Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფასო სახელმძღვანელოების მოვლის წესები


სახელმძღვანელოს მოვლა-პატრონობა 15-ქულიანი შკალით შეფასდება - ეს ბრძანება განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თამარ სანიკიძეს ეკუთვნის. ახალი სასწავლო წლიდან განთლების სამინისტრო საჯარო სკოლის მოსწავლეებს სახელმძღვანელოებს უფასოდ დაურიგებს და მათ მოვლა-პატრონობაზე წესებს ადგენს. სახელმძღვანელოს მოვლის შეფასების კრიტერიუმია: ყდის მდგომარეობა, სახელმძღვანელოს სისუფთავე, სახელმძღვანელოს გვერდების მდგომარეობა. თუ სახელმძღვანელო, დაწესებული კრიტერიუმების მიხედვით, 9 ქულაზე ნაკლებით შეფასდება, მშობელს მის სანაცვლოდ ახალი სახელმძღვანელოს შეძენა მოუწევს. სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას ფსიქოლოგები და განათლების ექსპერტები დადებით შეფასებას ვერ აძლევენ.

განათლების მინისტრის ბრძანებით, მოსწავლეს გამოსაყენებლად შეიძლება გადაეცეს არანაკლებ 9 ქულით შეფასებული სახელმძღვანელო. სახელმძღვანელო, რომლის მოვლა-პატრონობის შეფასების ქულა 8-ს და ნაკლებს შეადგენს, გამოსაყენებლად გამოუსადეგარია.

მოსწავლე ვალდებულია, სახელმძღვანელოები გამოიყენოს მხოლოდ სასწავლო პროცესისათვის, არ გადასცეს სახელმძღვანელო მესამე პირებს, უზრუნველყოს სახელმძღვანელოს მთლიანობა; გაუფრთხილდეს სახელმძღვანელოებს: არ დააზიანოს, არ ჩაკეცოს ფურცლები, არ გააკეთოს მინაწერები და სხვ.

მოსწავლის მშობელიკანონიერი წარმომადგენელი კი ვალდებულია უზრუნველყოს მოსწავლის მიერ სახელმძღვანელოების გამოყენება მხოლოდ სასწავლო პროცესისათვის და სახელმძღვანელოების სათანადო მოვლა-პატრონობა; არ დაუშვას მოსწავლის, ასევე ნებისმიერი პირის მიერ სახელმძღვანელოების გადაცემა მესამე პირებისათვის; მშობელი, ამ ვალდებულებათა გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, იძულებული გახდება ჩაანაცვლოს სახელმძღვანელო "იდენტური შინაარსისა და რედაქციის სახელმძღვანელოთი". ამ ვალდებულებისგან მშობელი შესაძლოა მხოლოდ "ობიექტური გარემოების არსებობისას" გათავისუფლდეს, - ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში.

მოსწავლეები არიან ინდივიდუალურები სახელმძღვანელოებთან მიმართებაშიც, ეს არის მათი ფსიქოლოგიური თავისებურების გამოხატვაც, წიგნთან მუშაობის თავისებურებაც. ზოგიერთმა ის შეიძლება უფრო განსხვავებულად მოიხმაროს - დაამარკეროს მისთვის საინტერესო ადგილები და.შ...
ია გიგაური
როგორც მინისტრის მოადგილე ია გიგაური განმარტავს, სისტემა შემუშავებულია მასწავლებლების, მშობლების, სკოლის დირექტორებისა და სხვა ექსპერტების მონაწილეობით და დაცულია მოსწავლისა და მშობლის ინტერესი. ამასთან, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ია გიგაურის სიტყვებით, ეს არის არა სადამსჯელო, არამედ სიფრთხილის დაცვის ღონისძიებები:

„მოსწავლეები არიან ინდივიდუალურები სახელმძღვანელოებთან მიმართებაშიც, ეს არის მათი ფსიქოლოგიური თავისებურების გამოხატვაც, წიგნთან მუშაობის თავისებურებაც. ზოგიერთმა ის შეიძლება უფრო განსხვავებულად მოიხმაროს - დაამარკეროს მისთვის საინტერესო ადგილები და.შ. ამიტომ შეფასება აუცილებელია, რომ ვისაც გადაეცემა ეს სახელმძღვანელო, იმ მოსწავლის უფლებები იყოს დაცული. თუ სახელმძღვანელო იქნება გამოუსადეგარი იმის გამო, რომ მოსწავლემ ის თავისი განათლების მიღების მიზნით გამოიყენა, მაგრამ გარკვეულწილად დაზიანდა ეს სახელმძღვანელო, ასეთ შემთხვევაში ის ამოიღება ხმარებიდან და ჩამოიწერება სკოლის მიერ. არანაირი პასუხისმგებლობა, თუ ის იყო სასწავლო მიზნებიდან გამომდინარე, რაც სახელმძღვანელოში გაჩნდა თუნდაც ჩანაწერი, მონიშვნა და ა.შ., არ ექვემდებარება არანაირ სადამსჯელო სანქციებს“.

თუმცა მინისტრის ბრძანებაში წერია, რომ სახელმძღვანელოებში მინაწერების გაკეთება დაუშვებელია. განათლების მინისტრის მოადგილის ია გიგაურის სიტყვებით, ეს ღონისძიება მოსწავლეების უნარების განვითარებასაც ემსახურება. სამინისტრო ცდილობს მოსწავლეებში პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას.

მაგალითად, პირველკლასელს შეიძლება ძალიან გაუჭირდეს იმის გაგება, რატომ არ დახატოს მზე რომელიმე ფურცელზე, თუ ამის სურვილი გაუჩნდება...
მაია ცირამუა
ფსიქოლოგი მაია ცირამუა, რომელიც 4 შვილის დედაა, ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მიერ უფასო სახელმძღვანელოების დარიგება მართლაც დიდი შეღავათია ოჯახისთვის, ბრძანება, რომელიც სახელმძღვანელოების მოვლა-პატრონობის მკაცრ წესებს ადგენს, კიდევ უფრო დააშორებს ბავშვს წიგნსო. მაია ცირამუას სიტყვებით, თუ მიზანი წიგნის მოფრთხილების სწავლებაა, მაშინ აქცენტი დასჯაზე კი არ უნდა გაკეთდეს, არამედ წახალისებაზე - მაგალითად, ვინც საუკეთესოდ მოვლილ წიგნს ჩააბარებს, ის რაღაცით წახალისდება. მაია ცირამუას სიტყვებით, ძალიან გაჭირდება სხვადასხვა ასაკის ბავშვებში ამ მითითებების დაცვა:

„მაგალითად, პირველკლასელს შეიძლება ძალიან გაუჭირდეს იმის გაგება, რატომ არ დახატოს მზე რომელიმე ფურცელზე, თუ ამის სურვილი გაუჩნდება, და ამის შემდეგ რატომ დაისჯება, ესეც ამისთვის შეიძლება გაუგებარი აღმოჩნდეს. არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ რაღაც ჰიგიენური წესები არ დაიცვან ბავშვებმა, შეიძლება ამას ისედაც იცავენ, გამომდინარე იქიდან, თუ როგორ აღზრდას იღებენ ოჯახში, მაგრამ როდესაც ეს აპრიორულად რაღაცა აკრძალვებთან და სანქციებთან არის დაკავშირებული, მაშინ ამან შეიძლება წიგნსა და ბავშვს შორის „კონტაქტი“ კიდევ უფრო გაართულოს“.

რას ნიშნავს ამდენი სახელმძღვანელოს შეფასების საქმიანობის წარმოება, მასწავლებლების დრო მიდის ამაზე თუ რა ხდება? გაუგებარია აბსოლუტურად. ჩვენს სასწავლო სისტემას სჭირდება რადიკალური რეფორმა. ბავშვებს აქვთ დაბალი წიგნიერების დონე...
ნათელა სახოკია
ამასთან, მაია ცირამუას სიტყვებით, სახელმძღვანელოს მოვლის თემა ნიადაგს შექმნის პედაგოგების მხრიდან ახალი მუქარებისა და დასჯისათვის და მაშინ, მიუხედავად იმისა, რომ უფასო სახელმძღვანელო ოჯახებისთვის დიდი შეღავათია, ჯობია ის ასეთი ფორმით საერთოდ აღარ იყოს მიწოდებული და თავიდანვე მშობელმა შეიძინოს.

განათლების მართვის სპეციალისტი ნათელა სახოკია ფიქრობს, რომ აბსოლუტურად წარმოუდგენელია ამ წესების დადგენა. ჯერ ერთი, მომდევნო წელს როგორ უნდა განსაზღვროს სახელმწიფომ, რომელ მოსწავლეს მისცეს თუნდაც 9 ქულით შეფასებული სახელმძღვანელო და რომელს ახალი. ნათელა სახოკიას აინტერესებს, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სახელმწიფო ნაწილობრივ მაინც უარს ამბობს უფასო სახელმძღვანელოების დარიგებაზე მომავალში:

„რას ნიშნავს ამდენი სახელმძღვანელოს შეფასების საქმიანობის წარმოება, მასწავლებლების დრო მიდის ამაზე თუ რა ხდება? გაუგებარია აბსოლუტურად. ჩვენს სასწავლო სისტემას სჭირდება რადიკალური რეფორმა. ბავშვებს აქვთ დაბალი წიგნიერების დონე, მათემატიკაში უდაბლესი დონეა და ეს რა ღონისძიებაა, მე არ მესმის“.

განათლების სამინისტროს განმარტებით, სახელმძღვანელოებს შეამოწმებენ არა პედაგოგები, არამედ სკოლის მიერ დანიშნული პირები - ეს იქნება ან ბიბლითეკარი, ან ამ მიზნით აყვანილი პერსონალი. ნათელა სახოკია კი ამბობს, რომ ეს გამოიწვევს ძალიან უარყოფით შედეგებს, თან ძალიან ბევრი დროის ხარჯვას.

ნათელა სახოკია, რომელიც სწორედ ახლა წარმატებული სასკოლო რეფორმების შესახებ გამოკვლევებს ეცნობა, ამბობს, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში- მათ შორის, განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში - რიგდება უფასო სახელმძღვანელოები, მაგრამ იმის მსგავსი რამ, რომ ქულებით ფასდებოდეს სახელმძღვანელოების მდგომარეობა, არსად შეხვედრია.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG