Accessibility links

logo-print

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, 2013 წლის შედეგების საფუძველზე, უძრავი ქონების სტატისტიკური კვლევა განახორციელა. კერძოდ, შეგროვდა ინფორმაცია სხვადასხვა სექტორის (უმეტესად ფინანსური და არაფინანსური კორპორაციები, სახელმწიფო მმართველობა, შინამეურნეობები) მიერ შენობა-ნაგებობების ყიდვაზე, მათ მშენებლობასა და კაპიტალურ თუ მიმდინარე რემონტზე დარიცხული ხარჯების შესახებ; ამასთან, მიწის ყიდვისა და მასზე გაწეული კაპიტალური ხარჯების შესახებ; აგრეთვე ინფორმაცია სხვადასხვა სექტორის მიერ შეძენილი ობიექტების ღირებულებისა და მოცულობის შესახებ.

გამოსაკვლევ სუბიექტთა რაოდენობამ შეადგინა 6546, საიდანაც უმეტესობა არაფინანსური კორპორაციები, კერძოდ, მსხვილი ზომის საწარმოები იყო. კვლევის შედეგების მიხედვით, 2013 წელს საწარმოებისა და ორგანიზაციების მიერ იმ შენობა- ნაგებობების ყიდვაზე დარიცხულმა ხარჯებმა, რომელთა მშენებლობაც მიმდინარეობდა ან დასრულდა 2013 წლის განმავლობაში, 180,3 მლნ ლარი შეადგინა. აღნიშნული თანხა მოიცავს მხოლოდ პირველი ხელისგან (მენაშენისაგან) ნაყიდ ნაგებობებს, დღგ-ს გარეშე. ხარჯების უმეტესობა, 57,4 პროცენტი არაფინანსურ კორპორაციებზე, ხოლო 15,2 პროცენტი სახელმწიფო მმართველობის სექტორზე მოდის. რაც შეეხება ობიექტების განაწილებას ტიპების მიხედვით, დაახლოებით 40,3 პროცენტი ადმინისტრაციულ (საოფისე) შენობებზე მოდის, 22,3 პროცენტი - სავაჭრო ობიექტების ყიდვაზე, 6,2 პროცენტი - სასაწყობო დანიშნულების, ხოლო 4 პროცენტი - საცხოვრებელ შენობებზე. მიწის ნაკვეთის ყიდვაზე დარიცხულმა ხარჯებმა 109 მლნ ლარი შეადგინა.

საწარმოებისა და ორგანიზაციების მიერ საკუთარი გამოყენების მიზნით შენობა-ნაგებობის მშენებლობასა და საკუთარი შენობის კაპიტალურ და მიმდინარე რემონტზე დარიცხულმა ხარჯებმა გასულ წელს ერთ მილიარდ ლარს გადააჭარბა, საიდანაც 67,5 პროცენტი არაფინანსურ კორპორაციებზე, 26,7 პროცენტი სახელმწიფო მმართველობის სექტორზე და მხოლოდ 5 პროცენტი ფინანსურ კორპორაციებზე მოდის.

საინტერესოა შინამეურნეობების მიერ საკუთარი საცხოვრებლების ან სხვა სახის საკუთარი შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე გაწეული ხარჯებიც. 2013 წლის განმავლობაში ამ ტიპის ხარჯებმა 9,8 მლნ ლარი შეადგინა. აქედან, 2,1 მლნ ხელოსნებისა და სამშენებლო კომპანიების მომსახურებაზე მოდის. აღსანიშნავია, რომ გაწეული ხარჯების ნახევარი - მიშენებასა და დაშენებაზე მოდის, 22 პროცენტი - არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე, 16 პროცენტი - ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე, 4 - ეზოს კეთილმოწყობასა და შემოღობვის სამუშაოებზე.

შინამეურნეობების მიერ საკუთარი საცხოვრებლების ან სხვა სახის საკუთარი შენობა-ნაგებობების სარემონტო სამუშაოებზე გაწეულმა ხარჯებმა 41,9 მლნ ლარი შეადგინა. კვლევის მიხედვით, შინამეურნეობებმა გასული წლის განმავლობაში 873 ათასი ლარი დახარჯეს მიწის ნაკვეთის ყიდვაზე.

საქსტატის ინფორმაციით, მსგავსი კვლევის ჩატარებას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ უძრავი ქონების ანალიზის განსახორციელებლად, არამედ ეროვნული ანგარიშებისთვისაც.

XS
SM
MD
LG