Accessibility links

logo-print

ევროპა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად ემზადება


ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი (დეტალი).

ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი (დეტალი).

ევროპა 2014/15 წლების საუკეთესო ფეხბურთელის ასარჩევად ემზადება. 15 ივლისს უეფამ გამოაქვეყნა იმ ათი მოთამაშის სია, რომელთაგან აგვისტოს ბოლოს უნდა გამოვლინდეს განვლილი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი. ისევე, როგორც წინა წლებში, ეს ათეული შეირჩა უეფას წევრი 54-ვე ქვეყნის სპორტულ ჟურნალისტთა გამოკითხვის შედეგად (ყოველ ქვეყანას თითო ჟურნალისტი წარმოადგენს, საქართველოდან ჟიურის წევრია რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის ხელმძღვანელი დავით კაკაბაძე).

ჟიურის თითოეულ წევრს უნდა დაესახელებინა, მისი აზრით, სეზონის ხუთი უძლიერესი მოთამაშე (პირველ ადგილზე გასულს ენიჭებოდა ხუთი ქულა, მეხუთე ადგილზე გასულს - ერთი). სულ ჟიურის წევრებმა დაასახელეს 35 ფეხბურთელი, რომელთაგან კენჭისყრის მეორე შემდეგი ათი მოთამაშე გავიდა (მოთამაშეები დალაგებული არიან ანბანის მიხედვით, რადგან დაგროვილი ქულების რაოდენობას უეფა არ ამხელს): ედენ აზარი (ბელგია/ინგლისის „ჩელსი“, ლონდონი), ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია/„იუვენტუსი“, ტურინი), არტურო ვიდალი (ჩილე/იტალიის „იუვენტუსი“, ტურინი), ლიონელ მესი (არგენტინა/ესპანეთის „ბარსელონა“), ნეიმარი (ბრაზილია/ესპანეთის „ბარსელონა“), ანდრეა პირლო (იტალია/„იუვენტუსი“, ტურინი, ახლა – აშშ-ის „ნიუ-იორკ სიტი ფკ“), პოლ პოგბა (საფრანგეთი/იტალიის „იუვენტუსი“, ტურინი), კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია/ესპანეთის „რეალი“, მადრიდი), ლუის სუარესი (ურუგვაი/ესპანეთის „ბარსელონა“), კარლოს ტევესი (არგენტინა/იტალიის „იუვენტუსი“, ტურინი, ახლა – არგენტინის „ბოკა ხუნიორსი“, ბუენოს-აირესი).

მეორე ტურში ამ ათეულიდან გამოვლინდება საუკეთესოთა სამეული. კენჭისყრა იმავე პრინციპით ჩატარდება – იმ განსხვავებით, რომ ჟიურის წევრები მხოლოდ სამ საუკეთესოს ასახელებენ და თავიანთ ფავორიტებს მხოლოდ უძლიერესთა ათეულიდან ირჩევენ (პირველი ადგილისთვის – სამი ქულა, მეორისთვის – ორი, მესამისთვის – ერთი). მეორე ტურის შედეგებს უეფა 12 აგვისტოს გამოაქვეყნებს და გამოაცხადებს იმ სამი ფეხბურთელის ვინაობას, ვისაც გადამწყვეტ, მესამე ტურში მონაწილეობის უფლება მიენიჭება. ამ სამეულიდან საუკეთესოს კი იმავე ჟიურის წევრები უკვე მონტე-კარლოში, 27 აგვისტოს, დაჯილდოების საზეიმო ცერემონიის მსვლელობაში გამოავლენენ.

წლეულს უეფა (ევროპის სპორტული მედიის ასოციაციასთან თანამშრომლობით) უკვე მეხუთე წელია, ამ პრინციპით გამოავლენს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს. წინა კონკურსების ლაურეატები არიან ლიონელ მესი (არგენტინა), ანდრეს ინიესტა (ესპანეთი), ფრანკ რიბერი (საფრანგეთი) და კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია).

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG