Accessibility links

logo-print

განსაკუთრებით დიდი ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე 3 ივლისს, გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი, გიგი უგულავა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანახმად, გიორგი უგულავას, როგორც დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელს, დანაშაულში ჩართულ სხვა წევრებთან ერთად, საქართველოში ერთ-ერთი ოფშორული კომპანიიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ე.წ. შავი ფული შემოჰქონდა. თანხა შემდგომში უნდა მოხმარებოდა პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას. გიორგი უგულავა დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, რაც სასჯელის ზომად თავისუფლების 9-დან 12 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი, გიგი უგულავა, 3 ივლისს, დილით, ჯერ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. მისი დაკავების მიზეზები საგანგებო ბრიფინგზე დაკავებიდან ექვსი საათის შემდეგ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა, გიორგი გრძელიშვილმა, საგანგებო ბრიფინგზე განმარტა:

“ოფშორულ ზონაში - ვირჯინიის კუნძულებზე - დარეგისტრირებული, დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული კომპანია „ექსიმუს ჰოლდინგიდან“, რომლის დირექტორიც არის ბრალდებულის სახით ძებნილი ალექსანდრე გოგოხია, ფიქტიური ხელშეკრულების საფუძველზე, თანხა ირიცხებოდა ასევე ოფშორში დარეგისტრირებული კომპანია „ბრუქ ტრეიდის“ ანგარიშზე, საიდანაც ფიქტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა უკვე ხვდებოდა საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიაში. ხდებოდა აღნიშნული თანხის კონვერტაცია და ის გადაეცემოდა გიორგი ღონიაშვილს. პატიმრობაში მყოფი ღონიაშვილი, თავის მხრივ, უკანონო შემოსავალს გადასცემდა გიორგი უგულავას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კომპანიის დაფინანსების მიზნით“.

დაკავებული ვარ იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილს თავს არ ვუხრი და არც არასდროს დავუხრი - ეს ერთი. მეორე, ბრალდება არ ვიცი. აუცილებელი იყო, რომ ნიღაბი ჩამომეხსნა ამ სისტემისთვის და, აი, ჩამოვხსენი კიდეც...

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადების მიხედვით, საერთო ჯამში, ოფშორული კომპანიიდან საქართველოში, ფიქტიური ხელშეკრულების საფუძველზე, ფულის გათეთრების გზით უნდა გადარიცხულიყო 1 500 000 ამერიკული დოლარი, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად კი მხოლოდ 760 000 ამერიკული დოლარის გადარიცხვა მოხერხდა.

გიორგი უგულავას ქვისლი, რომელიც, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადების მიხედვით, ამ სქემაში შუამავლის როლს ასრულებდა, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. გიორგი ღონიაშვილი დაახლოებით ერთი თვის წინ დააკავეს. ამავე დროს გამოცხადდა ძებნა კიდევ ერთ ეჭვმიტანილზე, ალექსანდრე გოგოხიაზე.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 10 დღით ადრე „ნაციონალური მოძრაობის“ დასაფინანსებლად შექმნილი დანაშაულებრივი სქემის თაობაზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ წარმოებულ საქმეს გიორგი უგულავამ „ტაკიმასხარობა“ უწოდა, არჩევნების მეორე ტურის წინ უშუალოდ მის დაკავებას კი შემდეგნაირად გამოეხმაურა:

“დაკავებული ვარ იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილს თავს არ ვუხრი და არც არასდროს დავუხრი - ეს ერთი. მეორე, ბრალდება არ ვიცი. აუცილებელი იყო, რომ ნიღაბი ჩამომეხსნა ამ სისტემისთვის და, აი, ჩამოვხსენი კიდეც“.

გიგი უგულავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კიევში გაფრენის წინ დააკავეს. მისივე განმარტებით, უკან დაბრუნებას იგი 3 ივლისის ღამესვე აპირებდა, რადგან 4 ივლისს, დილით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკითხვაზე იყო დაბარებული. მის დაკავებას კი წინ უძღოდა „სიტი პარკის“ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2 ივლისის სხდომა, რომელზეც არ დაკმაყოფილდა მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა და გიგი უგულავას არც გირაოს გადახდა შეეფარდა და არც პასპორტი და პირადობის მოწმობა ჩამოერთვა, რასაც ასევე მოითხოვდა სახელმწიფო ბრალდება. სასამართლომ ამ საკითხზე მოგვიანებით განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც განმარტა, რომ, მისი აზრით, არ არსებობს უგულავას მხრიდან „მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, ასევე, პროცესის მონაწილეებზე ზემოქმედებისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე“. თუმცა, მმართველი პარტიის წარმომადგენლების განმარტებით, ეს საფრთხეები არსებობდა. პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, მაგალითად, ამბობს, რომ გიორგი უგულავას დაპატიმრება გადაუდებელი აუცილებლობა იყო:

“საბოლოოდ, რა თქმა უნდა, სასამართლო იმსჯელებს ამ ყველაფერზე, მაგრამ ის, რომ პირი აპირებდა დაეტოვებინა ქვეყანა და ნამდვილად რისკი არსებობდა, რომ შეიძლება ის არ დაბრუნებულიყო, როცა რამოდენიმე ბრალდება აქვს მას და საკმაოდ მძიმე დანაშაულებებში ედება ბრალი“.

როგორც არასოდეს, მე დღეს ვგრძნობ განწყობას, გაათმაგებულ ენერგიას ჩემს მეგობრებში, გაათკეცებულ მონდომებას, რომ ჩვენ შევიდეთ ამ ბრძოლაში, ბრძოლაში, სადაც ჩვენ მოვიპოვებთ გამარჯვებას...

მანანა კობახიძის აზრი დაადასტურა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთერთობის სამმართველოს უფროსმა გიორგი გრძელიშვილმაც, რომლის თანახმად, სამსახურს ჰქონდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ გიგი უგულავა მიმალვას აპირებდა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსის დაკავებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ, განსაკუთრებით თბილისში, მთავარი ოპოზიციური პარტიის დასუსტებას ისახავს მიზნად. შესაბამისად, არჩევნების წინ „ნაციონალური მოძრაობა“ საგანგებო მობილიზებას აცხადებს. თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა:

“როგორც არასოდეს, მე დღეს ვგრძნობ განწყობას, გაათმაგებულ ენერგიას ჩემს მეგობრებში, გაათკეცებულ მონდომებას, რომ ჩვენ შევიდეთ ამ ბრძოლაში, ბრძოლაში, სადაც ჩვენ მოვიპოვებთ გამარჯვებას. და არავითარ შემთხვევაში, არავითარი სისხლის სამართლებრივი დევნით, - წინასაარჩევნო პერიოდში, ხაზს ვუსვამ, -დაჭერებით არ უნდა იქნეს არჩეული თბილისის მერი, განსაკუთრებით. და მე ვამბობ, რომ რაც არ კლავს, ის გვაძლიერებს და სწორედ ამ პოზიციაში ვართ ჩვენ ახლა. ბრძოლა გრძელდება“.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის უფროსის დაპატიმრება მაშინ, როცა ქვეყანაში წინასაარჩევნო მორატორიუმი მოქმედებს, თავის მხრივ, გაუმართლებლად მიიჩნიეს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმაც. მათი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ მორატორიუმი არ არის სისხლის სამართლის კატეგორია, როცა ის პოლიტიკური და სამართლებრივი თამაშის წესად დგინდება, მისი დაცვა საჭიროა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG