წერს ფარიდ ზაქარია „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში.

უცხოეთის პრესის ყურადღების ცენტრშია აგრეთვე თალიბანის გააქტიურება ავღანეთში, სადაც ექსტრემისტული დაჯგუფების მებრძოლებმა ორშაბათს ყუნდუზის პროვინციის ადმინისტრაციული ნაწილი დაიკავეს და ციხიდან ასეულობით პატიმარი გაათავისუფლეს. მოგვიანებით ავღანეთის სამთავრობო ჯარებმა შეძლეს პროვინციის უდიდეს ნაწილზე კონტროლის ხელახლა დამყარება, თუმცა ექსტრემისტული დაჯგუფებების მხრიდან მსგავსი იერიშების განმეორების საფრთხე არათუ მშფოთვარე პროვინციებში, არამედ კარგად გამაგრებულ ქაბულშიც არსებობს. ამასთან, როგორ „ტაიმსი“ მიიჩნევს, თალიბანი არ წარმოადგენს ერთადერთ საფრთხეს ავღანეთისათვის. სარედაქციო სტატიის აზრით, იმ დროს, როდესაც საერთაშორისო მისიის - „ურყევი მხარდაჭერის“ - დასრულებამდე 8 თვე რჩება, თალიბანის მიერ ყუნდუზის დაკავება არის სიგნალი, რომ ავღანეთის რეჟიმი, რომლის გაძლიერებასაც აშშ-ისა და ბრიტანეთის ჯარებმა დიდი დრო და რესურსი - დაახლოებით, 65 მილიარდი დოლარი - შეალიეს, ძალიან მყიფეა, ავღანეთის ცენტრალური ხელისუფლების მიერ გაცემული ბრძანებები კი დედაქალაქის ფარგლებს გარეთ არ სრულდება. ვითარებას ართულებს დაპირისპირება ორ ძლიერ პოლიტიკურ ფიგურას - პრეზიდენტ აშრაფ ღანისა და პრემიერ-მინისტრ აბდულა აბდულას - შორის, რაც არყევს მოსახლეობის რწმენას, რომ ავღანეთის არმიას დამოუკიდებლად ძალუძს ქაბულის დაცვა. ექსტრემისტები მზად არიან გამოიყენონ ეს სისუსტეები, თუმცა კიდევ უფრო დიდი საშიშროება ისაა, რომ ქვეყანა შესაძლოა კვლავ ჩაეფლოს ანარქიასა და ქაოსში, საიდანაც ერთხელ უკვე წარმოიშვა თალიბანი“, - წერს „ტაიმსი“.

ხორვატიაში გამომავალი ლიბერალური გამოცემა „იუტრანი ლისტი“ კი გვაუწყებს, რომ ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ უარყო განაჩენი, რომელიც კორუფციაში ბრალდების გამო გამოუტანეს ხორვატიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ივო სანადერს, რაც, გაზეთის აზრით, სასიკეთოდ წაადგება თანამოპასუხეს, ხორვატიის მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტიას, „დემოკრატიულ კავშირს“. „არჩევნებამდე ორი თვით ადრე სანადერის გათავისუფლება პოლიტიკური საკითხია, არჩევნების პროცესზე თავად ყოფილი პრემიერ-მინისტრის მცირე გავლენის მიუხედავად... სანადერის უდანაშაულოდ ცნობის ვერდიქტი წარმოადგენს ასევე ამნისტიას „ხორვატიის დემოკრატიული კავშირისათვის“, რომელსაც ამჟამად ტომისლავ კარამარკო ხელმძღვანელობს და რომელიც ვერც ინატრებდა უფრო უკეთეს საჩუქარს თავისი საარჩევნო კამპანიისათვის. სულ რამდენიმე თვის წინ „ხორვატიის დემოკრატიულ კავშირს“ დამნაშავის იარლიყი ეკერა იმის გამო, რომ მის შტაბბინაში ფულის ტომრები ტრიალებდა. ამაზე კარამარკოს ერთადერთი პასუხი იყო: 2008-2011 წლებში სწორედ მე ვიყავი ის მოხელე, რომელმაც პირველ ადგილზე დააყენა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაო. მან პარტიიდან გარიცხა ივო სანადერი, მაგრამ ყოველთვის ფრთხილად ეკიდებოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის დამნაშავედ გამოცხადებას,“ - წერს ხორვატიაში გამომავალი ლიბერალური გამოცემა „იუტრანი ლისტი“.

თურქულ მედიას კი სიძულვილის კამპანია აწუხებს, რაზეც თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამოცემა, „ჰურიეთი“, წერს და იხსენებს თავდასხმას ანტისამთავრობო „თურქული ტელეარხის“ ცნობილ წამყვანსა და მიმომხილველ აჰმეტ ჰაკანზე, რომელსაც 30 სექტემბერს სახლთან ახლოს ოთხმა კაცმა სცემა. მანამდე ჟურნალისტს სექტემბერში სიკვდილით დამუქრებია ხელისუფლების მომხრე ერთ-ერთი გამოცემის, „სტარის“, მიმომხილველი, რაც საგანგაშოდ მიაჩნია გაზეთ „ჰურიეთს“. „სურუჩში მომხდარი მასობრივი მკვლელობისა და ქურთთა ექსტრემისტული ორგანიზაცია “PKK”-ს მიერ ძალადობის ესკალაციის შემდეგ, ჩვენ დაძაბულობის და კრიზისული ატმოსფეროს ტყვედ ვიქეცით. იმ დროს, როდესაც ძალადობა იზრდება ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში და ჩვენი შვილები იღუპებიან, თურქეთის მედიაც განიცდის ამ ესკალაციის ზემოქმედებას. გაზეთების მფლობელებს ემუქრებიან და ესვრიან, ამსხვრევენ და ანადგურებენ გაზეთების ოფისების ფანჯრებს... მუქარა, ტყუილი და ძალადობა ნორმად იქცა ტელევიზიის ეკრანებზე. უნდა შეწყდეს ამ ავბედითი და დესტრუქციული განწყობის ტირაჟირება გაზეთებში. ჩვენ გვჭირდება უფრო კონსტრუქციული, უფრო ინოვაციური აზროვნების წესი, რომელიც უფრო გახსნილი იქნება თვითკრიტიკისათვის“, - წერს 2 ოქტომბერს გამოსული გაზეთი „ჰურიეთი“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG