Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვაში, სხვა საკითხებთან ერთად, დიდი ადგილი უკავია ნატოს პირველ მინისტერიალს ვარშავაში სამიტის შემდეგ და საბრძოლო შეტაკებებს მოსულსა და ალეპოში.

26-27 ოქტომბერს ბრიუსელში, ნატოს-შტაბ ბინაში შეკრებილი ალიანსის 28 წევრი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები მსჯელობდნენ იმაზე, თუ როგორ სრულდება ნატოს ბოლო ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას და რუსეთის მზარდი აგრესიის შეკავებაში მდგომარეობს ბალტიის, შავი და ხმელთაშუა ზღვის რეგიონებში. მემარცხენე ორიენტაციის ყოველდღიური გერმანული „ტაცი“ ნატოს არაკომპეტენტურობის დადასტურებად მიიჩნევს ალიანსის განზრახვას, რომ სამხედრო პოტენციალის გაძლიერებით უპასუხოს რუსეთიდან მომავალ საფრთხეს.

„რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსია და ჰიბრიდული ომის მიმდინარეობა აღმოსავლეთ უკრაინაში ვერ იქნება წარმოდგენილი, როგორც ლეგიტიმური სეპარაციადა არ შეიძლება ამის გაუფასურება და გამართლება იმაზე საუბრით, რომ დასავლეთიც არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას. მაგრამ ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ პუტინის მთავრობას კონკრეტული მიზნების მიღწევა ამოძრავებდა: სევასტოპოლში რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის დაცვა და უკრაინის დესტაბილიზაცია, რითაც უნდა შეეფერხებინა თვალსაწიერ მომავალში უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება... ალიანსის სამხედრო ძალების გაზრდაზე დაუსრულებელი საუბარი ნატოს წვერი ქვეყნების უძლურებისა და უნებისყოფოების საშიში გამოვლინებაა. იგი მოწმობს, რომ ალიანსს, რომელიც, ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით, რამდეჯერმე აღემატება რუსეთს, არ შეუძლია გადადგას მტკიცე ნაბიჯები იმ კონფლიქტის განსამუხტავად, რომლის ესკალაციაც უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში სახიფათოდ გრძელდება. მაშინ, როცა, პუტინის მთავრობა ასეთ ნაბიჯებს ძალიან იოლად დგამს“, – წერს გერმანული ყოველდღიური გამოცემა „ტაცი“.

დანიურილიბერალურ-კონსერვატიული გამოცემა „იულანდს-პოსტენი“ დასავლეთს აფრთხილებს, რომ არ მოიქცეს მიამიტურად, როდესაც საქმე რუსეთთან სამშვიდობო თანამშრომლობის ძალისხმევას ეხება. გამოცემას მხედველობაში აქვს ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის წარმოთქმული ფრაზა, რომ, რუსეთის შეკავების გარდა, ნატო, პარალელურად, რუსეთთან დიალოგის განახლებასაც ცდილობს.

სწორედ ასეთ მიდგომას ეხმაურება „იულანდს პოსტენი“. „დასავლეთმა, ცხადია, უნდა სცადოს დიალოგის შენარჩუნება, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო. იმავდროულად, საჭიროა სამხედრო პოტენციალის გაძლიერება, რომელიც მზად უნდა იყოს რუსეთის წინსვლის შესაჩერებლად... რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს დანიისა და დანარჩენი დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპისათვის. პუტინი შეიძლება განმარტოების დროს ფიქრობდეს, რომ ყველაფერი ცუდი, რაც მის ხალხს სჭირს, ეს რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის გამოა. ერთადერთი გამონაკლისია მეორე მსოფლიო ომი. მაგრამ აქაც მნიშნელოვანია გვახსოვდეს, რომ ვიდრე სინამდვილე მას გამოცდის წინაშე დააყენებდა, რუსეთის ყოფილმა დიქტატორმა სტალინმა ჰიტლერთან პაქტი გააფორმა. დასავლეთს სურს, მაგრამ პუტინს სურს მშვიდობა? „ასეთი რიტორიკული კითხვით მთავრდება „იულანდს პოსტენში“ გამოქვეყნებული სტატია.

და ბოლოს, გაგაცნობთ „ფაინენშელ ტაიმსში“ გამოქვეყნებულ ერთ პუბლიკაციას, რომელიც მოსულსა და ალეპოში მიმდინარე საბრძოლო შეტაკებებს ეძღვნება.სირიის ქალაქ ალეპოზე ერთობლივ იერიშს ახორციელებენ სირიის სამთავრობო ჯარებისა და რუსეთის სამხედრო ავიაცია. ერაყის სიდიდით მეორე ქალაქის ექსტრემისტებისგან გათავისუფლებას კი აშშ-ის ლიდერობით მოქმედი კოალიციის ავიაცია, ერაყის არმია და ქურთთა „ფეშმერაგას“ ძალები ცდილობენ. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალის“ ბოლო ანგარიშმა ფარდა ახადა იმ მკაცრ მოპყრობას, რასაც „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლის ქვეშ მყოფი დასახლებული პუნქტებიდან გამოქცეული სამოქალაქო პირები განიცდიან. ძალიან ბევრი ადამიანი გახდა შურისძიების მიზნით განხორციელებული თავდასხმების სამიზნე ერაყის სამთავრობო ჯარებისა და გასამხედროებული დაჯგუფებების ჯარისკაცთა მხრიდან. ასეთი ძალადობისაგან დაცული უნდა იქნას მოსულის მოსახლეობა, თორემ ისინი სირიის ქალაქ ალეპოს მოსახლეობის ბედქვეშ აღმოჩნდებიან და მაშინ, ამ ყველაფრის შემდეგ, გამოვა, რომ პუტინი მართალია. ალეპო ისჯება. მოსული უნდა გადარჩეს“, – წერს „ფაინენშელ ტაიმსი“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG