Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა უგო ჩავესი


უგო ჩავესი და ფიდელ კასტრო 1994 წელს
უგო ჩავესი და ფიდელ კასტრო 1994 წელს
ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ საჯარო განცხადება გააკეთა ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ. ავტოკრატი ლიდერი ცნობილი იყო იმით, რომ მეგობრობდა ფიდელ კასტროსა და სხვა მემარცხენე ლიდერებთან და მკაცრად აკრიტიკებდა აშშ-ს. პოპულისტი ჩავესი, რომელიც ვენესუელის უღარიბესი მოსახლეობის თვალში გმირად იყო შერაცხული, ქვეყანაში სოციალიზმის აშენებას გეგმავდა, თუმცა, ნავთობის გაყიდვით მიღებული უდიდესი შემოსავლების მიუხედავად, ვენესუელის მოქალაქეთა უმრავლესობა კვლავ გაჭირვებაში ცხოვრობს.

ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი, რომელიც ძალაუფლებას 1999 წელს დაეუფლა, წარსულში თავზეხელაღებული გენერალი იყო და საკუთარ თავს მე-19 საუკუნის ლათინური ამერიკის განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერს ამსგავსებდა. მისი მოღვაწეობის 13 წლის განმავლობაში ჩავესმა ვენესუელის ხელისუფლება და მთელი ეკონომიკა მკაცრ ერთპიროვნულ კონტროლს დაუქვემდებარა, ტრადიციული ელიტისა და საშუალო კლასის მარგინალიზება მოახდინა და ე.წ. ბოლივარული რევოლუციის გზით ვენესუელის სოციალისტურ ქვეყნად გადაქცევას მიჰყო ხელი.

უგო ჩავესი საჯარო შეხვედრებზე ტრადიციული წითელი მაისურით გამოდიოდა, აკრიტიკებდა კაპიტალიზმს და ვენესუელის ნავთობიდან მიღებულ შემოსავალს დაბალხელფასიანი მოქალაქეებისათვის სახლების მშენებლობასა და სხვა პროექტების განხორციელებას ახმარდა, რამაც ჩავესს ქვეყნის ღარიბ მოსახლეობაში დიდი პოპულარობა მოუტანა.

2009 წელს ლიბიის ყოფილი ლიდერის მუამარ კადაფის გვერდიგვერდ მდგომმა ჩავესმა განაცხადა, რომ მასთან მსგავსი მსოფლმხედველობა აკავშირებდა:
უგო ჩავესი და მუამარ კადაფი
უგო ჩავესი და მუამარ კადაფი

„ჩვენ შეგნებული გვაქს ის ფაქტი, რომ ახალ ფურცელს ვწერთ ისტორიაში. ჩვენ ვცვლით ისტორიას, ვებრძვით იმპერიალიზმს, ვებრძვით ბურჟუაზიას, ვებრძვით უმუშევრობას და ვებრძვით კოლონიალიზმს, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო ბოლო 500 წლის განმავლობაში განიცდიდა“.

უგო ჩავესი 1954 წელს სკოლის მასწავლებლების ოჯახში დაიბადა. იგი ახალგაზრდობაში ბეისბოლის უმაღლეს ლიგაში თამაშზე ოცნებობდა და ამიტომ ვენესუელის სამხედრო მეცნიერების აკადემიაში ჩაირიცხა. 1975 წელს სამხედრო კარიერა აირჩია და სულ მალე ელიტურ საპარაშუტო ნაწილს ჩაუდგა სათავეში.

არმიაში ყოფნის დროს ჩავესმა, სხვა ოფიცრებთან ერთად, ვენესუელის საიდუმლო სახალხო განმათავისუფლებელი არმია შექმნა და მარქსისტ ლიდერებთან შეხვედრები დაიწყო, მოგვიანებით კი ბოლივარულ რევოლუციურ მოძრაობას ჩაუყარა საფუძველი. 1992 წელს უგო ჩავესმა სამხედრო გადატრიალების მოწყობა სცადა, მაგრამ გეგმა ჩაიფუშა, რის გამოც ათასობით მომხრესთან ერთად ორი წელი დაყო საპატიმროში. მოგვიანებით ჩავესი შეიწყალეს. განთავისუფლების შემდეგ მან დააარსა პოლიტიკური პარტია, სახელწოდებით „მეხუთე რესპუბლიკის მოძრაობა“, რომელმაც 1998 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.
გუშინ, ქალბატონებო და ბატონებო, ამ ტრიბუნიდან გამოვიდა აშშ-ის პრეზიდენტი, ჯენტლმენი, რომელსაც მე ეშმაკს ვუწოდებ, და ლაპარაკობდა ისე, თითქოს მსოფლიოს განაგებდეს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით...
უგო ჩავესი


ჩავესმა, ვენესუელის ისტორიაში ქვეყნის ყველაზე ახალგაზრდა ლიდერმა, რეფერენდუმის გზით შეცვალა კონსტიტუცია, ქვეყანას უწოდა „ვენესუელის ბოლივარული რესპუბლიკა“, მოახდინა ნავთობმომპოვებელ საწარმოთა ნაციონალიზაცია და გააძლიერა საპრეზიდენტო ძალაუფლება.

ჩავესი ზღუდავდა მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას, ხოლო პოლიტიკურ ოპონენტებს მოღალატეებსა და იმპერიალისტური აშშ-ის მთავრობის თანამოაზრეებს უწოდებდა.

უგო ჩავესი აშშ-ს ერაყის ომის გამო აკრიტიკებდა, 2006 წელს კი გაეროს ტრიბუნიდან ეშმაკი უწოდა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯორჯ ბუშს:

„გუშინ აქ, ამ ადგილას, ეშმაკი გამოვიდა. მისი გოგირდის სუნით აქაურობა დღესაც ყარს. გუშინ, ქალბატონებო და ბატონებო, ამ ტრიბუნიდან გამოვიდა აშშ-ის პრეზიდენტი, ჯენტლმენი, რომელსაც მე ეშმაკს ვუწოდებ, და ლაპარაკობდა ისე, თითქოს მსოფლიოს განაგებდეს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით... თითქოს მსოფლიოს განაგებდეს“.

უგო ჩავესი ვენესუელის პრეზიდენტად მესამე ვადით 2012 წლის ოქტომბერში აირჩიეს. ამ დროისათვის მას უკვე ჰქონდა გადატანილი კიბოს ოპერაცია. იგი ორი წლის განმავლობაში ებრძოდა მძიმე დაავადებას. ბოლო ოპერაცია გასული წლის დეკემბერში კუბაში ჩაუტარდა. ოპერაციის შემდეგ ვენესუელის პრეზიდენტის მდგომარეობა გართულდა. უგო ჩავესი 6 მარტს გარდაიცვალა.
ნიკოლას მადურო
ნიკოლას მადურო

ქვეყნის ლიდერის გარდაცვალების გამო, კონსტიტუციის თანახმად, ვენესუელაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, არჩევნებამდე კი ქვეყანას ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლას მადურო უხელმძღვანელებს.

ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა დიეგო მოლერომ განაცხადა, რომ შეიარაღებული ძალები უგო ჩავესის გარდაცვალების შემდეგ კონსტიტუციისა და კანონის დაცვას უზრუნველყოფენ. ჩავესის გარდაცვალების გამოცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ვენესუელის ხელისუფლებამ დესტაბილიზაციის მცდელობაში დაადანაშაულა და ქვეყნის ტერიტორია დაატოვებინა ორ ამერიკელ დიპლომატს. უგო ჩავესის გარდაცვალების გამო ვენესუელაში შვიდდღიანი გლოვა გამოცხადდა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG