Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლებადამცველთა უფლებები


საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი (მარცხნივ)
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი (მარცხნივ)
უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიურმა ქსელმა 10 დეკემბერს ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ანგარიში წარმოადგინა, რომელიც 2011-2012 წლებში საქართველოში უფლებადამცველთა მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მოიცავს. ანგარიშის თანახმად, უფლებადამცველთა უფლებები განსაკუთრებით რეგიონებში ირღვევა. გარდა ამისა, ისინი მიუთითებენ საგამოძიებო ჟურნალისტებსა და უმცირესობათა უფლებების დამცველებზე განხორციელებულ ზეწოლაზე.

ერთ-ერთი პირველი მაგალითი, რომელიც საქართველოში უფლებადამცველთა მდგომარეობის ამსახველ ანგარიშში მოხვდა, 2012 წლის 17 მაისს ლგბტ აქტივისტებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ თბილისში მოწყობილი მანიფესტაციაა. ანგარიშის ავტორები, უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის წევრები, წერენ, რომ ამ აქციის დროს ხელისუფლებამ ვერ შეძლო აქციის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა. მსმენელს შევახსენებ, რომ ჰომოფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღე ლგბტ უფლებადამცველებსა და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა, საპატრულო პოლიცია ადგილზე დაგვიანებით გამოცხადდა, მათ გამოჩენას კი რამდენიმე ლგბტ უფლებადამცველის დაკავება მოჰყვა:

”ძირს ლგბტ! ძირს გეები!”’
”შენთვის იბრძოდა აღმაშენებელი? სარკეში ჩაიხედეთ”...
” ჩვენ თქვენი მართლმადიდებელი ძმები ვართ”...
”რასაც თქვენ აკეთებთ, ცოდვაა. სახლში რაც გინდათ, ქენით”...

სამხრეთკავკასიური ქსელის წევრები იმასაც წერენ, რომ საანგარიშო პერიოდში, რომელიც 2011-2012 წლებს მოიცავს, არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ჟურნალისტურ გამოძიებებზე მომუშავე მედიაორგანიზაციები სირთულეებს გადააწყდნენ. ამის საილუსტრაციოდ ანგარიშის ავტორებს სტუდია ”მონიტორის” შემთხვევა მოჰყავთ. მიმდინარე წლის ივლისში მედიარგანიზაცია გაქურდეს, ოფისიდან წაიღეს რამდენიმე კომპიუტერი, გამოძიების მასალები. ძარცვას სტუდიის საქმიანობის პარალიზება მოჰყვა. გაძარცული ოფისი ”მონიტორის” ჟურნალისტებმა მაშინ პირადად დაგვათვალიერებინეს:
მარი ოთარაშვილს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. გელა მთივლიშვილი უკანონოდ ჰყავდათ დაკავებული. მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა ...
ალეკო ცქიტიშვილი

”ეს საბუთები გადმოყარეს. ალბათ, ყუთს ეძებდნენ. აქ კომპიუტერი იდგა, იქაც. ჩვენ ლეპტოპებით ვმუშაობდით. სულ 6 კომპიუტერია წაღებული, მათ შორის, საბუღალტრო მონაცემებიც. პატრული მოვიდა, კრიმინალური პოლიცია... აი, ხომ ხედავთ, რა მდგომარეობაშია აქაურობა, ყველაფერი აყრილ-დაყრილია”, - ამბობს ნანა ბიგანიშვილი, სტუდია ”მონიტორის” დამფუძნებელი და ჟურნალისტი.

”ადამიანის უფლებათა ცენტრის” წარმომადგენელი ალეკო ცქიტიშვილი ანგარიშის ავტორების ერთ მითითებაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ, დედაქალაქში მოქმედი უფლებადამცველებისაგან განსხვავებით, რეგიონში მომუშავე ჟურნალისტები თუ უფლებადამცველები გაცილებით მეტი რისკის ქვეშ ექცევიან და, შესაბამისად, მეტია რეგიონალური ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების საქმიანობისა და უფლებების შემლახველი ფაქტებიც. ანგარიშის ავტორები ამ შემთხვევაში გაზეთ ”რეზონანსის” რეგიონალური ჟურნალისტის მარი ოთარაშვილისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის ასევე რეგიონალური ჟურნალისტის გელა მთივლიშვილის მაგალითზე წერენ:

”მარი ოთარაშვილს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. გელა მთივლიშვილი უკანონოდ ჰყავდათ დაკავებული. მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ხშირად რეგიონში მომუშავე უფლებადამცველები არც კი ახმაურებდნენ დევნისა და შევიწროების ფაქტებს, რადგან დიდი იყო შიშის ფაქტორი. იმედია, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში ეს პრობლემა გამოსწორდება”, - ამბობს ალეკო ცქიტიშვილი.
ჩვენ მივმართავთ ევროკავშირს, რათა დაეხმაროს სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებს, დაიცვან ევროკავშირის სახელმძღვანელო პრონციპები და გასცენ უფასო მრავალჯერადი ვიზები უფლებადამცველებზე ...
ნაზი ჯანეზაშვილი

უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის ანგარიშში მოხვდა მიმდინარე წლის სექტემბერში ციხეებში პატიმართა წამების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ გამართული აქციის მონაწილეების დაკავების ფაქტებიც. ანგარიშის ავტორები წერენ, რომ ხელისუფლება კვლავაც აქტიურად აგრძელებდა ადმინისტრაციული კოდექსის გამოყენებას უფლებადაცვითი საქმიანობის ხელის შესაშლელად. როგორც ისინი აცხადებენ, უფლებადამცველებს ხშირად ბრალს სდებდნენ მსუბუქ დანაშაულებებში, როგორიცაა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, და მათ ადმინისტრაციულ პატიმრობას უსჯიდნენ.

არსებული პრობლემების ფონზე, ანგარიშის ავტორები რეკომენდაციით მიმართავენ საქართველოს მთავრობას ისარგებლოს პოსტსაარჩევნო პერიოდის პოლიტიკური კლიმატით და უზრუნველყოს უფლებადამცველებისა და ადვოკატების ეფექტური ჩართულობა სახელმწიფო უწყებების რეფორმებში, მათ შორის, საკანონმდებლო რეფორმებში - ეს და სხვა არაერთი რეკომენდაცია 10 დეკემბერს საზოგადოებას „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნაზი ჯანეზაშვილმა გააცნო. როგორც ის ამბობს, ევროკავშირისადმი მიმართვას ანგარიშში განსაკუთრებული ადგილი დაეთმო:

”ჩვენ მივმართავთ ევროკავშირს, რათა დაეხმაროს სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებს, დაიცვან ევროკავშირის სახელმძღვანელო პრონციპები და გასცენ უფასო მრავალჯერადი ვიზები უფლებადამცველებზე, როცა მათ დასჭირდებათ უსაფრთხო ქვეყანაში წასვლა. გარდა ამისა, მივმართავთ ევროკავშირს, გაუწიოს აქტიური მონიტორინგი საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში არსებულ მდგომარეობას ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობის კუთხით”, - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

ახლად არჩეული სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი კი ადამიანის უფლებების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შექმნის შესახებ საუბრობს. როგორც მან 10 დეკემბერს განაცხადა, სტრატეგია, რომელზეც ერთად იმუშავებენ ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ხელს შეუწყობს იმ გამოწვევებისა და პრობლემების უკეთ წარმოჩენას, რომლებიც დღესდღეობით ქვეყნის წინაშე დგას და რომელთა გადაჭრის გზების ძიებაც სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების უპირველესი მოვალეობაა.
XS
SM
MD
LG