Accessibility links

logo-print

უძრავი ქონების ბაზარზე არსებული სიტუაცია მნიშვნელოვანი ტესტია ქვეყანაში ეკონომიკური განვითარებისა და სტაბილურობის შესაფასებლად. ის გარკვეულ წარმოდგენას იძლევა ნდობაზე, რომლითაც საზოგადოება ეკონომიკურ პერსპექტივას უყურებს, რადგან უძრავ ქონებაში ფულის ჩადებას მხოლოდ იმ შემთხვევაში წყვეტს ადამიანი, როცა თვლის, რომ სტაბილური და განჭვრეტადი შემოსავალი ექნება. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველად ბაზარზე არსებული სიტუაცია, რაც ნიშნავს, რომ უძრავი ქონება პირველად რეგისტრირდება, ანუ ახალი ქონება იქმნება და იყიდება.

ამ თვალსაზრისით, 2015 წლის დეკემბერი, მთელი წლისგან განსხვავებით, იმედის მომცემი იყო: 2015 წლის მიწურულს უძრავი ქონების ბაზარი შედარებითი გამოცოცხლებით გამოირჩეოდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2015 წლის დეკემბერში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა 9.2 %-ით გაიზარდა. როგორც იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, 2015 წლის დეკემბერში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობამ, ჯამში, 55,4 ათასი ერთეული შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ზრდა ბოლო წლების მანძილზე მუდმივად მიმდინარეობს. 2011 წლის დეკემბერთან (43 325 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით,2105 წლის დეკემბერში ზრდა 27.9 % იყო, 2012 წლის დეკემბერთან (37 984 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - 45.9 %, 2013 წლის დეკემბერთან (45 139 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - 22.8 %...არადა, 2015 წლის დასაწყისი ქონების ბაზრისთვის ვარდნით დაიწყო და სტაგნაციით გაგრძელდა, რაც ძირითადად ლარის კურსის მკვეთრ ცვლილებასთან იყო კავშირში.

მოგეხსენებათ, ეროვნულმა ვალუტამ წელს, დაახლოებით, 35-პროცენტიანი ვარდნა განიცადა. ეს შოკი იყო არამხოლოდ უძრავი ქონების ბაზრისთვის, თუმცა მასზე ყველაზე მკვეთრად აისახა, რაც მოსალოდნელი იყო კიდეც. ბოლო თვეებში ამ მიმართულებით სიტუაცია შედარებით ჩაწყნარდა. ხელისუფლებაც და საზოგადოებაც აჟიოტაჟური მდგომარეობიდან თანდათან გამოვიდა და ამან ასახვა პოვა უძრავი ქონების ბაზარზეც: მთელი წლის სტაგნაციის შემდეგ ლარის კურსის დასტაბილურებას უძრავი ქონების ბაზრის ამოქმედება მოჰყვა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2015 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 25.6 %-ით გაიზარდა: ზრდა დაფიქსირდა როგორც პირველადი (28.4 %-ით), ისე მეორადი (24.9 %-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში.
რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, საჯარო რეესტრის ცნობით, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით, პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი გაიზარდა: ამა წლის დეკემბერში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 80.8 %-ს მეორადი, ხოლო 19.2%-ს პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენს (2014 წლის დეკემბერში კი, შესაბამისად, 84.1% და 15.9%).

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG