Accessibility links

logo-print

უკვე ორ კვირაა, რაც თბილისში 13-14 ივნისს სტიქიით დაზარალებული ათობით ოჯახი ღამეს სასტუმროებში, ახლობლებსა თუ ნათესავებთან ათევს. დაზარალებული ოჯახების ნაწილს დედაქალაქის მერიამ ბინები უკვე დაუქირავა, ნაწილისათვის კი საცხოვრებელი ფართის ძებნა დღემდე გრძელდება. ზარალის ანაზღაურებას ელის ის ხალხიც, ვისი სახლიც მოვარდნილმა მდინარე ვერემ წაიღო და ქონება საერთოდ აღარ გააჩნია. რას გეგმავს თბილისის მთავრობა, როდის შეძლებენ სტიქიით დაზარალებულები შინ დაბრუნებას და როდის აუნაზღაურდებათ ზარალი მათ, ვინც ერთ ღამეში მთელი ქონება დაკარგა?

13-14 ივნისის სტიქიით დაზარალებული თამარ ჯანელიძის ექვსსულიანი ოჯახი ამ დრომდე სასტუმრო „ლევილში“ ცხოვრობს. დღე-დღეზე ქირით საცხოვრებლად უნდა გადავიდნენ. იქ იმდენ ხანს დარჩებიან, სანამ მათი სახლი არ გარემონტდება. თამარი ამბობს, რომ სასტუმროში, საკუთარი სახლისგან მოშორებით ცხოვრება ადვილი არ არის, თუმცა უყურადღებობას არ უჩივის. იმედი აქვს, რომ მაქსიმუმ ორ თვეში სახლში დაბრუნდება:

„სადმე ბინა უნდა ვიქირაოთ და იქ წავალთ. სანამ ჩვენი სახლი გარემონტდება და შინ დაბრუნებას შევძლებთ, ასე ვიცხოვრებთ. მერია გვიხდის 700 ლარს და თუ ჩვენ ვერ მოვძებნით, მათაც შეუძლიათ გვიპოვონ საცხოვრებელი. მაგრამ ჩვენ მაინც გვირჩევნია ჩვენი გემოვნებით ვიპოვოთ. ოჯახში ექვსნი ვართ და რადგან ზაფხულია, გვირჩევნია სადმე თბილისის შემოგარენში ვიქირაოთ, ბავშვები გვყავს და ამ სიცხეში ცოტა დასვენებაც რომ გამოგვივიდეს“.

დღგ-ს ჩათვლით, ბინის ქირა რვაასი ლარია. მაგ ფასად რვასულიანმა ოჯახმა რა უნდა ვიპოვოთ, არ ვიცით. ჯერ არაფერი ჩანს. ერთ და ორსულიან ოჯახებს უფრო მარტივად აქვთ საქმე და მე ჯერ ვერ ვშოულობ ასეთ ბინას...

პეტრე გელაშვილიც მოლოდინშია. ჯერჯერობით არც მის სახლში იცხოვრება. არც ის იცის, როდის დაბრუნდება შინ ან დაბრუნდება თუ არა, საერთოდ, რადგან, როგორც ჩვენთან საუბარში აცხადებს, ჯერჯერობით მისთვის არავის უთქვამს, არის თუ არა უსაფრთხო იმავე სახლში ცხოვრება. პეტრეც, თამარის მსგავსად, „ლევილში“ რჩება. მისი რვასულიანი ოჯახის წევრთა ნაწილი ახლობლებთანაა შეფარებული. ჯერჯერობით ამხელა ოჯახისათვის შესაფერისი ბინა, რომელსაც მერიის მიერ ქირისათვის გამოყოფილი თანხა ეყოფოდა, ვერ იპოვა:

„დღგ-ს ჩათვლით, ბინის ქირა რვაასი ლარია. მაგ ფასად რვასულიანმა ოჯახმა რა უნდა ვიპოვოთ, არ ვიცით. ჯერ არაფერი ჩანს. ერთ და ორსულიან ოჯახებს უფრო მარტივად აქვთ საქმე და მე ჯერ ვერ ვშოულობ ასეთ ბინას. თან, ბავშვები სკოლაში საბურთალოზე დადიან და არ ვიცი, რა და როგორ იქნება“.

წყალდიდობის შედეგად დანგრეული სახლი

წყალდიდობის შედეგად დანგრეული სახლი

აღარ არსებობს არც ირაკლი კუპატაძის ოჯახის ორსართულიანი სახლი, აუზით და ხეხილიანი ეზოთი. მდინარე ვერემ რამდენიმე მეზობელ სახლთან ერთად კუპატაძეების კუთვნილი ქონებაც წალეკა. მათ უკვე დაწერეს განცხადება გამგეობაში და ახლა ელიან, რას შესთავაზებს სახელმწიფო:

„მერიაშიც ვიყავით. კითხვარი შეგვავსებინეს, მონაცემებიც აქვთ, რა ქონება გვქონდა და რა დაიკარგა. იმის შემდეგ ჯერჯერობით არაფერი ისმის. ჩვენც ველით, რა იქნება. ჩვენ გვქონდა ეზო და 150 კვადრატული საცხოვრებელი ფართი. ფულადი ანაზღაურება იქნება თუ როგორ გადაწყვეტენ, ჯერ არ ვიცით“.

ვაკის რაიონის გამგებელი ლაშა აბაშიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ სტიქიით დაზარალებული და სასტუმროებში დროებით შესახლებული ოჯახების დიდ ნაწილს თბილისის მთავრობამ ბინები უკვე უქირავა:

განსახლების გეგმა შეეხებათ იმ ადამიანებს, ვინც სტიქიის ზონაში ცხოვრობდნენ და დაზარალდნენ. მათი ქონება უკვე აღვწერეთ და ისინი მიიღებენ მათი ქონების ღირებულების ადეკვატურ თანხას, რომლითაც ისინი შეძლებენ იყიდონ მათთვის შესაბამისი საცხოვრებელი სახლი თუ ბინა...

„დაზარალებული მოსახლეობის 85 % სასტუმროებიდან უკვე გამოვიყვანეთ და ქირით საცხოვრებლად გავიყვანეთ. სულ მალე უნდა დამტკიცდეს კომპენსაციის შესახებ წესი, რომლის თანახმად დავაკმაყოფილებთ ამ ოჯახებს და ავუნაზღაურებთ ზარალს“.

კითხვით, როგორი იქნება კომპენსაციის გადახდის წესი და ვის როგორ აუნაზღაურებენ ზარალს, ჩვენ თბილისის მერის მოადგილეს ირაკლი ლექვინაძესაც მივმართეთ. მისი თქმით, დაზარალებულების იმ ნაწილს, ვისი ყოფილი ეზო თუ კარმიდამო მომავალში საშიშია საცხოვრებლად, ე. წ. განსახლების გეგმა შეეხება:

„განსახლების გეგმა შეეხებათ იმ ადამიანებს, ვინც სტიქიის ზონაში ცხოვრობდნენ და დაზარალდნენ. მათი ქონება უკვე აღვწერეთ და ისინი მიიღებენ მათი ქონების ღირებულების ადეკვატურ თანხას, რომლითაც ისინი შეძლებენ იყიდონ მათთვის შესაბამისი საცხოვრებელი სახლი თუ ბინა. მოკლედ, ეს შეეხება იმ ხალხს, ვისაც სახლი ან აღარ აქვს, ან აქვს, მაგრამ შიგ აღარ იცხოვრება, რადგან ის ტერიტორია საცხოვრებლად საშიშია“.

რაც შეეხება დანარჩენ ოჯახებს:

სტიქიის ზონაში 14 ივნისი 2015 წ.

სტიქიის ზონაში 14 ივნისი 2015 წ.

„ის ოჯახები, ვისი კუთვნილი სახლიც დაზიანდა, მაგრამ მისი აღდგენა ვეღარ მოხერხდება, მიიღებენ საცხოვრისს სულადობის მიხედვით. ვგულისხმობ, მაგალითად, ორსულიან ოჯახზე გათვლილი ბინის ადეკვატურ ღირებულებას, სამსულიანზე, ოთხსულიანზე და ა.შ. შეფასდება სტიქიამდე მათი კუთვნილი ქონება და ამის ადეკვატური კომპენსაცია გადამრავლდება მათთვის განკუთვნილ საცხოვრებელ ფართებზე. ხოლო ვისი ბინაც დღეს დაზიანებულია, მაგრამ აღდგენა შესაძლებელია, ჩვენ ამ სახლებს აღვადგენთ და ისინი დაბრუნდებიან შინ“.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, კომპენსაციის გადახდის წესისა და განსახლების გეგმის დეტალები მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი და სწორედ ამის შემდეგ დაიწყება დაზარალებული მოსახლეობის დაკმაყოფილება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG