Accessibility links

30 აგვისტო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღსანიშნავად საქართველოს რამდენიმე ქალაქში დაკარგულების ახლობლები შეიკრიბნენ. ღონისძიების ორგანიზება წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრმა, ფონდმა „მოლოდინმა“ და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ითავა.

ადამიანის უგზო-უკვლოდ გაუჩინარების მიზეზები სხვადასხვაა. უშუალოდ საქართველოში ყველაზე მეტად კონფლიქტების შედეგად იკარგებიან.

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის წარმომადგენლის სოფო ტაბაღუას თქმით, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახები განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებენ. ახლობლის გაუჩინარება ორმაგ სტრესს იწვევს, რადგან დაკარგულს ვერც ცოცხალს პოულობენ და ვეღარც გარდაცვლილს.

„არ იციან მათი ოჯახის წევრის ბედ-იღბალი, ცოცხალია თუ გარდაცვლილი. ეს იწვევს სხვადასხვა სახის სირთულეებს როგორც სხეულის, ანუ სომატურ დონეზე, ასევე ფსიქოლოგიურ დონეზე; იწვევს მათ სოციალური იზოლაციას. ეს არის ტრავმა, რომელიც სამყაროსთან უკეტავს მისასვლელს. ყოველთვის აქვთ განცდა, რომ მათი არავის ესმის“.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროცესში ერთ-ერთი მთავარი მონაწილე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტია. დღემდე წელიწადში ორჯერ იკრიბებიან ორმხრივი და სამმხრივი კომისიები, რათა კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა ერთმანეთში ინფორმაცია გაცვალონ. ჯერ კიდევ დარჩენილია სამარხები, რომლებშიც შეიძლება დაკარგულებიც აღმოჩნდნენ. წითელი ჯვრის წარმომადგენელი ნიკა ჩანადირი ამბობს:

„წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი განაგრძობს თავის გრძელვადიან დახმარებას შესაბამის მხარეებთან, რათა მათ უზრუნველყონ ოჯახების უფლება, იცოდნენ, თუ რა ბედი ეწიათ მათ უგზო-უკვლოდ დაკარგულ ახლობლებს. ძირითადად ეს არის ჰუმანიტარული შეხვედრების ორგანიზება, სასამართლოს მეშვეობით უგზო-უკვლოდ დაკარგულთა იდენტიფიცირების ხელშეწყობა; ამასთან, მონაცემთა შეგროვება და მართვა უგზო-უკვლოდ დაკარგულებთან დაკავშირებით“.

ჯიმშერ ლეთოდიანმა აფხაზეთის ომის დროს მამა, ვალიკო ლეთოდიანი, დაკარგა. ის ოჩამჩირის რაიონ სოფელ არადუში ცხოვრობდა. გადმოცემით იცის, რომ მამა მკვდარი ჰყავს, თუმცა მისი ნეშტისთვის ჯერ არ მიუკვლევიათ.

„მათ ეგონათ, რომ სოხუმი არ დაცემულა. 29-ში გამოსვლისას 48 კაცი იჯდა „კამაზზე“. იქიდან ყველა გაწყვიტეს, მარტო ორი გადარჩა“.

ამირან ნორაკიძის შვილი სოხუმს ომის ბოლო დღეებში იცავდა. ამირან ნორაკიძემ იცის, რომ მისი შვილი მკვდარია, მაგრამ მისი ნეშტი ვერც მან იპოვა:

„ქალაქის პოლიციის სამმართველოს უფროსი იყო პოლკოვნიკი რაფავა. ამ რაფავამ შეკრიბა ჯგუფი, ამ ჯგუფში იყო ჩემი შვილი. ისინი გადაუდგნენ თავდამსხმელებს და სადღაც ორი დღის განმავლობაში არ მისცეს საშუალება, ქალაქში შემოსულიყვნენ და ხალხი ამოეხოცათ“.

სოფო ტაბაღუა ამბობს, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულები რაღაცნაირად მივიწყებულები არიან. ოჯახის წევრები ხშირად ნატრობენ, ჰქონდეთ რაღაც ადგილი, თავიანთი ახლობლების მოსაგონებლად. 30 აგვისტოს ღონისძიებებიც სწორედ იმისთვის დაიგეგმა, რომ ამ ოჯახებს ერთმანეთთან შეხვედრისა და საზოგადოებასთან საკუთარ პრობლემებზე საუბრის საშუალება მიეცეთ.

„ერთ-ერთმა ჩვენმა ბენეფიციარმა ქალბატონმა, რომელსაც დედა ჰყავს გაუჩინარებული, თხოვნით მოგვმართა, იქნებ ყოფილიყო რამე ადგილი, სადაც შეძლებდა დედის სახელზე ფინჯანი ყავა მიეტანა, მიეტანა სააღდგომო კვერცხი, სანთელი დაენთო, ამბავი მოეყოლა... ასეთი ადგილი ამ ადამიანებს არა აქვთ. არის ადგილი უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედროებისთვის, მაგრამ სამოქალაქო პირებისთვის კი - არა“.

ამჯერად საერთაშორისო ექპერტები აფხაზეთში ექსჰუმაციის შედეგად ამოღებულ ნეშტებზე მუშაობენ. პირველი შედეგები დაახლოებით წლის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.
XS
SM
MD
LG