Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"უფლისწული" და "უფლებადამცველები" - კოგნიტური აღრევის მახარობლები


რატომ იღებს უკრიტიკოდ საზოგადოება ისეთ საეჭვო დეფინიციებს, როგორიც არის „სამეფო ოჯახი“, „უფლისწული“, „უფლებადამცველი“, „ექსპერტი“ და ასე შემდეგ? როგორია მედიის როლი საეჭვო სიზუსტის ცნებების დამკვიდრებასა და ტირაჟირებაში, რაც, ფსიქოლოგთა მტკიცებით, ხელს უწყობს ეგრეთ წოდებული შემეცნებითი აღრევის ზრდას? რა როლს თამაშობს მედია აღნიშნულ პროცესში და როგორია მის მიერ მიყენებული ზიანის მასშტაბი?

საქართველო, კონსტიტუციის მიხედვით, დემოკრატიული რესპუბლიკაა. შესაბამისად, ქვეყნის ძირითად კანონში არაფერი წერია მონარქიის, მეფის, სამეფო ოჯახისა და უფლისწულების შესახებ, თუმცა, მიუხედავად ამისა, ქართული მედია, მათ შორის, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, მაინც აქტიურად ამკვიდრებს შინაარსისგან დაცლილ ცნებებს. ფრაგმენტები „მოამბეში“ გასული სიუჟეტებიდან:

„უფლისწულის ნათლობა სვეტიცხოველში. გიორგი ბაგრატიონის ნათლობის ცერემონია სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღასრულა...“

„ოთხი წლის თავზე სამეფო ქორწინება დასრულდა. ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისთან დაშორების შესახებ განცხადება დავით ბაგრატიონმა სამეფო სახლის ვებსაიტზე გაავრცელა...“

17 მაისი იმიტომ მოხდა, რომ ესენი არ გამოსულიყვნენ და ვერ გამოსულიყვნენ. იქ მათი გამოსვლა არის ჩვენი ღირსების, ზნეობის შეურაცხყოფა...
გიორგი გაბედავა
„სამეფო ქორწინება“, „უფლისწული“, „სამეფო სახლი“ - ეს არ არის სრული ჩამონათვალი იმ არასწორი დეფინიციებისა, რომლებსაც ხშირად იყენებს მედია. ასევე ფართოდაა გავრცელებული სახელდება „ექსპერტი“, „პოლიტპატიმარი“, თუმცა ამ ბოლო დროს ასევე ხშირად მიაწერენ უფლებადამცველობას იმ ადამიანებს, რომლებიც ქსენოფობიასა და ძალადობის პროვოცირებაში არიან შემჩნეული. ქართველი ჟურნალისტების ნაწილისთვის უფლებადამცველია გიორგი გაბედავაც:

„17 მაისი იმიტომ მოხდა, რომ ესენი არ გამოსულიყვნენ და ვერ გამოსულიყვნენ. იქ მათი გამოსვლა არის ჩვენი ღირსების, ზნეობის შეურაცხყოფა. კომუნისტების დროს, თუ არ ვცდები (მაშინ არ ვიყავი დაბადებული), мужело́жество ერქვა ამ დანაშაულს და მის გამო იჭერდნენ. დღეს ეს არ არის დანაშაული, სირცხვილი და ავადმყოფობა, თუ როგორ არის?“

აშკარაა, რომ ეგრეთ წოდებული „უფლებადამცველი“ არ ხელმძღვანელობს უნივერსალურად აღიარებული ისეთი დოკუმენტით, როგორიც არის გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია. არადა, როგორც ყოფილი სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში ამბობს, საზოგადოების მხოლოდ ერთი ჯგუფის ინტერესების დაცვა არ კმარა იმისათვის, რომ უფლებადამცველის სახელი დაირქვა.

„უფლებადამცველობა უნდა გულისხმობდეს ყველას უფლებების დაცვას და არა ფაშიზმის ქადაგებას მთელი რიგი მიმართულებებით, რისი მოწმენიც გავხდით ამ ბოლო დროს. ანუ ზოგიერთისთვის არის ეს უფლებები და ზოგიერთისთვის - არა, რაც ძირშივე ანგრევს მთლიანად ძირითად პრინციპს, რომ ადამიანის უფლებები არის ყველასთვის ერთნაირი“, უთხრა გიორგი ტუღუშმა რადიო თავისუფლებას.

ამას სოციალურ ფისქოლოგიაში უწოდებენ ავტორიტეტის „ორეოლს“, ანუ შარავანდედს. თუ ავტორიტეტული ინსტიტუცია ან პირი ლეგიტიმაციას უკეთებს ამა თუ იმ სახელდებას, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ის ატაცებული იქნება საზოგადოების სხვა სუბიექტების მიერ...
ჯანა ჯავახიშვილი
საქართველოში ისეც ხდება, რომ მედია ხშირად პატიმართა უფლებების დამცველად წარადგენს პატიმართა წამებაში მხილებულ პირს. ჟურნალისტ ზვიად ქორიძის თქმით, ადეკვატური სახელდებისა და დეფინიციების პრობლემა მრავალშრიანია:

„ერთია თვითშეფასების პრობლემა - უაპელაციოდ ადამიანი არ უნდა ირქმევდეს არც მეფეს, არც უფლებადამცველს, არც ექსპერტს და ასე შემდეგ. აქ თვითშეფასების პრობლემაა. ალბათ, ჩვენი ტიპის არასტრუქტურირებული და არამყარი დემოკრატიის პირობებში მცხოვრები საზოგადოებისთვის ძალიან სიმპტომურია. ასეა არამარტო ჩვენთან. ბუნებრივია, ძალიან უხერხულია, როდესაც ადამიანის უფლებისდამცველ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს, მაგალითად, ლადო ბედუკაძე, რომელიც ესწრება კონფერენციას ადამიანის უფლებების დაცვაზე. ეს არაადეკვატურია. რა თქმა უნდა, არ ვარ იმის მომხრე, რომ ჩავქოლოთ, ეს არაა ჩემი პათოსი, თუმცა ცხადია, რომ თვითშეფასების პრობლემასთან გვაქვს საქმე. ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში პატიმართა უფლებების შელახვით იყო დაკავებული, უფლებადამცველობას კი არ უნდა იჩემებდეს, არამედ მინიმუმ უნდა ჰქონდეს განცდა სინანულისა, პატიებისა, ეს რა მომივიდაო“.

თუმცა, განცდისა და თვითგვემის ნაცვლად, ამგვარი „უფლებადამცველები“ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ იოლად ხელმისაწვდომები იყვნენ მედიისათვის, რომელიც, როგორც წესი, უკრიტიკოდ იღებს მათ შეთავაზებას. ფსიქოლოგ ჯანა ჯავახიშვილის თქმით, კიდევ უფრო დიდი პრობლემაა, როცა არასწორი დეფინიციების დამკვიდრების ინიცირებას ავტორიტეტული პიროვნება ან ინსტიტუცია ახდენს:

ჯანა ჯავახიშვილი
ჯანა ჯავახიშვილი
„ამას სოციალურ ფისქოლოგიაში უწოდებენ ავტორიტეტის „ორეოლს“, ანუ შარავანდედს. თუ ავტორიტეტული ინსტიტუცია ან პირი ლეგიტიმაციას უკეთებს ამა თუ იმ სახელდებას, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ის ატაცებული იქნება საზოგადოების სხვა სუბიექტების მიერ და მედიაც რომ იტაცებს, გასაკვირი არ არის“.

ჯანა ჯავახიშვილის თქმით, სწორედ ამ გზით მოიკიდა ფეხი საზოგადოებაში ისეთმა სახელდებებმა, როგორიც არის „სამეფო სახლი“, „უფლისწული“ და ასე შემდეგ. ცნობილია, რომ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ღიად უჭერს მხარს მონარქიის აღდგენას.

კათალიკოს-პატრიარქი: „უფლისწული გიორგი მოინათლა ამ წმინდა ტაძარში, სადაც განსვენებული არიან მისი წინაპრები. ასეთი ნათლობა არ ყოფილა 1801 წლიდან“.

მაინც რატომ იღებს მედია უკრიტოკოდ საეჭვო დეფინიციებს? ფსიქოლოგ ჯანა ჯავახიშვილის თქმით, თავს იჩენს პროფესიონალიზმის დეფიციტი მედიაში. ხშირ შემთხვევაში, ვერც საზოგადოება და ვერც მედია ერთმანეთისგან ვერ არჩევს ფაქტსა და ინტერპრეტაციას. ამგვარი აღრევა კი, როგორც ფსიქოლოგი ამბობს, სულაც არ არის უწყინარი რამ:

თუ ეს მედიამ არ გააკეთა, მაშინ ის ხდება წამახალისებელი ამ პროცესის და ეს ორივე დინება ხელს უწყობს იმას, რომ საზოგადოება ვერ გაერკვეს, ვერ მიხვდეს და ვერ გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი...
ზვიად ქორიძე
„ფაქტობრივად, ეს მუშაობს კოგნიტურ აღრევაზე, იმიტომ რომ როცა უფლებადამცველი მართლა იცავს ადამიანის უფლებებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოღვაწეობაა საზოგადოებისათვის. მაგრამ თუ საზოგადოება დავაბნიეთ და თუ ის ვეღარ ხვდება, რას ნიშნავს უფლებების დაცვა, მაშინ, ფაქტობრივად, ხდება ამ ფუნქციის დისკრედიტაცია. ვიცით, რომ საბჭოთა ინერციის გამო ჩვენში ძალიან ეშინიათ უფლებების დაცვისა. ჩვენში გავრცელებულია აზროვნების შეცდომა: თუ სხვის უფლებებს დაიცავ, ამით შენი შეილახება. ამას ეძახიან ნულოვანი ჯამის მენტალობას. ამიტომ ვფიქრობ, ამ შიშის გამოისობით მოხდა სახელდება უფლებადამცველებად ისეთი სუბიექტებისა, რომლებიც უფლებების დაცვის ხაზის განვითარების წინააღმდეგ მუშაობენ“.

ეს რომ არ მოხდეს, მედიამ უაპელაციოდ და უკრიტიკოდ არ უნდა გადმოიტანოს ის, რასაც დაინტერესებული პირები ან ინსტიტუციები აწვდიან. ჟურნალისტ ზვიად ქორიძის თქმით, მედია მეტად უნდა გაისარჯოს როგორც ადეკვატური რესპონდენტების, ასევე სწორი დეფინიციებისა თუ სახელდებების შერჩევისას:

„თუ ეს მედიამ არ გააკეთა, მაშინ ის ხდება წამახალისებელი ამ პროცესის და ეს ორივე დინება ხელს უწყობს იმას, რომ საზოგადოება ვერ გაერკვეს, ვერ მიხვდეს და ვერ გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი. ამიტომ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მედიაზეა, რომელმაც უნდა მოახერხოს ამის კრისტალიზება“.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG