Accessibility links

logo-print

გამორჩეულად ნიჭიერი ახალგაზრდები უგამოცდოდ ჩაირიცხებიან


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

პარლამენტში განიხილება განათლების კომიტეტის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომლის თანახმადაც გამორჩეულად ნიჭიერი ახალგაზრდები უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გვერდის ავლით ჩაირიცხებიან. ამ შინაარსის ცვლილებებს, რაც "უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში უნდა აისახოს, არაერთი ოპონენტი გამოუჩნდა როგორც თავად პარლამენტში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. მაგალითად, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ შესაძლოა ამ ახალმა ინიციატივამ კარგად აწყობილი საგამოცდო სისტემა დაანგრიოს. რას ფიქრობენ კანონპროექტის ინიციატორები?

გამორჩეულად ნიჭიერ ახალგაზრდებთან დაკავშირებული კანონპროექტის ინიციატორია განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, თუმცა იდეა უშუალოდ კომიტეტის თავმჯდომარეს ივანე კიღურაძეს ეკუთვნის.
როგორც მან განუმარტა რადიო თავისუფლებას, ერთიან ეროვნულ გამოცდებს არ ჩააბარებენ ახალგაზრდები, რომლებმაც ამა თუ იმ საერთაშორისო ოლიმპიადაში გაიმარჯვეს ანდა უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლების შემოქმედებით ტურებში. კანონს მიენიჭება უკუძალა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის დაწყების საშუალება მიეცემათ განსაკუთრებით ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებმაც 2013 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში ვერ გადალახეს ამა თუ იმ საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

როგორც ივანე კიღურაძემ აღნიშნა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, საკანონმდებლო ცვლილების იდეა მას კონსერვატორიიდან და სამხატვრო აკადემიიდან მიღებული წერილების საფუძველზე დაებადა. ამ უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელობამ შუამდგომლობა გაუწია, საერთო ჯამში, რვა ახალგაზრდას, თითოეულმა - ოთხს, რომლებიც განსაკუთრებული ნიჭით არიან დაჯილდოებული და რომლებმაც ვერ გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და ვერ გახდნენ სტუდენტები. ივანე კიღურაძემ, როგორც თავად ამბობს, პრობლემა უყურადღებოდ ვერ დატოვა, რადგან შესაძლოა ამ ახალგაზრდებმა სწავლის გაგრძელების მიზნით ქვეყანა დატოვონ:

აქ იზრდება კორუფციის შესაძლებლობა, მიკერძოების შესაძლებლობა და, ბუნებრივია, რომ სერიოზული პრობლემები იქნება...
”მე ჩავთვალე ჩემს ზნეობრივ ვალად, დამესვა საკითხი განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წინაშე სათანადო კანონპროექტის ინიცირების თაობაზე. მე მიმაჩნია, რომ გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდები არ უნდა იჩაგრებოდნენ. მათ მიმართ უნდა იყოს უაღრესად ფაქიზი მოპყრობა”.

განთლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციას არაერთი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა და, მათ შორის, საკუთარი მოადგილის, უმცირესობის წარმომადგენელი დეპუტატის სერგო რატიანის სახით. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, არსებობს ალბათობა, რომ, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხოს მშობლიური ენის არმცოდნე პირი, რომელმაც გაიმარჯვა ამა თუ იმ ოლიმპიადაში ან წარმატებით ჩააბარა შემოქმედებითი ტურები. ამასთან, არსებობს კიდევ ერთი საფრთხეც:

”აქ იზრდება კორუფციის შესაძლებლობა, მიკერძოების შესაძლებლობა და, ბუნებრივია, რომ სერიოზული პრობლემები იქნება”.

რა თქმა უნდა, არ არის მისაღები, რომ ფიზიკის ოლიმპიადაში გამარჯვებული არც ქართულს აბარებს, არც უცხო ენას და არც დანარჩენ საგნებს, რაც სავალდებულოა კონკრეტულ ფაკულტეტზე ჩასარიცხად...
მიკერძოებისა და კორუფციის ალბათობას პრაქტიკულად გამორიცხავს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე, რომლის თქმითაც, მთავარ მაკონტროლებელ ბერკეტს, ამ მხრივ, ადამიანის ”მაღალი ზნეობა” უნდა წარმოადგენდეს და რა უმაღლესი სასწავლებელია ის სასწავლებელი, თუკი იქ ობიეტურად ვერ შეარჩევენ გამორჩეულად ნიჭიერ ახალგაზრდებს.

თუმცა მაინც, მაკონტროლებელი ბერკეტების წინასწარ კარგად განსაზღვრას და კანონში ჩადებას ისურვებდა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი. მოკლედ რომ ვთქვათ, მისთვის ახალ საკანონმდებლო ინიციატივაში ბევრი რამ გაუგებარია და, შესაბამისად, ის ბევრ რამეს სკეპტიკურად უყურებს. იმის გარდა, რომ ცნება ”საერთაშორისო ოლიმპიადა” მისთვის მეტად ფართო და ბუნდოვანია, მისთვის ასევე გაუგებარია, თუ როგორ შეიძლება გაკონტროლდეს საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვებულთა გადაწყვეტილებები მას შემდეგ, რაც ისინი ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან უმაღლეს სასწავლებლებში:

”რა თქმა უნდა, არ არის მისაღები, რომ ფიზიკის ოლიმპიადაში გამარჯვებული არც ქართულს აბარებს, არც უცხო ენას და არც დანარჩენ საგნებს, რაც სავალდებულოა კონკრეტულ ფაკულტეტზე ჩასარიცხად. და, მეორეც, არსებული კანონმდებლობით, ჩარიცხვა ხდება ფაკულტეტზე, მაგალითად, საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე, სადაც ფიზიკა სპეციალობად შედის. ამიტომაც, თუკი მე საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ჩავირიცხე, ბატონი ვანო ვერაფრით ვერ გააკონტროლებს გეოგრაფიის მიმართულებით წავედი მე სასწავლებლად თუ ქიმიის მიმართულებით და ვერავინ ვერ მაიძულებს, რომ ფიზიკის მიმართულებით გავაგრძელო სწავლა”.

ამ დღეებში დასმული ეჭვნარევი შეკითხვების უმრავლესობას გაზვიადებულად მიიჩნევს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე. თუმცა, მისი თქმით, მუშაობა მიმდინარეობს და შესაძლებელია ცალკეული დასაბუთებული შენიშვნების გათვალისწინებაც. ახალი კანონპროექტი კომიტეტმა 26 სექტემბერს განიხილა და მას პარლამენტის სხდომაზე, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გაიტანენ.
XS
SM
MD
LG