Accessibility links

logo-print

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა და თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებულ მერს, გიგი უგულავას, აღმკვეთ ღონისძიებად არ შეუფარდა გირაოს სახით 50 ათასი ლარის გადახდა. გარდა ამისა, მოსამართლის გადაწყვეტილებით, გიგი უგულავას არ ჩამოერთვა პასპორტი და პირადობის მოწმობა, რასაც ასევე მოითხოვდა სახელმწიფო ბრალდება. ფინანსური პოლიცია და მთავარი პროკურატურა თბილისის ყოფილ მერს კომპანია "სიტი პარკსა" და თბილისის მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულების გამო ედავება. ბრალდების მიხედვით, კომპანიისათვის დამატებითი შეღავათების დაწესებით, გაიფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი 1 მილიონი ლარი.

ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ გიგი უგულავას დარბაზში მყოფი მხარდამჭერები თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ბრალდების არც ერთი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. ბრალდების საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2014 წლის 25 აგვისტოს, 11 საათზე, დაინიშნა. სასამართლო დარბაზი კმაყოფილმა დატოვა გიგი უგულავას ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა:

„თავიდანვე ვაცხადებდით, რომ პროკურატურის შუამდგომლობა იყო უსაფუძვლო და არგუმენტს მოკლებული, რაც ასევე გაიზიარა სასამართლომ და არ დააკმაყოფილა ბრალდების არც ერთი შუამდგომლობა: არც გირაოს შეფარდება გიგი უგულავასთვის და არც საზღვარგარეთის პასპორტის ჩამორთმევა“.

ბრალდების მხარე, რათა ბრალდებულმა თავი არ აარიდოს გამოძიებას, ითხოვს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული დამატებითი ღონისძიების გამოყენებას, რაც არის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობისა და პასპორტის ჩაბარების ვალდებულება...

თბილისის უფლებაშეჩერებულ მერს მთავარი პროკურატურა კომპანია „სიტი პარკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გამო ედავება. ბრალდების თანახმად, გიგი უგულავამ კომპანიას განსაკუთრებული შეღავათები დაუწესა, რამაც, პროკურორ გიგა ძნელაძის თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტი 1 მილიონ 86 ათასი ლარით აზარალა. პროკურატურა სამოტივაციო ნაწილის გაცნობის შემდეგ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს:

„ბრალდების მხარე, რათა ბრალდებულმა თავი არ აარიდოს გამოძიებას, ითხოვს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული დამატებითი ღონისძიების გამოყენებას, რაც არის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობისა და პასპორტის ჩაბარების ვალდებულება“.

მთავარი პროკურატურისა და ფინანსური პოლიციის გარდა, თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებულ მერს „სიტი პარკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გამო ბრალს სდებს ჯაბა სამუშიაც, დედაქალაქის საკრებულოს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი. მისი თქმით, კომპანიას თბილისის ბიუჯეტში 2008-2013 წლებში გადარიცხული აქვს მხოლოდ 3 მილიონი ლარი, მაშინ როცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, დედაქალაქში აღრიცხულია 420 ათასი ავტომობილი. სამუშიას თქმით, მძღოლების ნახევარს რომ 50-50 ლარის ოდენობის ქვითარი ეყიდა, ეს თანხა წლიურად 6 მილონ ლარზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო. საკრებულოს წევრისა და საგამოძიებო უწყებების ბრალდებებს უპასუხა კომპანია „სიტი პარკმა“, რომლის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, კომპანია მოქმედებს იმ პირობების შესაბამისად, რომელიც გაწერილი იყო საერთაშორისო ტენდერითა და შემდგომი ხელშეკრულებით. კერძოდ, პირობების მიხედვით, თანხა თბილისის მერიასა და კომპანია „სიტი პარკს“ შორის ნაწილდება 60 პროცენტი 40 პროცენტზე პროპორციით:

„ყოველი გადახდილი ჯარიმა ირიცხება სახელმწიფო ხაზინაში, რის შემდეგაც ეს თანხა ტრანსფერდება თბილისის ადგილობრივ ბიუჯეტში და მხოლოდ ამის შემდეგ თანხის 40% პროცენტი ირიცხება კომპანიის ანგარიშზე, 60% კი რჩება ადგილობრივ ბიუჯეტში. კომპანია სრულად ფარავს ქალაქში პარკირების რეგულირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. კერძოდ, მიღებული 40%-დან ხდება გადასახადების გადახდა, პარკირების მოწესრიგება და ხელფასების გაცემა. კომპანია „სიტი პარკი“ აღნიშნავს, რომ მითითებული ციფრები არათუ არ შეესაბამება რეალობას, არამედ კავშირშიც კი არ არის მასთან და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. გვსურს ხაზი გავუსვათ, რომ ქალაქ თბილისში პარკირებასთან დაკავშირებული ყველა გადახდა ხორციელდება ელექტრონულად, რაც უზრუნველყოფს მის სრულ გამჭვირვალობას“.

ივანიშვილს რუსეთში ზედმეტ სახელად ეძახდნენ „უდავს“. აი, ახლა რასაც პროკურატურა და საქართველოს მთავრობა აკეთებს, ძალიან ჰგავს მოგუდვას. ყულფში გაქვს გაყოფილი თავი და ნელ-ნელა, ხან გირაოთი, ხან წინასწარი პატიმრობით, ხან უცხოეთში გასვლის შეზღუდვით და ასე შემდეგ, ნელ-ნელა გიჭერს და გახრჩობს...

თავად თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი კი მიიჩნევს, რომ მისი დევნა პოლიტიკური ნიშნით ხორციელდება. გიგი უგულავა „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია:

„ივანიშვილს რუსეთში ზედმეტ სახელად ეძახდნენ „უდავს“. აი, ახლა რასაც პროკურატურა და საქართველოს მთავრობა აკეთებს, ძალიან ჰგავს მოგუდვას. ყულფში გაქვს გაყოფილი თავი და ნელ-ნელა, ხან გირაოთი, ხან წინასწარი პატიმრობით, ხან უცხოეთში გასვლის შეზღუდვით და ასე შემდეგ, ნელ-ნელა გიჭერს და გახრჩობს. ეს არის „უდავის“ ფსიქოლოგია და ტყუილად არ ეძახდნენ ამ ადამიანს „უდავს“. რა არგუმენტი არ ჰქონდა პროკურატურას, ჩემთვის ეს რიგით მეოთხე ბრალია. ალბათ,სამ-ოთხს კიდევ დაამატებენ მაშინ, როცა ნარმანია ან ნარმანიაზე უარესი ეყოლებათ ასარჩევი“.

გიგი უგულავას თქმით, თუ ბილეთის აღებას მოასწრებს, აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას ევროსაბჭოს რეგიონებისა და თვითმმართველობის კონგრესის მონიტორინგის ჯგუფის სხდომაში, რომელიც 3 ივლისს კიშინიოვში უნდა გაიმართოს. „წავალ და აუცილებლად დავბრუნდები, რათა ხელისუფლებას აღარ ჰქონდეს სალაპარაკო“, განაცხადა გიგი უგულავამ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.

XS
SM
MD
LG