Accessibility links

logo-print

კიდევ ორი ადამიანი ცხადდება უგზო-უკვლოდ დაკარგულად


ერგნეთი

ერგნეთი

ბოლო ერთი წლის განმავლობაში საოკუპაციო გამყოფ ხაზთან გაუჩინარებული ადამიანების მოძებნაში „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტიც ერთვება. საუბარია ორ ადამიანზე, რომან შიტიკოვსა და დავით ბაშარულზე. საქართველოს არმიის ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს, რომან შიტიკოვს, ქართველი სამართალდამცავები მიმდინარე წლის დასაწყისიდან ეძებენ. ერგნეთისა და ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში ქართულმა მხარემ არაერთხელ განაცხადა, რომ ის რუსეთის მესაზღვრეებმა კასპის რაიონის სოფელ ყარაფილას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიასთან დააკავეს. თავიდან ოსური მხარე აცხადებდა, რომ შიტიკოვი ცხინვალის იზოლატორში იყო გადაყვანილი, მაგრამ მოგვიანებით ეს ინფორმაცია უარყო.

რამდენიმე თვის განმავლობაში ქართული მხარე დაჟინებით მოითხოვდა, რომ ოსურ მხარეს შიტიკოვის ადგილსამყოფელი გაერკვია, მაგრამ უშედეგოდ. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის ბოლო შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ შიტიკოვის ძებნას „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტიც იწყებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა გოჩა რატიანმა განაცხადა, რომ „წითელი ჯვრის“ გარდა ყოფილი სამხედრო მოსამსახურის ძებნას ქართველი სამართალდამცავებიც განაგრძობენ.

ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა ხოხ გაგლოითიმ შიტიკოვის გარდა კიდევ ერთი გვარი ახსენა. მისი თქმით, ახალგორის რაიონის სოფელ იკოთის მცხოვრები დავით ბაშარულიც უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება და მას ცხინვალელი სამართალდამცავები ეძებენ. გაგლოითის აზრით, ამ საქმეში „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის ჩართვა კიდევ ერთი ჰუმანიტარული მექანიზმის ამოქმედებაა.

„წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მაია ქარდავა აცხადებს, რომ მექანიზმი მაშინვე ამოქმედდება ხოლმე, როგორც კი ორგანიზაციას დაკარგულის შესახებ ოჯახის წევრები მიმართავენ.

კონფლიქტის ზონაში „წითელი ჯვრის“ მექნიზმი უკვე რამდენიმე წელია მოქმედებს. დახურული ფორმატის შეხვედრებში, „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის ცხინვალის, გორისა და თბილისის ოფისების გარდა, ქართველი და ოსი სამართალდამცავებიც იღებენ მონაწილეობას. ამ ფორმატის მიმართულება ჰუმანიტარულია და ძირითადად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებას, საპატიმროებში მყოფი და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების დახმარებას ისახავს მიზნად.

XS
SM
MD
LG