Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გაყინული მოლოდინი“


გალი
გალი
ამ ოჯახებს უცნაური, გაურკვეველი ხვედრი ერგოთ. ჯერ იყო და დევნილობა დღეს-ხვალ, ერთი, ორი, სამი... წლის შემდეგ დაბრუნების იმედით. თითქმის ყველა მათგანი ახლობლის დაკარგვაზე საუბარს ტრაგედიის პრეისტორიით იწყებს და ბევრჯერ მონაყოლს კიდევ ერთხელ, იმავე გაუნელებელი მონატრებით იხსენებს.

ლიანა სანიკიძე დევნილია გალის რაიონის სოფელ აჩიგვარიდან. სექტემბრის ბოლო რიცხვები იყო, ორი ბავშვით ხელში და მშობლებთან ერთად საკუთარი სახლი რომ დატოვა. გზად სროლის ხმა ისმოდა, მაგრამ უთხრეს, უბრალო მოსახლეობას არაფერს დაუშავებენო. დედ-მამას სოფელში დარჩენა უნდოდა, მაგრამ არ დაანება. ლიანა სანიკიძე ამბობს, რომ მხოლოდ ფილმებში უნახავს მსგავსი სისასტიკე, როცა მათ წინ მიმავალი ხალხი ერთბაშად ამოხოცეს და საგანგებოდ გათხრილ ორმოში, დაჭრილი თუ გარდაცვლილი, განურჩევლად ჩაყარეს.
მთელი ექვსი თვე ვეძებდი ძმასთან ერთად. გვეუბნებოდნენ, ყველანი გადმოვიდნენ, მაგრამ გზაში რა მოუვიდათ, არ ვიცითო...

„ძალიან შემეშინდა. ბავშვები ოტობაიის გზაზე, ტყეში გადავმალე. მშობლები კი, დაბნეულმა, შუა გზაზე დავტოვე: შვილები უფრო მწარე ყოფილა. ვხედავდი, როგორ აწერდნენ ცაზე აფხაზურად „გამარჯვებას“. მერე ვიღაც მოხუცი ქალი მომიახლოვდა და ბავშვები ჩამაბარა. მითხრა, რომ მათი მშობლები სოხუმში ამოხოცეს. ფეხით როცა ინგირში მატარებლის სადგურამდე მივაღწიე, ვნახე, მშობლები არ მომყვებოდნენ. ინგირს იქითაც გადავედი. ყველას ვეკითხებოდი, ასეთი და ასეთი ხალხი ხომ არ გინახავთ-მეთქი. მთელი ექვსი თვე ვეძებდი ძმასთან ერთად. გვეუბნებოდნენ, ყველანი გადმოვიდნენ, მაგრამ გზაში რა მოუვიდათ, არ ვიცითო“, - იხსენებს ლიანა სანიკიძე.

მარინა ყალიჩავამ 1992 წლის 28 ნოემბერს, სწორედ იმ დღეს, როცა ოჩამჩირის რაიონის სოფელი კოჩარა აიღეს, ოთხი თვის ბავშვთან და დედასთან ერთად საკუთარი სახლი დატოვა. მეზობლის მანქანამ, რომელშიც ქალები შვილებთან ერთად ისხდნენ, საომარი ზონიდან სამეგრელოში გადმოინაცვლა. სამაგიეროდ, კოჩარაში დარჩა მარინას მეუღლე და მამა. ისინი პოზიციებზე იბრძოდნენ. კოჩარიდან დევნილი ქალი ამბობს, რომ მისი მეუღლე ოჩამჩირეში ბრძოლისას აფხაზებმა დააკავეს. ეგონათ, მერაბ ქიშმარია [დღეს აფხაზეთის თავდაცვის მინისტრი] დაეხმარებოდა, ვისთან ერთადაც პოლიციაში მსახურობდა.
ერთი პატიმარი იხსენებს ვიღაც კაცის ვიზიტს, რომელმაც წაიყვანა ჩემი ქმარი და მერე არ დაუბრუნებია. ვინ და სად წაიყვანეს, არავინ არაფერი იცის...

„28 ნოემბრის შემდეგ ჩემი მეუღლე არ მინახავს. მხოლოდ სამი თვის შემდეგ მამაჩემი ვიღაც აფხაზმა გადმოიყვანა აქეთ. მამას ეგონა, ქმარი ჩემთან ერთად იყო. როცა გაიგო როგორც იყო საქმე, ისევ უკან გაბრუნდა. აფხაზი ნათესავების დახმარებით ეძებდა, მაგრამ ვერც ცოცხალს და ვერც მკვდარს ვერ მიაგნო. არც დაღუპულთა სიაში აღმოჩნდა. იყო მაშინ ასეთი ოთახი „კეპეზე“, სადაც პატიმრები ჰყავდათ გამომწყვდეული. ჩემი მეუღლეც იქ ყოფილა. ერთი პატიმარი იხსენებს ვიღაც კაცის ვიზიტს, რომელმაც წაიყვანა ჩემი ქმარი და მერე არ დაუბრუნებია. ვინ და სად წაიყვანეს, არავინ არაფერი იცის. ჩემს მეუღლეს ეგონა, მერაბ ქიშმარია დაეხმარებოდა, მაგრამ...“, - ამბობს მარინა ყალიჩავა.

საომარი მოქმედებებისას უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რიგებში მოიაზრებიან ის ადამიანებიც, რომელთა დაღუპვის შესახებ ოჯახებს კი ეუწყათ, მაგრამ გარდაცვლილები არავის უნახავს. არც მათი საფლავის და ადგილსამყოფელის შესახებაა ცნობილი. გალის რაიონის სოფელ ცხერიდან დევნილი ქალის, რაია ლეჟავას შვილი, სავარაუდოდ, აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებისას დაიღუპა. დედამ მხოლოდ ის იცის, ჯემალი ბედიასა და აჩიგვარაში რომ იბრძოდა. ბევრი ეხვეწა წამოსვლის წინ სოფელში არ დაჩენილიყო, მაგრამ მისი გადარწმუნება ვერ შეძლო.

„ცნობა მომცეს მაშინ, რომ დაიღუპა. აჩიგვარაში ძლიერი აფეთქებისას დაიღუპა, მგონი. ჩემი სიძეც იქ იყო. მან შეძლო თავი დაეღწია ცეცხლისთვის, მაგრამ მითხრა, რომ ჯემალი არ უნახავს. მაშინ 31 წლის იყო. საფლავი რომ ვიცოდე, რა მიჭირს. გამოკრულ სიაში ეწერა ლეჟავა, მაგრამ არა ჯემალი, არამედ მისი ძმა, რუბენ ლეჟავა. ვცადე საგანგებო უწყებაში შეცდომაზე მიმეთითებინა, მაგრამ მაშინ მითხრეს, რომ ჯემალი იყო თუ რუბენი, ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა“, - იხსენებს რაია ლეჟავა.
ჩვენ გვყავს წარმომადგენლობა სოხუმში. სწორედ მათი დახმარებით გვინდა საფლავები მოვიძიოთ...

ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებისთვის თანადგომის მიზნით, ზუგდიდში მოქმედი ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია „ქსენონი“, „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის ფინანსური მხარდაჭერით, 2010 წლიდან პროექტს ახორციელებს. პროექტის თავდაპირველი ეტაპი გულისხმობდა პრობლემების იდენტიფიცირებას, ოჯახების გაცნობას და ამ ურთერთობებისას ნდობის გაღრმავებას. მოგვიანებით „ქსენონმა“ ფსიქოლოგიური მხარდაჭერა დაიწყო ჯგუფური და ინდივიდუალური შეხვედრების სახით, „წითელი ჯვრის“ ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში კი - მათთვის მიკროგრანტების შეთავაზება, ამბობს, „ქსენონის“ თავმჯდომარე ნინო ჯანაშია.

„კარგია, რომ ნდობითი ურთიერთობები აღდგა. დევნილების მიმღებლობა თვიდან თვემდე იცვლება. მუშაობა სამ ქალაქში: ზუგდიდში, სენაკში და ფოთში დაიწყო. ყველაზე რთული ჯგუფი ეს უკანასკნელი აღმოჩნდა. იზოლირების განცდა მათ უფრო აქვთ. ვფიქრობთ, ეს იმის გამოა, რომ აქ არასამთავრობო სექტორი ნაკლებ არის განვითარებული“, - ამბობს „ქსენონის“ თავმჯდომარე ნინო ჯანაშია.
კახა ხასაია

„წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის ზუგდიდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კახა ხასაია იხსენებს ორგანიზაციის საქმიანობას, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების დასახმარებლად რომ წამოიწყეს ჯერ კიდევ 1998 წელს. მაშინ კონფლიქტის ორივე მხარეს შექმნილ სათანადო კომისიებს, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობდნენ, „წითელი ჯვარი“ ტექნიკურად ეხმარებოდა. 2003 წელს, როცა ორგანოებმა შეაჩერეს აქტივობები, ორგანიზაცია „პასიურ რეჟიმში“ გადავიდა. შვიდი წლის შემდეგ, ახალი პროექტის ფარგლებში, ხელახლა სათითაოდ მოიძიეს ის ადამიანები, რომლებიც თავდაპირველ ბაზაში ირიცხებოდნენ. კახა ხასაია ამბობს, რომ მონაცემებს კიდევ ოცდაათამდე ოჯახი შეემატა. მათ „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტს დაკარგული ახლობლის მოძიების თხოვნით მიმართეს. ზუგდიდის კომიტეტის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თქმით, ხშირ შემთხვევაში ადამიანებმა იციან, რომ ნათესავი დაღუპულია, მაგრამ მათთვის დღემდე უცნობია საფლავის ადგილსამყოფელი.

„მოგეხსენებათ, ჩვენ გვყავს წარმომადგენლობა სოხუმში. სწორედ მათი დახმარებით გვინდა საფლავები მოვიძიოთ. დღეს, ჩვენი მხარდაჭერით, ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს, რომ მოხდეს ასეთი ადგილების ექსჰუმაცია, მათი იდენტიფიცირება და ოჯახის წევრებთან დაკავშირება“, - განმარტავს კახა ხასაია.

ზუგდიდში „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი იხსენებს კონკრეტულ შემთხვევას, როცა, 2003 წლის მონაცემთა თანახმად, ადამიანი დაკარგულად ითვლებოდა, შვიდი წლის შემდეგ კი, ხელმეორე ბაზის ფორმირებისას, ცოცხალი აღმოჩნდა. სამწუხაროდ, მსგავსი ფაქტი კახა ხასაიას თქმით, მათ პრაქტიკაში ერთადერთია. ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია „ქსენონის“ თავმჯდომარე ნინო ჯანაშია ამბობს, რომ, მიუხედავად ორი ათეული წლის ინტერვალისა ომიდან დღემდე, დევნილები ჯერ კიდევ ელოდებიან ინფორმაციას დაკარგული ახლობლების შესახებ. ეს არის „გაყინული მოლოდინი“, რომელიც წლების განმავლობაში მძაფრდება.
XS
SM
MD
LG