Accessibility links

logo-print
ადამ და ევას სამოთხიდან განდევნამდე უფალმა მათ საქმის გარემოებები გამოჰკითხა და შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, ამით ღმერთმა არ დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია – ამ სიტყვებით დაიწყო „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გორის ოფისში დისკუსია, რომელშიც მედიის წარმომადგენლები და იურისტები იღებდნენ მონაწილეობას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციაშიც და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსშიც უდანაშაულობის პრეზუმფციას არაერთი მუხლი ეთმობა, მათ თითქმის ყოველდღიურად არღვევენ. იურისტების დაკვირვებით, უდანაშაულობის პრეზუმფცია საჯარო მოხელეებისა და ჟურნალისტებისგან ყოველ ფეხის ნაბიჯზე ირღვევა განსაკუთრებით ბოლო ხანებში - მას შემდეგ, რაც გაცხადებულია, რომ საქართველოში სამართლიანობის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს. განსაკუთრებით უკონტროლოა ინტერნეტსივრცე.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლში წერია: „ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით“. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მესამე ნაწილში კი ვკითხულობთ: „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. უდანაშაულობის პრეზუმფციაზე საუბარია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციასა და ადამიანის უფლებების დაცვის კონვენციაში. ამ ყველაფრის მიუხედავად, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე პასუხისმგებლობის საკითხი არ დგება, დაზარალებულმა მხოლოდ ცილისწამების მუხლით შეიძლება დაიწყოს დავა, მაგრამ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში არის პრეცედენტული საქმეები, როცა სასამართლომ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევისას მიიჩნია, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვა. ხშირად სწორედ საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით ხდება ზეწოლა სასამართლოზე და წინასწარ დამკვიდრებული სტერეოტიპებით წყვეტენ ამა თუ იმ პირის დამნაშავეობას. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი რევაზ რევაზაშვილი მიიჩნევს, რომ, პირველ რიგში, ადამიანებმა ურთიერთპატივისცემა უნდა ისწავლონ, ამ საქმეში კი მედიის როლი განსაკუთრებულია.

„ხალხის გაზეთის“ რედაქტორი რეზო ოქრუაშვილი ამბობს, რომ სასამართლოსადმი უნდობლობის სტერეოტიპი საზოგადოებას განვლილმა პერიოდმა ჩამოუყალიბა. ამიტომ ახლა სწორედ საზოგადოება ცდილობს სასამართლოს გარეშე დაადგინოს, დამნაშავეა თუ არა ესა თუ ის პირი, რაც მისთვის მიუღებელია.

ადვოკატი თამარ თედლიაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში ხშირად ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია, არც საზოგადოების სამართლებრივი განათლების დაბალი ხარისხის შედეგია.

საიამ უდანაშაულობის პრეზუმფციაზე საუბრები მედიის წარმომადგენლებთან დაიწყო. იურისტების აზრით, ასეთი საუბრები საზოგადოების წარმომადგენლებთანაც უნდა გაიმართოს, რათა ადამიანებმა სხვისი და საკუთარი თავის პატივისცემა ისწავლონ.
XS
SM
MD
LG