Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


გასული კვირის ბოლოს გერმანიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას ოსმალეთის იმპერიაში 1915 წელს სომეხთა ხოცვა-ჟლეტის გენოციდად აღიარების შესახებ. გერმანელმა კანონმდებლებმა სომეხთა გენოციდი აღიარეს, მიუხედავად თურქეთის გაფრთხილებისა, რომ რეზოლუციის მხარდაჭერა ზიანს მიაყენებდა ორმხრივ ურთიერთობას. ამ მოვლენასთან დაკავშირებით გერმანულ ყოველდღიურ გაზეთ „ველტში“ გამოქვეყნებული სტატიის ავტორი „საბრალო სანახაობას“ უწოდებს რეზოლუციის თაობაზე ატეხილ ხმაურს.

გაზეთი „უხერხულად“ მიიჩნევს იმ ამბავს, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი სამხრეთ ამერიკაში გაემგზავრა და ამით აარიდა თავი რეზოლუციის თაობაზე ბუნდესტაგში გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობას, ანგელა მერკელმა კი, რომელიც რეჯეპ ტაიპ ერდოანთან მიგრანტთა კრიზისის თაობაზე მოლაპარაკებებშია ჩართული, როგორც ჩანს, გადაწყვიტა თავი ბუნებათმცოდნეობის კონფერენციისათვის შეეფარებინა. „მაგრამ ნამდვილად სამწუხაროა საქციელი გერმანიაში მცხოვრები თურქეთის სათვისტომოს ცალკეული ჯგუფებისა, რომლებმაც მოწოდებებით, პამფლეტებითა თუ, ზოგ შემთხვევაში, უბრალოდ, მუქარით აიკლეს გერმანიის პარლამენტში მყოფი თურქული წარმომავლობის დეპუტატები, თითქოს ისინი უმცირესობის ექსკლუზიური წარმომადგენლები ყოფილიყვნენ და არა მთელი ქვეყნისა“, - წერს გაზეთი „ველტი“.

თურქეთის ხელისუფლების მომხრე გაზეთი „სტარი“ თურქეთზე პოლიტიკურ შეტევად აფასებს გერმანიის ბუნდესტაგის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რაც, გამოცემის აზრით, მიზნად ისახავს პრეზიდენტ ერდოანის გამოწვევას და თურქეთზე სრული კონტროლის მოპოვებას, რათა ევროპამ თავიდან აიცილოს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება. „პირველი მსოფლიო ომის დროს ორივე ხალხმა - თურქებმაც და სომხებმაც - დიდი ტანჯვა განიცადა, მაგრამ არავითარი სომეხთა გენოციდი არ ყოფილა. გერმანიამ, რომელსაც სინდისი ქენჯნის თავის მიერ ჩადენილი გენოციდის გამო, ჩვენ არ უნდა გვაქციოს საკუთარ თანამზრახველად“, - წერს თურქული გამოცემა „სტარი“.

იტალიური ლიბერალური გამოცემა „ლა სტამპა“ გერმანიის ბუნდესტაგის რეზოლუციას უწოდებს „კარგ გადაწყვეტილებას არახელსაყრელ დროს“. გამოცემას მხედველობაში აქვს ის გარემოება, რომ რეზოლუცია დაემთხვა ანკარის მოთხოვნებს, დევნილთა საკითხის გადაჭრის სანაცვლოდ არა მხოლოდ გაუქმებულიყო სავიზო შეზღუდვები თურქეთის მოქალაქეებისათვის, არამედ განახლებულიყო თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და აღარავინ ჩარეულიყო თურქეთის შიდა საქმეებში. ამ რეზოლუციის შემდეგ კი გაურკვეველია, თუ როგორ განვითარდება მოვლენები: თურქეთის პრეზიდენტი შეეცდება ბრიუსელზე ზეგავლენა მოახდინოს, თუ ისარგებლებს იმით, რომ შეილახა თურქების ეროვნული ღირსება და უფრო მეტად გააძლიერებს თავის ავტორიტარულ მმართველობას“, - წერს იტალიური „ლა სტამპა“.

რამდენიმე ევროპული გამოცემის თემა კი დიდ ბრიტანეთში ივნისის ბოლოს დაგეგმილი რეფერენდუმია ევროკავშირიდან გასვლა-დარჩენის საკითხზე. ბრექსიტს, ანუ ბრიტანეთის გასვლას, ეძღვნება „ლიბერასიონში“ გამოქვეყნებული სტატია, სათაურით „დაგვდეთ პატივი და ხმა მიეცით ბრექსიტს“. სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენა ევროპას ააცილებს მეყსეულ კრიზისს, თუმცა შორეულ პერსპექტივაში საქმე უკან-უკან წავა, რაც ევროკავშირს საბოლოო დეზინტეგრაციამდე მიიყვანს. „ევროპა, რომელიც ოდესღაც პრეტენზიას გამოთქვამდა მსოფლიო ბატონობაზე, გადაიქცევა - არც მეტი, არც ნაკლები - წარუმატებელ პროექტად, რაც უკვე იწვევს ირონიულ ღიმილს ჩინეთის, ინდოეთისა და თვით ამერიკის ლიდერებშიც კი. მხოლოდ თქვენი „გამოცხადებული გასვლა“ მისცემს შესაძლებლობას ევროპას გონს მოეგოს, იპოვოს შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსები (თუ, რა თქმა უნდა, ასეთები კიდევ დარჩნენ) და თავიდან აიცილოს საბოლოო გაქრობა“, - წერს ყოველდღიური მემარჯვენე-ცენტრისტული გაზეთი „ლიბერასიონი“.

ბრიტანული მემარცხენე-ცენტრისტული „ინდეპენდენტი“ კი იმაზე მსჯელობს, თუ რას მოუტანს ბრიტანეთს „ნორვეგიული მოდელი“. როგორც ცნობილია, ნორვეგია არ არის ევროკავშირის წევრი, თუმცა ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს ბლოკთან, როგორც ევროპის ეკონომიკური სივრცის (EEA) და ევროპის თავისუფალი სავაჭრო კავშირის (EFTA) წევრი ქვეყანა. გაზეთის აზრით, ბრიტანეთის გასვლა ევროკავშირიდან და „ნორვეგიულ მოდელზე“ გადასვლა, ამ ბაზრის შესანარჩუნებლად, ბრიტანეთს იძულებულს გახდის შეასრულოს ევროკავშირის მარეგულირებელი ისეთი კანონმდებლობა, რომელიც, ამ შემთხვევაში, ფრანგი, გერმანელი, იტალიელი, პოლონელი და ესპანელი პოლიტიკოსების კარნახით წარიმართება. ასეთი ვითარება კი ბევრად უფრო არაკომფორტულ მდგომარეობაში ჩააყენებს დიდ ბრიტანეთს, ვიდრე ევროკავშირთან მოქნილი ურთიერთობის ძიებაში მყოფი ჰოლანდია და სკანდინავიური ქვეყნები შეიძლება აღმოჩნდნენ“, - წერს ბრიტანული მემარცხენე-ცენტრისტული „ინდეპენდენტი“.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG