Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფასო შემოწმება C ჰეპატიტზე ორ კვირას გაგრძელდება


27 ივლისიდან მომდევნო ორი კვირის განმავლობაში საქართველოს 9 ქალაქის ადგილობრივ მოსახლეობას C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი ჩაუტარდება. ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, სწრაფი და მარტივი ტესტის მეშვეობით ყველა მსურველს გამოიკვლევენ. ამ აქციით საქართველო ეხმაურება ჰეპატიტის მსოფლიო დღესაც, რომელიც 28 ივლისს აღინიშნება.

ვირუსული ჰეპატიტის სხვადასხვა სახეობით მსოფლიოში ასობით მილიონი ადამიანია დაავადებული. მათმა უმრავლესობამ ხშირად დაავადების შესახებ არც იცის. საქართველოში ამ ვირუსთან აქტიურად ბრძოლა რამდენიმე თვის წინ დაიწყო, როდესაც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ამუშავდა. ვირუსით დაინფიცირების ფაქტების გამოვლენა ამ პროცესში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია. „ ორკვირიანი უფასო სკრინინგიც ამ მიზანს უნდა მოემსახუროს“, - გვეუბნება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე ეკატერინე ქავთარაძე. მისივე თქმით, ცენტრის 9 რეგიონალურ ლაბორატორიაში გამოკვლევის მსურველები 27 ივლისის დილიდან მივიდნენ:

„9 საათიდან გაიხსნა პუნქტები და მოსახლეობის აქტიურობა არის უპრეცედენტოდ მაღალი. მათ არა მხოლოდ ამოწმებენ C ჰეპატიტზე, არამედ, ვირუსის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმართვასაც აძლევენ და უხსნიან, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, რა შემდგომი ნაბიჯები უნდა გადადგან და როგორ ჩაერთონ მკურნალობის პროგრამაში“.

ეკატერინე ქავთარაძე ვარაუდობს, რომ პირველ ეტაპზე 10 000-მდე ადამიანს გამოიკვლევენ, თუმცა, თუ მეტი მსურველი იქნა, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში უარს გამოკვლევაზე არავის ეტყვიან.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებსაიტზე ვკითხულობთ, რომ C ჰეპატიტიყოველწლიურად დაახლოებით 1.45 მილიონი ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება. C ჰეპატიტით ქრონიკულად ინფიცირებულია 240 მილიონი ადამიანი. ყოველწლიურად, დაახლოებით, 780 000 ადამიანი იღუპება, აქედან 650 000 - ქრონიკული C ჰეპატიტის გართულებებით, ხოლო 130 000 - მწვავე C ჰეპატიტით. მსოფლიოში სულ ქრონიკული C ჰეპატიტი აღენიშნება 130-150 მილიონ ადამიანს. მასთან დაკავშირებული ღვიძლის გართულებებით კი ყოველწლიურად იღუპება 350 000-დან 500 000-მდე ადამიანი.

იმის გამო, რომ ეს დაავადება ყველაზე მეტად ნარკოტიკების ინექციის მომხმარებლებში ვლინდება, ძალიან რთული იქნება ელიმინაციის მიღწევა იმ ნარკოპოლიტიკის პირობებსა და ზიანის შემცირების პროგრამების იმ მასშტაბით, რაც დღეს არის საქართველოში, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა მოხდეს ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია...
პაატა საბელაშვილი

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პირველი ფაზის განმავლობაში 5 000 პაციენტის დიაგნოსტირება და უფასო მკურნალობაა დაგეგმილი. ბოლო მონაცემებით, პროგრამაში უკვე დარეგისტრირებულია 7 000-ზე მეტი პაციენტი, მკურნალობა კი 1 700-მა პაციენტმა დაიწყო.

ექსპერტი მკურნალობის ხელმისაწვდომობის საკითხებში პაატა საბელაშვილი, რომელიც ამავე დროს არის კამპანიის „ცოტა C” ერთ-ერთი ორგანიზატორი, შენიშნავს, რომ, გასულ წელთან შედარებით, C ჰეპატიტის მკურნალობის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, საქართველომ შესამჩნევ პროგრესს მიაღწია, თუმცა იმისათვის, რომ ეს პროგრამა უფრო სრულყოფილი გახდეს, მას „ცოტაც“ კიდევ სჭირდება - წლევანდელი კამპანიის სახელწოდებაც ამ პრინციპიდან გამომდინარეა. კამპანიის ფარგლებში მომზადდა საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებსაც 28 ივლისს, ჰეპატიტის მსოფლი დღეს, დაარიგებენ საქართველოს რამდენიმე ქალაქში და ამ გზით გამოხატავენ მხარდაჭერას მიმდინარე პროგრამისადმი და, გარდა ამისა, კამპანიას აქვს მეორე მიზანიც:

„იმის გამო, რომ ეს დაავადება ყველაზე მეტად ნარკოტიკების ინექციის მომხმარებლებში ვლინდება, ძალიან რთული იქნება ელიმინაციის მიღწევა იმ ნარკოპოლიტიკის პირობებსა და ზიანის შემცირების პროგრამების იმ მასშტაბით, რაც დღეს არის საქართველოში, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა მოხდეს ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია, რადგან კრიმინალიზებული ჯგუფის გამოვლენას და მათ მკურნალობას პერსპექტივა არ გააჩნია, ჩვენი აზრით. ასევე ვფიქრობთ, რომ უნდა გაიზარდოს ზიანის შემცირების პროგრამებიც და სახელმწიფომ მეტი ფინანსები დახარჯოს მათ განსახორციელებლად“.

ზოგადად C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობას პაატა საბელაშვილი დადებითად აფასებს, თუმცა იმ რამდენიმე პრობლემასაც ჩამოთვლის, რომლებმაც ბოლო თვეებში იჩინა თავი. მათ შორის არის, მაგალითად, მომზადებული მედპერსონალის ნაკლებობა, რის გამოც პაციენტებს ხშირად დიდხანს უწევთ მოცდა - თითო ექიმს, პაატა საბელაშვილის ინფორმაციით, 400-500 პაციენტი ჰყავს. და კიდევ ერთი, პაატა საბელაშვილის შეფასებით, მეტად მნიშვნელოვანი: დიაგნოსტიკის თანადაფინანსების კომპონენტი.

„როგორ ცნობილია, 30 %-ს იხდის სახელმწიფო და 70 %-ს პაციენტი ( პირიქითაა მხოლოდ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შემთხვევაში). თბილისში ამ 70 %-დან 60 %-ს მერია ფარავს, მაგრამ თუ ცხოვრობ, მაგალითად, არა ზუგდიდში, არამედ წალენჯიხაში, მაშინ თავად მოუწევთ ამ 70 %-ის გადახდა და ყველამ ვიცით, რომ რაც უფრო მოშორებით ცხოვრობს რაიონული ცენტრიდან ადამიანი, მით ნაკლებია მისი შემოსავალი. უკეთესად რომ წარმოვიდგინოთ, პირველ ეტაპზე დიაგნოსტიკისათვის საჭიროა 480 ლარი (სანამ პროგრამაში ჩაერთვები) და ამ თანხის 70 % არც ისე პატარა თანხაა“, - გვეუბნება პაატა საბელაშვილი.

ამ ეტაპზე ორკვირიანი აქციის ფარგლებში კი გამოკვლევის უფასოდ ჩატარება შესაძლებელი იქნება ქუთაისის, ბათუმის, ფოთის, ოზურგეთის,ზუგდიდის, ამბროლაურის, ახალციხის, გორისა და თელავის ლაბორატორიებში. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, სექტემბერში მსგავსი აქცია თბილისსა და რუსთავშიც გაიმართება.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG