Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვიზიტი ევროპაში, ჩერნობილის კატასტროფის 30-ე წლისთავი და დონალდ ტრამპის გამოსვლა ვაშინგტონში, სადაც მან საგარეოპოლიტიკური ხედვა წარმოადგინა - დღეს ამ თემებს ეთმობა უცხოეთის პრესის მიმოხილვა.

დასავლეთის მედიამ ფართოდ გააშუქა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ვიზიტი გერმანიაში. ობამა ქალაქ ჰანოვერშიკანცლერ ანგელა მერკელს შეხვდა და იქვე გამოვიდა 25 აპრილს ემოციური მოწოდებით ევროპის ერთიანობისაკენ.

გაზეთი „ლაიფციგერ ფოლკსცაიტუნგი“ ქების სიტყვებს არ იშურებსბარაკ ობამას ამ გამოსვლის შეფასებისას: „ჩვენს, ევროპელ, პოლიტიკოსებს დაკარგული აქვთ ასეთი სიტყვით გამოსვლის უნარი? მაინცდამაინც არაევროპელი ბარაკ ობამა ასხამს ხოტბას ევროპის ერთიანობას ასეთი გასაოცარი ძალით. ევროპელებს, თუნდაც ახალგაზრდებს, დაავიწყდათ, რა განძი აქვთ ხელში? ყოველ შემთხვევაში, კარგია, რომ ობამამ ეს შეახსენა“.

ბარაკ ობამას სიტყვას, რომლითაც მან 25 აპრილს მიმართა გერმანიის ქალაქ ჰანოვერში შეკრებილებს, მათ შორის, კანცლერ ანგელა მერკელს, აქებს ბარსელონაში გამომავალი გაზეთი „ვანგუარდიაც“: „ობამამ გაამხნევა იდენტობის კრიზისით მოცული ევროკავშირი და ეს გააკეთა ისეთი თბილი სიტყვებით, როგორიც იშვიათად გესმის ჩვენს დროში, როცა ძველ კონტინენტს შემაშფოთებელი ცნობები არყევს ხოლმე“.

ჰანოვერში ვიზიტისას ობამამ ევროპელებს მოუწოდა, ასევე, უფრო აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში. ბელგიის გაზეთ „სტანდაარდში“ გამოთქმული აზრით, ეს მოწოდება უშედეგოდ არ ჩაივლის „ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა - მათ შორის, ბელგიამ - რომლებიც მთლიანი შიდა პროდუქტის ორ პროცენტზე ნაკლებს ახმარენ თავდაცვას, აღარ შეიძლება, ასე გააგრძელონ. ყოველდღე სულ უფრო ნათელი ხდება, რომ შეერთებული შტატები დაუსრულებლად აღარ გაზრდის თავის ხარჯებს ჩვენი ინტერესების დასაცავად“.

გერმანიაში ვიზიტის დროს, ბარაკ ობამას გამოსვლისაგან განსხვავებით, რბილად რომ ვთქვათ, ქება არ დაუმსახურებია დონალდ ტრამპს - კაცს, რომელსაც შეერთებული შტატების პრეზიდენტობა სურს და დამაჯერებლად ლიდერობს რესპუბლიკელ კანდიდატად დასახელების მსურველებს შორის. ტრამპმა 27 აპრილს ვაშინგტონში ისაუბრა თავის საგარეოპოლიტიკურ ხედვაზე.

ლონდონის გაზეთ „გარდიანს“ გამანადგურებელი განაჩენი გამოაქვს: „გამოსვლა სავსე იყო შინაგანი წინააღმდეგობებით, შეცდომებით და უაზრო განცხადებებით... მან მკაფიოდ დაგვანახvა, რომ არ არის მზად, გახდეს არმიის მთავარსარდალი“.

გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ კი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგარეო პოლიტიკა არ არის განმსაზღვრელი თემა შეერთებული შტატების წინასაარჩევნო კამპანიაში: „ყველა დასავლურ ქვეყანას შორის შეერთებულ შტატებში ყველაზე ნაკლებად აინტერესებთ საგარეო პოლიტიკა. მიზეზი ნათელია: მათთვის ეს საჭირო არ არის. ინსტინქტურად არჩეული იზოლაცია გეოგრაფიული მდგომარეობიდან მომდინარეობს. როგორც თავის დროზე ბისმარკი ამბობდა, შეერთებული შტატები არის ყველაზე ბედნიერი დიდი სახელმწიფო: ორი მხრიდან სუსტი მეზობლები ჰყავს და დანარჩენ ორ მხარეს კი ოკეანეები ესაზღვრება“, - წერს „ვაშინგტონ პოსტი“.

დაბოლოს, ერთ მძიმე თემაზე. 26 აპრილს უკრაინაში აღნიშნეს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის 30-ე წლისთავი. მთელ მსოფლიოში გაიხსენეს ისტორიაში უმძიმესი სამოქალაქო ატომური კატასტროფა. შვედეთის გაზეთი „სკანსკა დაგბლადეტი“წერდა: „1986 წლის 26 აპრილს კატასტროფა მოხდა მაშინდელ საბჭოთა კავშირში. თუმცა დუმილი მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ დაარღვიეს - მას შემდეგ, რაც შვედეთის უწყებებს ჯერ ეგონათ, რომ ავარია შვედეთშივე, ფორსმარკის ატომურ ელექტროსადგურზე მოხდა. დღეს, 30ი წლის შემდეგ, შედეგები ჯერ კიდევ იგრძნობა - პირველ რიგში, უკრაინაში. ხუთი წლის წინ კი ფუკუშიმამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რა საშინელია ატომური კატასტროფის შედეგები. ამიტომ, ატომურ ენერგიას მომავალი აღარა აქვს“, წერს შვედეთის გაზეთი ჩერნობილის კატასტროფის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG